Wednesday, May 13, 2020

მაია ცერცვაძე

 წარავლინეს ექსორიად ციმბირისკისა ქალაქსა შინა“ - 
თამარ ბატონიშვილი სიმბირსკში

დაიბეჭდა ურნალში  „ჩვენი მწერლობა“,  #16 (146), 2011 წლის 5 აგვისტო 


მეფე ერეკლე მეორის შვილიშვილი, ბატონიშვილი თამარ იულონის ასული (1791-1857) თვალსაჩინო ფიგურაა 1832 წლის შეთქმულებაში. მისი  ცხოვრების, როგორც ქართული ისტორიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი საკითხის შესწავლით, დიდი ხანია, დაინტერესდნენ ქართველი მკვლევრები. ისინი ერთხმად მიუთითებენ ამ გამორჩეული ქალის დიდ სულიერებასა და შემართებაზე, ქვეყნისთვის თავდადებაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, ჭკუაზე. როგორც ცნობილია, იგი შეთქმულების წარმატების შემთხვევაში დროებით მონარქადაც იგულისხმებოდა იმ დრომდე, სანამ სხვა მამაკაცი ბაგრატიონები თბილისში ჩამოვიდოდნენ. თამარ ბატონიშვილი იყო მუზა ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისთვის სასურველი საცოლეც კი ერთი თანამედროვის გადმოცემით.
შეთქმულების საგამომძიებლო კომისიამ თამარ ბატონიშვილი მესამე კატეგორიის დამნაშავედ ანუ ისეთ პირად სცნო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულებაში და თანახმა იყო აჯანყებისა. იგი დააპატიმრეს 1833 წლის 24 თებერვალს, შემდეგ სიმბირსკში გადასახლება მიუსაჯეს. ბიოგრაფთა ნაწილი ვარაუდობს, რომ თამარ ბატონიშვილი, სასჯელის დადების შემდეგ, მალევე შეიწყალეს და სიმბირსკში არ გაუმგზავრებიათ. ყოველ შემთხვევაში ბევრი არაფერია ცნობილი მისი ცხოვრების სიმბირსკულ პერიოდზე. ამ საკითხს ნათელს ჰფენს რუსულ საისტორიო გამოცემა «Русская Старина»-ში [1] სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მოგონებანი ორი რუსი სახელმწიფო მოხელისა, თამარ ბატონიშვილის სიმბირსკში ცხოვრების თვითმხილველებისა. ესენია სტოგოვი ერაზმ ივანეს ძე (1797-1880) - ციმბირის ისტორიკოსი, რომელიც 1834-1839 წლებში სიმბირსკში ჟანდარმერიის შტაბ-ოფიცერი იყო და ჟირკევიჩი ივანე სტეფანეს ძე (1789-1848) - რუსეთის გენერალ-მაიორი, მწერალი-მემუარისტი, რომელიც 1834 წელს დაინიშნა სიმბირსკის გუბერნატორად. აღნიშნული მემუარები, ამ თავისთავად საყურადღებო ლიტერატურული ჟანრის სხვა ნიმუშების მსგავსად, შესაძლოა, ბევრ დასაზუსტებელ ცნობას გვაწვდის, მაგრამ, ვფიქრობთ, მათი გაცნობის შემდეგ თამარ ბატონიშვილის გამგზავრება სიმბირსკში და მის მიერ იქ გატარებული დღეები ეჭვს აღარ იწვევს. იმედს გამოვთქვამთ, ქართველი მკითხველი დიდი გულისყურით გაეცნობა თვითმხილველთა მოგონებების იმ ფრაგმენტებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ქართველი ბატონიშვილის თამარ იულონის ასულის ცხოვრების სიმბირსკულ ეპიზოდებს, გარეგნობას, სამშობლოს მოშორებით გამოწვეულ სევდა-ნაღველს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ღირსეული ქართველი ქალისადმი მის იქაურ ზედამხედველთა არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ასახავს.
  
ჟირკევიჩი ივანე სტეფანეს ძე [2]

 ჩანაწერები
თავადის ასული თამარი

სიმბირსკიდან გამგზავრების წინადღეს მან (ლაპარაკია ნიკოლოზ მიხეილის ძე ლონგინოვზე [3] – .) დაჟინებით მთხოვა რამე დამევალებინა პეტერბურგში. დიდხანს ვეუბნებოდი უარს დავალების მიცემაზე, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა, არ მეშვებოდა. ბოლოს დავყაბულდი: კეთილი, თქვენო უმაღლესობავ! რადგან თავად გსურთ, იყოს ასე. რაღაც რომ გთხოვოთ, თქვენს სიტყვას უკან ხომ არა წაიღებთ?
_ შეეცადეთ! გარწმუნებთ, არ გაგაწბილებთ!
 აქ, სიმბირსკში ერთი თავადის ასულია, თამარი, მისი იმპერატორობითი  უდიდებულესობა იმპერატრიცას ფრეილინა. 6 წლის წინათ გადმოასახლეს საქართველოდან, ტფილისში ქართველი თავადების შეთქმულების გამჟღავნებასთან დაკავშირებით. არას გეტყვით ამ უბედური ტანჯულის ცხოვრების წესზე! თქვენო უმაღლესობავ - ჩვენი საუბრებიდან იცით, რომ სიმბირსკში, სხვა საგუბერნიო ქალაქთა მსგავსად, სხვადასხვა პარტიები თანაარსებობენ. მე კონკრეტულ პირზე არ მიგითითებთ, თავად აირჩიეთ, ვისაც ისურვებთ ყოველი პარტიიდან და ჰკითხეთ, რა აზრისაა თავადის ასულ თამარზე. შემდეგ კი აწონ-დაწონეთ ჩემი თხოვნა. მან რამდენჯერმე მისწერა გრაფ ბენკენდორფს[4], ბარონ როზენს[5], სხვებსაც. ყველასგან ერთნაირი პასუხი მიიღო  არ შემიძლია საკუთარ თავზე ავიღო და ხელმწიფეს თქვენზე მოვახსენოო. ინახულეთ ეს ქალი და თავად გადაწყვიტეთ, რა შეიძლება მისთვის გააკეთოთ.
 ეხლავე წავიდეთ მასთან - შემომთავაზა . . ლონგინოვმა, მაგრამ მე უარი ვუთხარი იმის გამო, რომ გუბერნიის ხელმძღვანელი ვიყავი, თავადის ასული ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გაემწესებინათ და შეიძლება ამით საბაბი მიმეცა, ჩემზე ეფიქრათ, თავს არიდებს დაკისრებულ მოვალეობებსო. ლონგინოვი წავიდა.
ამ ამბავს შედეგად მოჰყვა ლონგინოვის წერილი, ჩემთვის მოსკოვიდან გამოგზავნილი, ხოლო ხელმწიფის მოსვლის შემდეგ [6] - თავადის ასულის სახლში დაბრუნების ნებართვა.
თავადის ასული თამარი მე თავად არ მინახავს, მაგრამ ჩემს გამგზავრებამდე სამი დღით ადრე ის მადლობის გადასახდელად მოსულა ჩემს ცოლთან, თან მოუტანია საყურე, ორი მსხვილი მარგალიტით შემკული და ოქროს ძეწკვი  ჩემი ქალიშვილისთვის სახსოვრად. ჩემი მეუღლე გაუფრთხილებლად მოიქცა და საჩუქარი აიღო, მაგრამ იმავე დღეს მისი უკანვე დაბრუნება მოუხდა.“

«Русская Старина» 1890 . ივლისი
რუსულიდან თარგმნა მაია ცერცვაძემ

სტოგოვი ერაზმ ივანეს ძე [7]

ნარკვევები და მოთხრობები
თამარ ბატონიშვილი

არ მახსოვს, ზუსტად როდის მოიყვანეს სიმბირსკში ტფილისიდან თამარ ბატონიშვილი. ის ჩემი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციეს. არ იფიქროთ, ეს თამარი ლერმონტოვისას რამეთი ჰგავდა. არა, სულაც არა. მაღალი იყო, ვიწრო მხრებით, ფიცარივით ტანით, გრძელი, წმინდა სომხური სახე ჰქონდა, ასე 50 წელს მიტანებული იქნებოდა. თვალცრემლიანი მოიყვანეს და მერეც, რამდენჯერაც არ შევიდოდი მასთან, სულ ცრემლად იღვრებოდა, მუდამ ერთსა და იმავე პოზაში მხვდებოდა: იატაკზე იჯდა თავის მსახურთან ერთად და აბურდულ ფერად აბრეშუმის ძაფებს არჩევდა. არ მენახულა, არ შეიძლებოდა, არადა მისი ნახვა სასჯელად მექცა: არ მიყვარს მტირალა ქალი, თუგინდ მშვენიერიც. იმასაც კი დიდხანს ვერ ვუძლებ, ნორჩი ასულის ცრემლს კიდევ აიტანს კაცი. იმის მტკიცებას არ მოვყვები, რამდენ ხანს მიწყალებდნენ გულს თამარის ცრემლები. გადავწყვიტე, ხელმწიფის მობრძანებით მესარგებლა და ამ მტირალასგან როგორმე თავი დამეხსნა. დავწერე გულისამაჩუყებელი წერილი და გრაფ ბენკენდორფს შევეხვეწე, ხელმწიფისთვის თამარის შეწყალება ეთხოვა; საღამოს პირი იყო, გრაფმა მომაძახა:  თავიდან მომწყდი, მეძინება, ადლერბერგთან[8]  წადი, ის ყველას შუამდგომლობს... “მივედი სიკეთით სავსე ადლერბერგთან; გავუწოდე ნაწერი და დავუწყე ხვეწნა. ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ მაინც გთხოვთ, ირწმუნოთ ჩემი სიტყვები. როცა გრაფს შევთხოვდი, ხუთიოდ კურცხალი ჩამომიგორდა ლოყაზე. ღმერთმანი, არ ვტყუი! გრაფმა თანაგრძნობით მკითხა:  ასე ახლოს მიგაქვთ გულთან?“ არ მითქვამს, რომ ამ ქალმა თავი მომაბეზრა. მოწყალე გრაფი მაშინვე ხელმწიფესთან გაემართა და თამარის შეწყალების საბუთი გამოიტანა. ვუბრძანე გაეღვიძებინათ ბატონიშვილი და ეს სასიხარულო ამბავი მისთვის ეცნობებინათ.  მისი მადლიერების გამომხატველი სცენის აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ. სიმართლეს თუ ვიტყვი, არც ის იყო დიდად სასიამოვნო. ოთხი დღის შემდეგ ბატონიშვილი თამარი ჟანდარმის თანხლებით ტფილისში გავამგზავრე [9], იქ მას ოცი კარეტით შეგებებიან. ღმერთმა მშვიდობით ამყოფოს!“

«Русская Старина» 1878 . დეკემბერი
რუსულიდან თარგმნა მაია ცერცვაძემ


[1]«Русская Старина» - ყოველთვიური საისტორიო გამოცემა, გამოდიოდა სანქტ-პეტერბურგში 1870-1918 წლებში. ჟურნალის მიზანი იყო პეტრე I-ის შემდგომი პერიოდის რუსეთის ისტორიის გაშუქება. მისი ფურცლები უმთავრესად ჩანაწერებს, მოგონებებს, დღიურებს და ავტობიოგრაფიებს ეთმობოდა.
[2] ჟირკევიჩი ივანე სტეფანეს ძე (1789-1848) - რუსეთის გენერალ-მაიორი, ნაპოლეონთან ომების მონაწილე, მწერალი-მემუარისტი. 1834 წელს დაინიშნა სიმბირსკის, ხოლო 1836 წელს ვიტებსკის  გუბერნატორად. 1838 წლიდან, სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ხელი მიჰყო ლიტერატურულ საქმიანობას. მისი ჩანაწერები ქვეყნდებოდა «Русская Старина»-ში.
[3] ლონგინოვი ნიკოლოზ მიხეილის ძე (1779-1853) – ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი, სენატორი, სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1812 წელს იმპერატრიცა ელისაბედ ალექსის ასულის მდივანი.
[4] ბენკენდორფი ალექსანდრე ქრისტეფორეს ძე (1783-1844) – სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ნიკოლოზ I–ის პირადი მეგობარი, მძლავრი სადამსჯელო ორგანიზაციის - მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საკუთარი კანცელარიის III განყოფილების ხელმძღვანელი. დავალებული ჰქონდა .. პუშკინის ზედამხედველობა. თან ახლდა იმპერატორს ყველა მის მოგზაურობაში რუსეთში და საზღვარგარეთ, უკანასკნელ დღემდე პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობებს.
[5] როზენი გრიგოლ ვლადიმერის ძე (1782-1841) – ბარონი, წარმომავლობით ესტონელი, რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, საქართველოს მთავარმართებელი 1831–1837 წლებში. 1837 წელს ნიკოლოზ I-ის კავკასიაში ვიზიტისას, სენატორმა პავლე განმა მხარის მმართველობის მდგომარეობა იმპერატორს მუქ ფერებში დაუხატა. ბარონი გრიგოლ როზენი დაუყოვნებლივ გაიწვიეს და მთავარმართებლად ევგენი გოლოვინი დანიშნეს.  მისი ქალიშვილი ლიდია გრიგოლის ასული (1816-1866) გათხოვილი იყო ქართველ თავადზე ალექსანდრე ლევანის ძე დადიანზე (1800-1865).
[6] იგულისხმება რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ  I-ის სიმბირსკში ჩასვლა 1836 წელს.
[7] სტოგოვი ერაზმ ივანეს ძე (1797-1880) - ციმბირის ისტორიკოსი; საზღვაო კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ მსახურობდა კამჩატკაზე, შემდეგ ირკუტსკში; 1834-1839 წლებში სიმბირსკში იყო ჟანდარმერიის შტაბ-ოფიცერი. 1878 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალში «Русская Старина», რომელშიც დაბეჭდილია მისი ჩანაწერები. ერაზმ სტოგოვი  პოეტ ანა ახმატოვას პაპაა დედის მხრიდან.
[8] ადლერბერგი ვლადიმერ თევდორეს ძე (1791-1884) _ გრაფი, წარმოშობით შვედი, გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი, საფოსტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საიმპერატორო კარისა და საუფლისწულო მამულის მინისტრი. 1829 წლიდან თან ახლდა ხელმწიფეს ყველა მოგზაურობაში და ეჭირა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სალაშქრო კანცელარიის უფროსის თანამდებობა.  მისი შვილიშვილი მარიამ ალექსანდრეს ასული ადლერბერგი  (1849-1926) ცოლად ჰყავდა სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს (1847-1866).
[9] რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I სიმბირსკში იმყოფებოდა 1836 წლის 22-23 აგვისტოს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თამარ ბატონიშვილი საქართველოში გამოემგზავრა და დაბრუნდა იმავე წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.

ლიტერატურა:

1.  გოზალიშვილი. „1832 წლის შეთქმულებაწინასიტყვაობამასალებიკომენტარები. 1 მერანითბილისი, 1935 .;
2.  გოზალიშვილი.1832 წლის შეთქმულებაწინასიტყვაობამასალებიკომენტარები
    ტ. 2 მერანითბილისი, 1970 .;
3.  გოზალიშვილი. „1832 წლის შეთქმულებაწინასიტყვაობამასალებიკომენტარები. 3 მერანი”, თბილისი, 1970 .;
4.  . ცაიშვილი.  მასალები ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვისლიტერატურის მატიანე #1-2, 1940;
5.  აბაშიძე. „პოლიტიკური რომანტიზმი (1832 შეთქმულება). ქართული მწერლობატომი 28. ნაკადული. 2007 .;
6.  მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვისწიგნი II. მეცნიერებათბილისი, 1980 ;
7.  პაპავაქართველი ქალი და 1832 წლის შეთქმულება წიგნიდან დიდი სახეეები პატარა ჩარჩოებში.“ თბილისი, 1990 ;
8.  ხომერიკი. 1832 წლის შეთქმულების მონაწილე თამარ ბატონიშვილიკლიო. 2002. #16. გვ. 24–34.
9.  ჯოლოგუაშეთქმული ქალები (თამარ ბატონიშვილი)ჟურნალი ქართული მწერლობა. #8, აგვისტო,  2010 .