მაია ცერცვაძე

ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის - ჩვენამდე მოღწეული 18 პირადი წერილის სიღრმისეული შესწავლა მრავალი საყურადღებო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ქმნის. ერთი მათგანი ისიცაა, რომ დასახელებული წერილები უაღრესად საინტერესოა მხატვრული ენის თვალსაზრისით. ამაზე არაერთმა მწერალმა, ლიტერატურათმცოდნემ თუ ენათმეცნიერმა (კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ო. ჩხეიძე, გრ. კიკნაძე...) მიუთითა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილების პოეტიკის კვლევა, რაც, სამწუხაროდ, მისი პოეზიის პოეტიკის კვლევას ბევრად ჩამორჩება, ახალ მასალას იძლევა პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობის სტილზე სამსჯელოდ. გრიგოლ კიკნაძე მართებულად აღნიშნავდა: „ნიკოლოზ ბარათაშვილის სტილის დასახასიათებლად, მასზე ზოგადი საერთო შეხედულების გამოსამუშავებლად საკმარისი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის ლექსებზე დაკვირვება: რაც არ უნდა იყოს, ლექსის ენა მაინც ერთგვარად ხელოვნურია, ის არ არის ჩვეულებრივი სასაუბრო ენა. ამიტომ საჭიროა მივმართოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პროზაულ მეტყველებას და, ამ მხრივ, ჩვენ სულ ხელცარიელნი არა ვართ. ჩვენამდე მოღწეულია მისი წერილები, ეს შესანიშნავი ნიმუშები ჩვენი პოეტის სასაუბრო, ყოფითი მეტყველებისა, პროზაულ ფორმაში მისი უშუალო განცდების მიწოდებისა“( კიკნაძე 2009: 39).
წარმოდგენილი სტატია გაგრძელებაა ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის მხატვრული ენის შესწავლისაკენ მიმართული ჩვენი კვლევებისა, რომელთაგან ორი წერილების პოეტურ ლექსიკასა და პოეტურ სემანტიკას (ტროპებს) მიეძღვნა (იხ. ცერცვაძე 2017: 429-436, ცერცვაძე 2018: 131-140).
ამჯერად ყურადღებას ვუთმობთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთი ბარათის პოეტური სტილისტიკის საკითხებს. მხედველობაში გვაქვს თბილისიდან გაგზავნილი 1842 წლის 31 ოქტომბრის წერილი, რომლის ადრესატია პოეტის ნათესავი (გარე ბიძაშვილი) და მეგობარი ქალი, მისი სიყრმის მეგობრისა და თანაგიმნაზიელის ლევან მელიქიშვილის დანიშნული და საცოლე მაიკო ორბელიანი (1816-1849). წერილი მხატვრულობის თვალსაზრისით მეტად გამორჩეულია, რის გამოც, ჩვენი აზრით, ის საგანგებო კვლევას საჭიროებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის მაიკო ორბელიანთან მიწერილი ბარათები, რომელთაგან მხოლოდ ოთხი შემოგვრჩა, ხასიათდება იმით, რომ მათში პოეტისათვის სახასიათო სიცოცხლის სიყვარულსა, ხალისსა და იუმორთან ერთად მთელი სიმძაფრით არის გადმოცემული მისი სულიერი დრამაც, მსოფლგანცდა, ღრმა ფიქრები და რეფლექსიები. მაიკო ორბელიანს ბარათაშვილი სულიერ მეგობრად და გულის მესაიდუმლედ მიიჩნევდა, დას უწოდებდა და თავის ყველაზე ინტიმურ გრძნობებს ანდობდა. „საყვარელო დაო მაიკო“ - ასე იწყება ოთხივე წერილი, წერილების ბოლოს კი მოწერილია: „შენი მარად ერთგული ძმა ნიკოლოოზ ბარათაშვილი“, „შენი მარადის ერთგული თ. ნ. ბარათაშვილი“, „შენი მარადის უცვალებელი ძმა ტატო“, „შენი მარადის თ. ნ. ბარა[თაშვილი]“. მაიკო იხსენიება კიდევ ორ წერილში - თბილისიდან გრიგოლ ორბელიანთან გაგზავნილ 1841 წლის 28 მაისისა და მურუტიდან ბარბარე ორბელიანთან გამოგზავნილ [1845] წლის 23 აგვისტოს წერილებში. ნიკოლოზ ბარათაშვილს მაიკოსთვის უჩუქებია ხელნაწერი ლექსების კრებული, რომელიც პოეტის ავტოგრაფულ გამოცემებს შორის მაიკო ორბელიანისეულ ვარიანტად არის ცნობილი. ამ გვერდნაკლული კრებულის თავფურცელს აწერია: „1841 წელი, ტფილისი“, მის მეორე გვერდზე კი წარწერა-მიძღვნაა: „დაო მაიკო! ეს ლექსები იქონიე ჩემეულად. ვიცი, რომ წამკითხველი მათი მოიგონებ ბევრთა საამოთა დღეთა ყმაწვილობისათა და შემიბრალებ შენსა ყარიბსა ძმასა. თ. – ნ. ბარათოვისაგან“ (ბარათაშვილი 2005: 131).
![]() |
| მაიკო ორბელიანი |
განსახილავი წერილის დასაწყისში ადრესანტი მადლობას უხდის მაიკოს იმისათვის, რომ მან პოეტის მეგობარ ქალს რახაელს ნათხოვარი წიგნი დააბრუნებინა. შემდეგ ის ქალაქის ამბებს უყვება მას და მოუთხრობს ორი დღის წინანდელი ერთი შინაური წვეულების - ნათესავი ქალის ტასოს დღეობის შესახებ, რომელზეც, მისივე თქმით, სრულიად უმიზეზოდ, თვითონაც არ იცის, რატომ, უჩვეულოდ გამხიარულებულა. ამას მოსდევს პოეტის სევდა-ნაღველით აღსავსე სტრიქონები და ჩივილი საკუთარ სულიერ ობლობაზე - მეტად ცნობილი და პოპულარული პასაჟი, რომელსაც ხშირად მიმართავენ და ციტირებენ ნ. ბარათაშვილის მკვლევარნი და ლიტერატურული მემკვიდრეობის მოყვარულნი პოეტის სულიერი ობლობის გამოხატულების დასტურად. ის ერთგვარად ავსებს მისი პოეზიის ერთ-ერთ ძირითად მოტივს, რომელიც ამ წერილის დაწერამდე სამი წლით ადრე შექმნილ ლექსში „სული ობოლი“ (1839) გამჟღავნდა. შესაბამის ტექსტზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ წერილის ეს პასაჟი წარმოადგენს გადაძახილს დასახელებულ ლექსთან. ამასთან, პოეტი აქ თავის სათქმელს მეტად პოეტურად აყალიბებს და ოსტატურად შერჩეულ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს მიმართავს. მათი ფუნქციური დანიშნულების საკითხს გამოკვლევას კიდევ მივუძღვნით, ამჯერად კი ჩვენი მიზანია წერილში, უპირველესად კი მის ზემოთ ნახსენებ პათეტიკურ პასაჟში, რომელსაც მთლიანად პათოსის რიტორიკული კატეგორიის გამოხატულებად მივიჩნევთ, გამოყენებულ მხატვრული ენის კომპონენტებზე (აღნიშნულია ხაზგასმით) მითითება და მათი ჩვენეული კვალიფიკაცია.
მივყვეთ ტექსტს, რომელიც დამოწმებული გვაქვს ნ. ბარათაშვილის პირადი წერილების ბოლო გამოცემიდან (ნიკოლოზ ბარათაშვილი. პირადი წერილები. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2015):
„მაგრამ სულ ამაოა ჩემთჳს. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო, ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია, ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!
სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცის წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსრულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი“ (ბარათაშვილი 2015: 103-104).
ვნახოთ, რა მხატვრული საშუალებებია გამოყენებული ტექსტის ზემოთ მოყვანილ ფრაგმენტში:
„ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი“ (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - მ. ც.) - მარტივი შედარება;
„არ დაიჯერებ, მაიკო!“ – რიტორიკული მიმართვა და ამავდროულად რიტორიკული უარყოფა;
„შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!“ - გრადაცია;
„მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!“ - ტავტოლოგია, როგორც პოეტური ლექსიკის კომპონენტი და გამეორება, როგორც პოეტური სინტაქსის კომპონენტი;
„ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო, ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია, ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!“ - ტავტოლოგია, როგორც პოეტური ლექსიკის კომპონენტი და გამეორება და ანტითეზისი (კონტრასტი), როგორც პოეტური სინტაქსის კომპონენტი;
„სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი?“ - ტავტოლოგია, როგორც პოეტური ლექსიკის კომპონენტი და გამეორება, როგორც პოეტური სინტაქსის კომპონენტი, ამავე დროს რიტორიკული შეკითხვა. გარდა ამისა, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს უკანასკნელი ფრაზა წარმოადგენს ბიბლეიზმს. შევადაროთ ის ახალი აღთქმის (მათე, 8, 20) ტექსტს: „იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი“ (ბიბლია 1989: 965). მათეს სახარებისეული ეს ფრაზა, რომელიც კონტამინაციის სახითაა ჩართული წერილის ტექსტში, გათვალისწინებული და შეტანილი უნდა იქნას ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაში ბიბლიური მოტივების, ალუზიებისა თუ ბიბლეიზმების კვლევებში, რომლითაც მეტად მდიდარია ბარათაშვილოლოგიური ლიტერატურა და რომლებშიც, სამწუხაროდ, სათანადო დაკვირვებანი მხოლოდ პოეტურ ნიმუშებზე ხდებოდა;
„ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცის წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული“ - ტავტოლოგია, როგორც პოეტური ლექსიკის კომპონენტი და გამეორება, როგორც პოეტური სინტაქსის კომპონენტი; ამავდროულად რთული, გაშლილი შედარება, როგორც პოეტური სემანტიკის კომპონენტი.
ვაგრძელებთ ტექსტს პოეტური კომპონენტების მითითებით:
„ძნელი არის მარტოობა სულისა,
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა ჰსწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“ – აპლიკაცია საკუთარი ლექსის „სული ობოლი“ სტროფისა;
„შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რომ არ დაკარგო?“ - ტავტოლოგია, როგორც პოეტური ლექსიკის კომპონენტი და გამეორება, როგორც პოეტური სინტაქსის კომპონენტი; ამავდროულად რიტორიკული შეკითხვა;
„მიჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა...“ - რიტორიკული შეძახილი;
„დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა!“ - რიტორიკული ბრძანება;
„აი, ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან“ - რიტორიკული შეძახილი;
„სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!“ - რიტორიკული ბრძანება;
„თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარში მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს“ - იუმორით შეფერილი ფრაზა.
გარდა წერილის განხილული ნაწილისა, მხატვრული ენის კომპონენტები გვხვდება მის სხვა ადგილებშიც: არა გვგონია შემთხვევითი იყოს გარითმული წყვილი შინაური-მხიარული ფრაზაში: „გუშინჰსწინ იყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული“ (ბარათაშვილი 2015: 103).
სარკაზმის ნიმუშია წერილის შემდეგი ფრაგმენტი:
„თუ ნინუცას, ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას წიგნი მისწერო, ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ, რომ აღარ გაციებს თქო“. ფრჩხილებში ჩასმული ფრაზა - „(რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები)“ პარენთეზისის მაგალითია.
წერილის პირველი გვერდის არშიაზე მიწერილია: „შენ გაზდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ, რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისაკენა თქო? როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსა თქო?“ (ბარათაშვილი 2015: 105).
პოეტის ამ მინაწერში გვხვდება ენობრივი მოვლენა – ფიცილის ფორმულა: შენ გაზდას, და ორი ხატოვანი თქმა: ღმერთი გაგიწყრა და ფეხი აიკვეთე.
თედო სახოკია განმარტავს:
„ფეხის ამოკვეთა – არგავლა სადმე ან ვისთანმე, უნახაობა ვისამე ან რომელსამე ადგილისა, მოსპობა, გაქარწყლება (...). ფეხი მოძრაობის, ადამიანის ადგილგადანაცვლების ორგანოა. მისი ამოკვეთა, ამოჭრა საიდანმე გულისხმობს შესაძლებლობის წართმევას კვლავ გაიაროს იქ, სადაც უკვე ერთხელ ყოფილა“ (სახოკია 1979: 634);
![]() |
| გიორგი ერისთავი |
„ღმერთი გამიწყრა – დავიღუპე, ჩემი საქმე ცუდად წავიდა, დავბრკოლდი“ (სახოკია 1979: 706-708).
გამოვთქვამთ ფრთხილ ვარაუდს წერილის გიორგი ერისთავისათვის გადასაცემი ფრაზის - როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსა თქო? - ირგვლივ. ვფიქრობთ, რომ აქ ნახსენები „პოეტური სული“ ირონიას წარმოადგენს, თუმცა ამის დაბეჯითებით სამტკიცებლად არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, კერძოდ ბარათაშვილისა და გიორგი ერისთავის ურთიერთობის ამსახველი სხვა ცნობები. ვიცით, რომ ეს უკანასკნელი მეგობრობდა ბარათაშვილთან (ამაზე პოეტის მიერ მისი ფამილარულად, ზედმეტსახელით – „გლუხარიჩით“ მოხსენიებაც მეტყველებს) და მის ახლო გარემოცვასთან, მათ შორის მაიკო ორბელიანთან. გიორგი ერისთავს მაიკო ორბელიანისადმი მიძღვნილი აქვს 1839 წლის 15 მაისით დათარიღებული ორი ლექსი: „მ...კო ო-ს“ და „რეცეპტი მ. ო“. მასვე ეკუთვნის ლექსი „თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ“, რომელიც ნ. ბარათაშვილის გარდაცვალების ახლო პერიოდში უნდა იყოს დაწერილი და რომელშიც მან გულმხურვალედ დაიტირა უდროოდ დაღუპული პოეტი. ცნობილია ბარათაშვილის ენაკვიმატობა და ენამწარობა, იუმორი და სარკაზმი. ირონია, როგორც ტროპი, ხშირია მის პირად წერილებში, რაზეც წინამორბედ სტატიაში მივუთითეთ. ვვარაუდობთ, რომ გიორგი ერისთავის პოეზია ნ. ბარათაშვილის მაღალ და დახვეწილ ლიტერატურულ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებდა და ამას გულისხმობს პოეტი აღნიშნულ ფრაზაში.
წერილის ტექსტს ამდიდრებს მხატვრული სიტყვაფორმები და შესიტყვებანი: „ობოლი“, „დამწვარი“, „მტკიცე გული“, „გულცივად ... განსჯა“, „უსყიდელი მსაჯული“ და პოეტური ლექსიკისა და პოეტური სემანტიკის კომპონენტების გამოყენების სხვა მაგალითები.
აქვე გვინდა ერთ საკითხსაც შევეხოთ. განიხილავდა რა ბარათაშვილის წერილების ენას არქაულობის თვალსაზრისით, გრიგოლ კიკნაძე აღნიშნავდა: „როცა მის წერილებს ვკითხულობთ, ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მათში თითქმის (ხაზგასმა ჩვენია - მ. ც.) კვალიც არა სჩანს იმ არქაული ლექსიკისა და წინადადებათა კონსტრუქციისა, რომელსაც იმ დროის ლიტერატურაში ამჩნევენ და ანტონ კათალიკოსის გავლენით ხსნიან“ (კიკნაძე 2009: 39). განსახილავ წერილში არქაული ლექსემებისა („ვითარცა“, „ზეგარდმო“) და გრამატიკული კონსტრუქციების მცირე ნაწილი გვხვდება. ამ უკანასკნელის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ ნართანიანი მრავლობითისა და პოსტპოზიციური წყობის გამოყენების შემთხვევები. ისინი, ცხადია, სტილისტურ ფუნქციას ასრულებენ და ვფიქრობთ, ამაღლებული განწყობილების შექმნის მხატვრული მიზანდასახულება აქვთ.
საანალიზო ტექსტში ნართანიანი მრავლობითისა და პოსტპოზიციური წყობის (მსაზღვრელ-საზღვრულის ინვერსიის) მაგალითებია: „მრავალნი მონათესავენი“; „ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!“; „მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსრულნი“; „დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა!“. როგორც ცნობილია, ინვერსია სინტაქსური ფიგურაა. გვხვდება მისი კიდევ ერთი სახეობა - შემასმენლის ინვერსია -„კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ“.
როგორც ვხედავთ, განსახილავი წერილი პოეტიკის თვალსაზრისით მეტად გამორჩეულია. ის პოეტური ენის კომპონენტებითაა გაჯერებული და ჩვენი აზრით ადრესანტის სათქმელის შინაარსისა და ფორმის შესაბამისობის თვალსაჩინო ნიმუშს წამოადგენს. მხატვრული სტილისტიკის კომპონენტების ოსტატურად გამოყენების წყალობით მიიღწევა ის ექსპრესია და ძალა, რითაც ბარათი შთამბეჭდავ, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე.
მხოლოდ ამ ერთი ბარათის მაგალითზეც კი შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილების სახით საქმე გვაქვს მხატვრულ ფაქტებთან. ისინი რომანტიკოსი პოეტის პოეტურ ნიმუშებთან ერთიანობაში უნდა იქნას განხილული მის სტილისტიკაზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის სრულად და სათანადოდ შესაფასებლად - ლირიკულ ლექსში წამოჭრილი მოტივები ხშირად წერილებში გრძელდება და უფრო კონკრეტულ სახეს იღებს, ან პირიქით.
1. ბარათაშვილი 2005: ნ. ბარათაშვილი, თხზულებათა სრული კრებული ლევან თაქთაქიშვილის საერთო რედაქციით. თბილისი. „პეგ“. 2005.
2. ბარათაშვილი 2015: ნ. ბარათაშვილი, პირადი წერილები. მოამზადა, შესავალი, კომენტარები, საძიებლები და გენეალოგიური ტაბულები დაურთო მ. ცერცვაძემ. „არტანუჯი“, თბილისი. 2015.
3. ბიბლია 1989: ბიბლია. ახალი აღთქმა. სახარება მათესი. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა. თბილისი. 1989.
4. კიკნაძე 2009: გრ. კიკნაძე. ექვსი საუბარი თემაზე „ნიკოლოზ ბარათაშვილი“. გრიგოლ კიკნაძე. თხზულებანი. ტ. V. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2009.
5. სახოკია 1979: თ. სახოკია, ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი. „მერანი”. თბილისი. 1979.
6. ცერცვაძე 2017: ცერცვაძე მ. ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილების პოეტური ლექსიკა. მე-11 საერთაშორისო „სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები. რომანტიზმი ლიტერატურაში ეპოქათა და კულტურათა გზაჯვარედინზე“. მასალები. ნაწილი II. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
7. ცერცვაძე 2018: ცერცვაძე მ. ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილების პოეტური სემანტიკა – ტროპები. „ლიტერატურული ძიებანი“. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.


No comments:
Post a Comment