მაია ცერცვაძე
ზვიად გამსახურდიას ლექსის ევფონია –
პოეტური კრებულის
„მთვარის ნიშნობა“ მიხედვით
წაკითხულია ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან
80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის 10 აპრილს. დაიბეჭდა კონფერენციის მასალების კრებულში: „ზვიად გამსახურდია - პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა“, „არტანუჯი“, „უახლესი ისტორიის ცენტრი“, 2020
1989
წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა ზვიად გამსახურდიას პოეტური კრებული „მთვარის ნიშნობა“. იგი მოიცავს 36 ლექსსა და ორ პოეტურ ციკლს: „კოსმიური წირვა“
და „ტერენტი გრანელი“.
კრებულის
წინასიტყვაობაში ავტორი პოეზიაში მუსიკის გამოუთქმელ სტიქიასა და მის შეუცნობადობაზე
საუბრობს. იგი წერს:
„ენა
მუსიკალური სტიქიონის ცნობიერი გამოცხადებაა და არა მარტოოდენ „ნიშანთა სისტემა“. ენა
შეითავსებს რაციონალურ და ირრაციონალურ საწყისებს. მუსიკის გამოუთქმელი სტიქია მარად
შეუცნობი რჩება პოეტურ სიტყვაში, მისი ანარეკლია ევფონია, რიტმი და გლოსსოლალია“ (გამსახურდია,
1989:3).
ზვიად
გამსახურდიას ლექსები გამოირჩევიან მეტად მდიდარი ევფონიური მხარითა და ბგერწერული
მრავალფეროვნებით, რაზეც შევეცდებით შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება.
ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში აღნიშნულია,
რომ „ყოველი
ენისა და მისი პოეზიის ფონიკა თვითმყოფი, თითქმის
დამოუკიდებელი მოვლენაა. მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზია ამ მხრივ საგანგებო
შესწავლას მოითხოვს“
(დოიაშვილი, 2012: 275).
წარმოდგენილი
მოხსენება ქართული პოეზიის ბგერწერის ამ საგანგებო კვლევაში ზვიად გამსახურდიას პოეზიის
ჩართვის ერთ-ერთ ცდად გვესახება.
როგორც
ცნობილია, ლექსის ევფონიას თავისი სახეები და ფორმები აქვს - ალიტერაცია, ასონანსი, რითმა, ბგერათკომპლექსების
გამეორება და სხვ. მოვიხმოთ და განვიხილოთ
მათი მაგალითები კრებულიდან.
ალიტერაცია კრებულის მრავალ, თითქმის ყველა პოეტურ ნიმუშში გვხვდება.
მათი სიუხვითა და ალიტერირებულ ბგერათა სიხშირით
გამორჩეულია ლექსები „ვეფხისტყაოსნის სიმფონია“, „მარაბდა“, „ქაშვეთი“, „მთაწმინდა“,
რომლებშიც პოეტი უმაღლეს ოსტატობას ავლენს კეთილხმოვანების თვალსაზრისით.
ალიტერაციის
სანიმუშაოდ შეიძლება დავასახელოთ სტრიქონული ალიტერაციები:
„გაჭრად
იჭურვის ჭარმაგოსან ჭაბუკთა ჭმუნვა, (ჭარ ბგერის
ალიტერაცია)
სული
სათთა და სპეტ-სოსანთა იფრქვევა ნაზი, (სან
ბგერის ალიტერაცია)
ბროლის
კუბონი, ბროლ-ბაკმათნი მზეობენ მუნვე“ (ბან
ბგერის ალიტერაცია);
„სიხაფე
ხაფთა და მათრახით ხლეჩა ხორცისა“ (ხარ ბგერის
ალიტერაცია);
(„ვეფხისტყაოსნის
სიმფონია“) (გამსახურდია, 1989:12);
„იშხანი,
ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული“ (ხარ ბგერის ალიტერაცია);
(„მესხეთისადმი“) (გამსახურდია, 1989:8);
„რაში
რაშობდა რუში რებული“ (რაე და შინ ბგერის ალიტერაცია)
(„კონსტანტინე ჭიჭინაძისადმი“) (გამსახურდია, 1989:30).
ლექსებში
ხშირია ალიტერაციის ისეთი შემთხვევები, როცა ალიტერირებული ბგერა ერთ სტრიქონს სცდება
და მეორეში გადადის, ხან კი ის მთელ სტროფში, რამდენიმე სტროფსა და ლექსის ყველა სტროფშიც
კი გვხვდება. მაგალითისთვის:
„მულღაზანზარულ მუზარადთა ზმათ და ზარებათ,
ზეიდალთაებრ
მზე-ზარნიშით მბზინვარე ზღვათა,
ზედგამზრახველთა
არგამწირავთ მუქაფის ზღვადა,
ზეგარდმო
ქნარნი მუნ ამკობენ ზეშთა ზარებად“ (ზენ ბგერის ალიტერაცია).
(„ვეფხისტყაოსნის სიმფონია“) (გამსახურდია, 1989:12);
„წლები ჩამიწებულან წრომში
წრომი ქვით ნაგები ემბაზი
წარმავლობის სიმწარეში
ფიქრობს სამებაზე“ (რაე
და წილ და ბგერების ალიტერაცია)
(„წრომი“) (გამსახურდია, 1989:10);
„იკმარა საუნჯე ფსკერზე დამარხული
ალ
სულში ალები ალობენ,
ჩრდილი
კი კირჩხიბის ზოლზე გადახრილა
და
ცის სერაფიმნი
სულისა
სალხენად მისისა გალობენ“
(ლას და სან ბგერების ალიტერაცია)
(„BAGATELLE“)
(გამსახურდია, 1989:29);
„თვალი ჟრუნ-იისფერ ტრანსებში მყვინთავი,
სთველი
თავ-უთვალავ თაველს თოვს ოქროვანს,
სამყარომ
იუფლა, ქარგავდა ვინ მთა-ველს,
ვინაც
მოაცილა ცა იმ საქაროვნეს...“…
(ვინ და თან ბგერების ალიტერაცია პირველ სამ სტრიქონში და ცან ბგერის ალიტერაცია ბოლო
სტრიქონში)
(`L’IMPRESSIONISME~) (გამსახურდია, 1989:54);
გალაკტიონ
ტაბიძისადმი მიძღვნილ ლექსს „მთვარის ნიშნობა“
მთლიანად გასდევს სან ბგერის ალიტერაცია,
პირველი სტროფის მესამე სტრიქონში კი ალიტერირებულია ვინ და თან თანხმოვნებიც:
„არფაზე გაკრული გველი
ჩუმი
ნიშნობაა მთვარის.
გათავდა
ვარსკვლავთა რთველი
აღმოხდა
ცისკარი ჯვარის.
მნათობთა
ეს სამოსელი
სარკეა
ანგელოსთ მხარის
გაბრიელ
– ზღურბლისა მცველის
მიქაელ
– დამცემი ზარის!
ალმასით
მოსთული სელი,
ტატნობზე
– ელვათა ბზარი
ზავდება
კამარა ვრცელი
იხსნება
ცხოვნეთის კარი.
აფრაზე
გაკრული გველი,
ფერისცვალება
ქნარის,
ცის
გარდაცვალებას ელი,
ახლოა
დარობა დარის!“
(გამსახურდია,
1989:22).
კრებულის
პოეტურ ქმნილებებში გვხვდება სტროფები, რომლებშიც ერთდროულად რამდენიმე (2, 3, 4 და მეტი) ბგერის ალიტერაციას მიმართავს
პოეტი. ალიტერირებულ ბგერათა რიცხვი და სიხშირე ხშირად მეტად მაღალია:
„მთვარიანო
მთავ,
ფორიანო
ხევ,
ცვრით
იებს რომ რთავ,
ხომლიან
ცას ხევ.
ნისლი
უხვად გდის,
უცხო
სამოთხევ,
გცრიან
მარადის
ქარით
ქარამდის“ (ვინ, თან, მან, რაე, ცან, ხან ბგერების
ალიტერაცია)
(„მთვარიანი მთა“)(გამსახურდია,
1989:26);
ასონანსის
კარგ მაგალითად მივიჩნევთ სტრიქონს ლექსისა „მარტოობა“ ციკლიდან „ტერენტი გრანელი“:
„აქ
მარტოობა, როგორც ობობა“ (ასონირებულია ონ ბგერა)
(გამსახურდია,
1989:76);
ამავე
ხმოვნის ასონანსი გვხვდება ქვემოთმოყვანილი ფრაგმენტის მეორე და მესამე სტრიქონებში
ლექსისა (`WIR PHILOLOGEN~)::
„მაგრამ
მთავარი
ის
როდია,
რომ
პროსოდია
გვაუწყებს
მათ
დღეთა ამბავს“
(გამსახურდია, 1989:45);
წარმოდგენილ
ფრაგმენტში ალიტერირებულია რაე ბგერაც. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ისევე როგორც ამ უკანასკნელში, სხვა ლექსებშიც ხშირად
გვხვდება ალიტერაციასთან ერთად ასონანსის გამოყენება.
ალიტერაცია-ასონანსის
საინტერესო მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ვახტანგ რაზიკაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი „ლაშარის ხატი“, რომელშიც ალიტერირებულია
ტარ და ხან ბგერები და ასონირებულია ბგერა ან:
„დიდის
ლაშარის ხატის ხატი ხარ,
გამეხებული
ხატმბრძოლი სული,
მამულის
გლოვა და ნიშატი ხარ,
თავად
ვაჟა ხარ გაქვავებული“.
(გამსახურდია,
1989:40);
ალიტერაცია-ასონანსის
თვალსაჩინო ნიმუშია ქვემოთმოყვანილი სტროფები ლექსისა „წამთა წამება“ - ალიტერირებულია
ლას, მან, ნარ, რაე,სან, ფარ, წილ ბგერები (ლას-ის დომინანტობით, მეორდება 15-ჯერ) და ასონირებულია
ენ ბგერა (გამეორების ყველაზე მაღალი სიხშირით
- 23-ჯერ):
„ალები
ალებრივ ალობენ
ელვათა
მტყორცნელნი ეთერად,
წამები
წლებადვე წვალობენ
მწუხრის
ანგელოსნი გალობენ
თუ
მომსპარია სიკეთე რად.
სთვლემენ
ლამისფერი ლომები
და
სული ჩანგების ყმა არი
სად
სერაფიმების ხმა არი
ვალპურგია
და ვარფლომები“
(გამსახურდია,
1989:18);
ამავე
ლექსის ბოლო ტაეპში ვა- ბგერათკომპლექსის გამეორება: ვალპურგია და ვარფლომები კიდევ
მეტ კეთილხმოვანებას სძენს მას.
კრებულის
ლექსებში გვხვდება ანაფორის გამოყენების შემთხვევები, რაც მათ ევფონიურად ამდიდრებს.
ამ მხრივ აღსანიშნავია ლექსები: „პოეტი და
მუზა“ (ანაფორა - „მუზა“ პირველი სამი სტროფის
დასაწყისში და ზოგიერთი შემდეგი სტროფის რომელიმე სტრიქონის დასაწყისში) და „SACRA STELLA გრიუნვალდის მადონას სურათზე“ (ანაფორა - „საკრა სტელლა!“ ყოველის სტროფის დასაწყისში).
ამ უკანასკნელს კეთილხმოვანებას მატებს ისიც, რომ მისი სტროფები მთავრდება რეფრენით:
„საკრა სტელლა! საკრა სტელლა!“ ლექსში აღნიშნული
ანაფორისა და რეფრენის ერთდროული გამოყენება გვაძლევს იდენტურ (ტავტოლოგიურ) კიბურ რითმას
და სტროფიდან სტროფზე ევფონიური გადასვლის შესაძლებლობას ქმნის: „საკრა სტელლა!“-თი
მთავრდება ყოველი სტროფი და იწყება მისი მომდევნო სტროფი. კიბური რითმა „აიტუზა - მუზა“
გვხვდება და ქმნის ევფონიურ გადასვლას პირველიდან მეორე სტროფზე ასევე ზემოთდასახელებულ
ლექსში „პოეტი და მუზა“:
„მუზამ
აიღო ქრთამი,
სხვას
მიეკედლა მუზა,
მისწევდა
მის ფრთათა ჩქამი,
მტრის
კართან აიტუზა.
მუზამ
იყარა ქოში,
კალთები
აიკეცა,
ვაჭარ
პოეტთა ბრბოში
ცქრიალებს
მატრაკვეცა“ (გამსახურდია, 1989:36).
რითმა. ზვიად გამსახურდიას პოეზიაში რითმით განპირობებული
ევფონიის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი: ლექსებში ხშირია იდენტური რითმების გამოყენების
შემთხვევები, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი კეთილხმოვანებისათვის.
მაგალითისთვის დავასახელებთ ონომასტიკურ სიტყვებზე დაფუძნებულ სარითმო წყვილებს: წუნდა-შეძრწუნდა, ბანა-ბანა („მესხეთისადმი“).
უნდა
აღინიშნოს შიდა რითმების არსებობაც სალექსო
სტრიქონებში. ამ მხრივ გამორჩეულია და სანიმუშოდ მოვიყვანთ ფრაგმენტს ლექსიდან
„სიონის ელეგია“, რომელშიც ასონანსური და კონსონანსური ცეზურული და ბოლო რითმების გამოყენებით მიღწეულია უჩვეულო ევფონიური
ეფექტი:
„დაბრუნდა!
იხარეთ! დრომოჭმულ სტიხარით
ლალ-იაგუნდების
შეფრქვევას ვუნდებით.
ციერნო,
გვითხარით, ორმო რად გვითხარეთ,
თუ
კვლავ დადუმდებით მთიელთა გუნდები?
აღიმსთო
მესსია, თაღებს შეესია
ველური
მარულა ამ ზღვა სიხარულის,
შვების
პოეზია თანადთა გეზია,
ვით
ცოფი ფარული ეშმათა არულის!..“
(გამსახურდია,
1989:15);
შიდა
რითმების თვალსაზრისით საინტერესოა ასევე სტრიქონი ლექსისა „მარაბდა“: „აღათანგ, რისხვაო
აღათა“. აღათანგ - აღათა ანთროპონიმ აღათანგ-ის
(იგულისხმება მარაბდის ბრძოლის გმირი აღათანგ ხერხეულიძე) გამოყენებით მიღებული ზუსტ
რითმაზე დაფუძნებული ორიგინალური სარითმო წყვილია. ამ სტრიქონის გარე რითმა აღათა
გარითმულია აგრეთვე ჯვარედინად სტროფის მესამე
სტრიქონის დამამთავრებელ სიტყვასთან – ჭაღათა და მასთანაც ქმნის ზუსტ სარითმო წყვილს:
აღათა-ჭაღათა. სტროფს ასეთი სარითმო ორგანიზაციის წყალობით მეტი კეთილხმოვანება ეძლევა.
შიდა
რითმის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია დამამთავრებელი ორტაეპედი ლექსისა „ქაშვეთი“:
„მამულო,
გაქრობად ლამულო,
მრისხვალი
თვალი თუ გეცა?“
(გამსახურდია,
1989:24);
მამულო-ლამულო სონორულ თანხმოვნებზე (მან და ლას) აგებული უაღრესად
კეთილხმოვანი ასონანსური სარითმო წყვილია. შიდა რითმა გვაქვს ლექსის ბოლო სტრიქონშიც:
მრისხვალი - თვალი.
შიდა
რითმა, ცეზურულის გარითმვა გარე რითმასთან
„რაინდო-დაინდო“ ასევე გვხვდება დამამთავრებელ ორტაეპედში ლექსისა „წმინდა გიორგი“
პოეტური ციკლიდან „კოსმიური წირვა“:
„წმინდაო
რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე
იმედი და უფლის სვე-დარი!“
(გამსახურდია,
1989:69);
ევფონიური
ეფექტის მისაღწევად ბგერათკომპლექსების გამეორებას
ხშირად მიმართავს პოეტი. ქვემოთ მოგვყავს მისი
მაგალითები: ლექსის „მესხეთისადმი“ პირველ სტროფში ოთხჯერაა გამეორებული ბგერათკომპლექსი
ვა-, რაც მას მელოდიურობას მატებს:
„შენ
გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი,
კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას
აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც
ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.“
(გამსახურდია,
1989:8);
ნა-
ბგერათკომპლექსის გამეორებაა ლექსში „დავით
კაკაბაძე“: „ნამყოში ნაგზნები და ნაკაშკაშები“; ცხ- ბგერათკომპლექსის გამეორება - ლექსში
„მარაბდა“: „და ცხრანი ცხენმალნი ცხრებიან“;
კეც- ბგერათკომპლექსის გამეორება - ლექსში „ქაშვეთი“: „კეცტყავი კეცილი კეცად“; ბეთ- ბგერათკომპლექსის გამეორება - ლექსში
„წმინდა მიწა“ პოეტური ციკლიდან „კოსმიური წირვა“: „ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა“.
ევფონიური
წყვილები. კრებულის ევფონიურ წყვილთაგან შეიძლება დასახელდეს შემდეგი სინტაგმები:
„ზარზმის ზარი“; „ევლოგ სალოსი“ („მესხეთისადმი“); „მილულეს ლულებმა“, „აფრინდა დაფნიდან“
(„სიონის ელეგია“); „ბოროტების სატურნალია“ („ბოდლერი“); „ფიფქად იფრქვევა“ („რობინსონ
ჯეფერსი“); „ფიქრების ღვართქაფი“ („CAPPRICCIO“); „სცილას სიცილი“ („აქა ამბავი სცილასი“);
„საფარად იფარა“ („გაქცევა“) და სხვ.
გვხვდება
ასევე ევფონიური სამეულები და ოთხეულები: „გლოვიან უდაბნოს გველისას“; „დღითაც შენ
გიგონებ, ღამეცა“ („მოგონება“); „სევდიან ღამით მომაგონდა შენი ღიმილი“ („შენი ღიმილი“,
სონეტი მანანასადმი); „ოსანა ისმის დასთა“ („აღდგომა“); „ცხაურით დაცეხვილი ცა“ („მარტოობა“);
„ცა ლჲუციფერის ფრიალა ფაცერი“ („აპოკალიფსური ელდა“).
ზვიად
გამსახურდიას პოეზიის უმდიდრესი ევფონიის საილუსტრაციოდ ჩვენ მხოლოდ მაგალითების მცირე
ნაწილი მოვიხმეთ. ვფიქრობთ, ის გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მისი ლექსების ბგერით
ორგანიზაციასა და აკუსტიკურ კეთილხმოვანებაზე.
წიგნის წინასიტყვაობაში პოეტი აღნიშნავს:
წიგნის წინასიტყვაობაში პოეტი აღნიშნავს:
„თანამედროვე
ენაში ორი საწყისია: მუსიკალურ-ესთეტიური და აზრისმიერი. პირველის პრევალირებას გლოსსოლალიასა
და „ზაუმისაკენ“ მივყავართ. მეორისას კი მშრალი ლოგიზირებისა და რეზონიორობისაკენ.
მათ შორის ბალანსი იდეალი უნდა იყოს ჭეშმარიტი პოეტური მეტყველებისა“ (გამსახურდია, 1989:3).
აქვს თუა არა აზრობრივი დატვირთვა და ფუნქციური დანიშნულება ზვიად გამსახურდიას ლექსის
ევფონიას, რას წარმოადგენს ის, როგორია ამ
ბგერითი თავისებურებების სემანტიზაცია და, პოეტის ზემოთმოხმობილი სიტყვებითვე
რომ ვთქვათ, დაცულია თუა არა მის ლექსებში
ბალანსი მუსიკალურ-ესთეტიკურ და აზრისმიერ საწყისებს შორის, ეს ცალკე და საგანგებო კვლევის თემა და საგანია.
ერთი
რამ ცხადია - ზვიად გამსახურდიას პოეზია უმდიდრესი ევფონიით გამოირჩევა და პოეტი ლექსში კეთილხმოვანების
მიღწევის ტექნიკის დიდოსტატად და ვირტუოზად წარმოგვიდგება.
და
ბოლოს ერთიც უნდა ითქვას:
„ლექსის
ევფონიური ორგანიზაცია დიდად არის დამოკიდებული მშობლიური ენის გამძაფრებულ გრძნობაზე,
სიტყვის ბგერითი ფორმის წვდომის თანდაყოლილ, წმინდა პოეტურ ინსტინქტზე“ - აღნიშნავს
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ქართული ლექსის
მკვლევარი თეიმურაზ დოიაშვილი (დოიაშვილის 2012: 275).
ზვიად გამსახურდიას ლექსის გამორჩეული ბგერწერა,
რაზეც არის საუბარი სტატიაში, ვფიქრობთ, უდავოდ არის განპირობებული და განსაზღვრული
ციტატაში აღნიშნული უნარების პოეტის მიერ ზედმიწევნითი ფლობით.
დამოწმებული
ლიტერატურა
1. გამსახურდია
1989: გამსახურდია ზ. მთვარის ნიშნობა. ლექსები, თბილისი, 1989.
2. ბარბაქაძე 2014: ბარბაქაძე თ. ქართული ლექსმცოდნეობა.
თბილისი, 2014.
3.დოიაშვილი 2012:
დოიაშვილი თ. ლექსის ფონიკა. კრებულში „ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი”, თბილისი,
2012.
4. ჭილაია
2003: ჭილაია რ. ლიტერატურათმცოდნეობა. ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი, 2003.
5. ხინთიბიძე
2000: ხინთიბიძე ა. ქართული ლექსმცოდნეობა, თბილისი, 2000.
მაია
ცერცვაძე
ზვიად
გამსახურდიას ლექსის ევფონია –
პოეტური
კრებულის „მთვარის ნიშნობა“ მიხედვით
რეზიუმე
1989
წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა ზვიად გამსახურდიას პოეტური კრებული - „მთვარის ნიშნობა“. იგი მოიცავს 36 ლექსსა და 2 პოეტურ ციკლს: „კოსმიური წირვა“
და „ტერენტი გრანელი“.
კრებულში გაერთიანებული ლექსების გაცნობა და მათ
სალექსო პარამეტრებსა და პოეტიკაზე - სტროფიკაზე,
მეტრიკაზე, რიტმიკაზე, მხატვრულ სახეებზე, ლექსიკაზე, სიტყვათქმნადობასა და სხვ. დაკვირვება
გვიჩვენებს, რომ ზვიად გამსახურდიას პოეზია უაღრესად საინტერესო და ორიგინალურია. ნათქვამი
განსაკუთრებით ეხება პოეტური ნიმუშების ევფონიას, მის ბგერით ორგანიზაციასა და თავისებურებებს.
ისინი გამოირჩევა მეტად მდიდარი ბგერწერით, რასაც მისი განმაპირობებელი საშუალებები
- ალიტერაცია, ასონანსი, რითმა, ბგერათკომპლექსების გამეორება, ევფონიური წყვილები
და სხვ. ქმნის.
სტატია
ზვიად გამსახურდიას პოეზიის ევფონიის შესწავლის ცდაა. მასში ცალკეული მაგალითების საფუძველზე
განხილული და გაანალიზებულია კრებულის ლექსების ბგერწერის თვალსაჩინო შემთხვევები და
მისი სახეები და ფორმები.
წარმოდგენილი
კვლევა ცხადყოფს, რომ ზვიად გამსახურდიას პოეზია უმდიდრესი ევფონიით გამოირჩევა და პოეტი ლექსში კეთილხმოვანების
მიღწევის ტექნიკის დიდოსტატად და ვირტუოზად წარმოგვიდგება.
აქვს
თუა არა აზრობრივი დანიშნულება ზვიად გამსახურდიას ლექსის ევფონიას, რას წარმოადგენს
ის, როგორია მისი პოეზიის ბგერითი თავისებურებების სემანტიზაცია და დაცულია თუა არა
ლექსებში ბალანსი მუსიკალურ-ესთეტიკურ და აზრისმიერ
საწყისებს შორის, რაზეც პოეტი კრებულის წინასიტყვაობაში საუბრობს, ეს უკვე ცალკე და საგანგებო კვლევის თემა და საგანია.



No comments:
Post a Comment