მაია ცერცვაძე
1832 წლის შეთქმულების კრიპტოგრაფიის საკითხები - საიდუმლო ანბანი
ივანე ჯავახიშვილი დამწერლობისადმი
მიძღვნილ თავის ერთ-ერთ
ფუნდამენტურ ნაშრომში წერდა: „მას შემდეგ, რაც წერაკითხვა ყველასათვის თუ არა, ბევრისთვის
მისაწვდომ და გასაგებ ხელობად და ცოდნად იქცა, საიდუმლო პოლიტიკური და სამხედრო ცნობების
შესატყობინებლად განსაკუთრებული, გარეშე პირისათვის სრულებით წაუკითხავ-გაუგებარი ანბანის შექმნა აუცილებელი იყო. ამიტომაა, რომ ყველა კულტურულ ერს, ჩვეულებრივს გარდა,
საიდუმლო მრავალი სხვადასხვანაირი ანბანიც ჰქონდა ხოლმე“ [1].
დიდი მეცნიერის
ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, ქართველ ერზეც ვრცელდება. საქართველოშიც ოდითგანვე სცოდნიათ კრიპტოგრაფიის
ანუ საიდუმლო (დაშიფრული) დამწერლობის („კრიპტოგრაფია“ (ბერძნ. kryptos − საიდუმლო და grάpō – ვწერ (ხაზგასმა ყველგან ჩვენია
- მ. ც.)), ხელობა - პირობითი საიდუმლო ნიშნების გამოყენება იმ მიზნით, რომ ტექსტი გასაგები ყოფილიყო მხოლოდ განდობილ პირთათვის,
აკადემიკოს მარი ბროსეს ნათქვამი აქვს,
რომ ბევრი სხვადასხვა საიდუმლო ანბანის ნიმუში ჰქონია ხელთ [1].
ქართულში გავრცელებული ყოფილა შემდეგი კრიპტოგრაფიული სისტემები: ანჩინური, ანჯანური, ანრეური, ანჰოური, სათვალავადი, უკუდაწერილობის, სარკისებრი, სხვა დაწერილობის და
სხვა, რომლებიც
შესწავლილია ქართველ მეცნიერთა მიერ და განხილულია სპეციალურ ლიტერატურაში [1,2].
როგორც ცნობილია, საიდუმლო
დამწერლობის გამოყენება ხდებოდა საქართველოს ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილეთა მიერ, როგორიცაა 1832 წლის შეთქმულება. ჩვენი სტატია სწორედ
მისი კრიპტოგრაფიის ამ საკითხს ეძღვნება.
გავიხსენოთ ცოტა
რამ ამ შეთქმულების შესახებ. იგი მიზნად ისახავდა საქართველოდან რუსეთის იმპერიის განდევნას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მას სათავე დაედო 1826-1827 წლებში პეტერბურგში რუსეთში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა წრეში, რომელთა შორის უპირველესად უნდა
დავასახელოთ მეფე ერეკლე II-ის (1720-1798)
შვილიშვილები დიმიტრი იულონის ძე
(1803-1845) და ოქროპირ გიორგის ძე (1795-1857) ბაგრატიონები. მათ შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ
მომავალი შეიარაღებული აჯანყების მომზადებას. შეთქმულება აჯანყებაში ვერ გადაიზარდა,
რადგან იგი გასცა ერთ-ერთმა
მონაწილემ იასე ფალავანდიშვილმა (?-1857), რასაც შეთქმულთა დაპატიმრება და დასჯა მოჰყვა [3].
1832 წლის შეთქმულების კრიპტოგრაფიისადმი მიძღვნილ წინარე კვლევებში [4], [5] ჩვენ გამოვყავით მისი სამი შემადგენელი:
1. საიდუმლო ანბანი;
2. კოდური ელემენტები;
3. მეთოდი,
რომელიც გამოიყენებოდა საიდუმლო მიმოწერისა
და ინფორმაციის გაცვლისათვის შეთქმულთა პეტერბურგულ/მოსკოვურ წრეებსა და თბილისურ
წრეს შორის და რომელიც ხორციელდებოდა ერთგვარი ტრაფარეტის, „ჩარჩო“-ს («Рамка»), („ფორმის“, „ფორმატის“, „ამოჭრილი ქაღალდის“), როგორც მას თავად შეთქმულნი უწოდებდნენ, დახმარებით.
პირველ ორ შემადგენელს ჩვენ შევეხეთ გაკვრით, კვლევის ფოკუსში კი მოვაქციეთ მესამე - წარმოვაჩინეთ და განვიხილეთ ის, როგორც კრიპტოგრაფიული სისტემა და დავახასიათეთ თანამედროვე კრიპტოგრაფიული ტერმინოლოგიისა
და პარამეტრების საშუალებით. კერძოდ, ჩატარებული კვლევის საფუძველზე დავადგინეთ, რომ 1832 წლის შეთქმულებაში გამოყენებული საიდუმლო მიმოწერის ამ მეთოდის სახით ჩვენ საქმე გვაქვს სიმეტრიულ კრიპტოსისტემასთან, რომელსაც გააჩნია თავისი შიფრი, ღია ტექსტი, შიფროტექსტი და გასაღები, ხოლო მისი მონაწილენი თანამიმდევრობით და უპირობოდ ასრულებენ წესების ერთობლიობას, ე.
წ. კრიპტოგრაფიულ
პროტოკოლებს [4].
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ 1832 წლის შეთქმულების
კრიპტოგრაფიის კიდევ ერთ შემადგენელს და წარმოვაჩენთ მის არსს, წინა შემთხვევის მსგავსად შევეცდებით ისიც განვიხილოთ, როგორც კრიპტოგრაფიული სისტემა და დავახასიათთ თანამედროვე კრიპტოგრაფიული ტერმინოლოგიისა
და პარამეტრების საშუალებით.
ისევე როგორც წინა კვლევაში, ამჯერადაც საანალიზო მასალად გამოყენებული იქნება უმთავრესად შეთქმულთა ჩვენებები
და შეთქმულების საგამოძიებო კომისიის სხვა მასალები, რომელთა მეცნიერული შესწავლა და კვლევა
დღესაც
აქტიურად მიმდინარეობს.
1832 წლის
შეთქმულების კრიპტოგრაფიის ეს განსახილავი შემადგენელია საიდუმლო ანბანი, რომელიც გამოიყენებოდა საიდუმლო მიმოწერისათვის საქართველოში მყოფ შეთქმულთა შორის. ვნახოთ, რას წარმოადგენს ის, როგორია მისი შექმნის ისტორია და ვინ არის მისი ავტორი.
საიდუმლო ანბანი მიმოწერისათვის შექმნა შეთქმულების ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, ორგანიზატორმა და აქტიურმა მონაწილემ, ბერმა ფილადელფოს კიკნაძემ (1793-1833), რომელსაც მის იდეურ ხელმძღვანელადაც მოიხსენიებენ. გარდა ამ ანბანისა, მან შეადგინა შეთქმულების წესდება, ე. წ. „აქტი გონიური“, რომელიც წარმოადგენდა შეთქმულთა ძირითადი სახელმძღვანელო დებულებების, ეთიკურ-პოლიტიკური პრინციპებისა და ურთიერთშორისა და სახელმწიფოსთან მიმართების წესების კრებულს და შეთქმულთა ფიცის ტექსტი [6].
ორიოდე სიტყვა ფილადელფოს კიკნაძის ბიოგრაფიიდან. ის იყო იმერეთის სახაზინო აზნაურის იოანე კიკნაძისა და თავადის ასულ თინათინ აბაშიძის ვაჟი. ნათლობის სახელი, ნიკიფორე მას ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზით შესცვლია, 1822 წელს იერომონაზვნად კურთხევისას კი ფილადელფოსი შეურქმევიათ. შვიდი წლისა მამას იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მიუყვანია, მაგრამ მშობლები ადრე გარდაცვლია ჭირით და სრულიად დაობლებული ხირსის არქიმანდრიტს წაუყვანია და მასწავლებლებისთვის მიუბარებია. ხირსაში, სადაც მას საფუძვლიანად შეუსწავლია ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ის ხუთი წელი დარჩენილა დიაკვნად, შემდეგ თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადასულა. 1826 წელს ფილადელფოსი კათოლიკოს ანტონ II-ს (1762-1827) გაჰყოლია რუსეთში. ნიჟნი ნოვგოროდში თავად ესტატე ციციშვილთან უთანხმოება მოსვლია და დაუპატიმრებიათ. მისი სახლი გაუჩხრეკიათ და ნაწერები გაუნადგურებიათ. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გათავისუფლებული იგი მოსკოვს ჩასულა, სადაც ქართველ ბატონიშვილებს - მეფეების ერეკლე II-ისა (1720-1798) და გიორგი XII-ის (1846-1800) შვილებს დაახლოებია. ანტონის გარდაცვალების შემდეგ 1828 წელს კვლავ თბილისის ფერისცვალების მონასტერს დაბრუნებია. მალე ქოლერის გავრცელების გამო გადასულა შუამთის მონასტერში, სადაც დაპატიმრებამდე მონასტრის წინამძღვრად ყოფილა [6].
![]() |
| ფილადელფოს კიკნაძე |
1832 წლის შეთქმულების გაცემის გამო ფილადელფოს კიკნაძე მეორედ
დაუპატიმრებიათ. რვა თვის პატიმრობის შემდეგ, 1833 წლის 5 სექტემბერს,
ის საპატიმროში გარდაცვლილა, რისი მიზეზიც საპატიმროს შტაბ მკურნალ ნიკოლაისა და პოდპოლკოვნიკ შესტენკოს ცნობით, ყოფილა კუჭის ანთება [8]. სინამდვილეში იგი იმსხვერპლა იმ სასტიკმა არაადამიანურმა პირობებმა, რომელშიც მას პატიმრობაში ამყოფებდნენ.
ჩვენი კვლევის
მიზნებისათვის ფილადელფოს კიკნაძის მოღვაწეობიდან უნდა გამოვყოთ საიდუმლოს ანბანის შექმნა, რომელიც მან ქართული მხედრული და ხუცური, აგრეთვე რუსული და ლათინური ანბანის გამოყენებით შექმნა და რომლითაც, როგორც აღვნიშნეთ, უმთავრესად საქართველოში მყოფი შეთქმულნი
სარგებლობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, პრაპორშჩიკმა,
შემდგომში დრამატურგმა, თავადმა გიორგი ერისთავმა (1813-1864) 1833 წლის 9 მაისს საგამოძიებო
კომისიას განუცხადა: „ჩვენ არა თუ არა ვმალავდით მას (საიდუმლო ანბანს - მ. ც.), არამედ, პირიქით, ჩვენი სურვილი იყო
დაგვენერგა იგი მოსახმარებლად“-ო [8].
ჩვენამდე
მოღწეულ საგამოძიებო მასალებში (დაპატიმრებამდე
ფილადელფოსმა ბევრი თავისი ნაწერის განადგურება
და დაწვა მოასწრო) დაცულია გიორგი ერისთავის ფილადელფოსისადმი საიდუმლო ანბანით
მიწერილი ორი მნიშვნელოვანი წერილი [6], რომელთაგან
ერთ-ერთის ფოტოპირის ფრაგმენტი მოყვანილია ნახ.1.-ზე.
ქვემოთ ვიმოწმებთ აღნიშნული წერილის
ტექსტის მცირე ნაწილს, რომელშიც ადრესანტი ადრესატს ატყობინებს შეთქმულებაში ახალ წევრთა ჩართვის შესახებ და რომლითაც, ვფიქრობთ, თვალსაჩინოა
ამ წერილის მნიშვნელოვნება:
„მამაო ფილადელფოს…
მომილოცავს ალექსანდრეს აქტის
ჩლენობა (იგულისხმება შეთქმულების წევრობა - მ.
ც.) თავისი ძმითურთ, აგრეთვე ჩემის ბიძაშვილისა შანშეს შვილისა, ამათ ბევრი პარტია ჰყავთ და ცდილობენ მათს მოყვანას. ჩემს წილად ესენი ვიშოვნე და უნდა ვიშოვნო: ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანნი, ელიზბარ და დიმიტრი ერისთავნი. ამ ოთხთ უკვე იციან.
ერთ კვირაზედ თავს დაგიკვრენ შემდგომნი.
თავადი დავით ჯორჯაძე, სოლომონ დოდაევი…“
შენი გიორგი, 15-ს ივნისს“[6].
აქ ნახსენები პირნი არიან შეთქმულების მეთაურებად შერაცხული ალექსანდრე ორბელიანი (1802-1869), ელიზბარ
ერისთავი (1810-1872) და სოლომონ დოდაშვილი
(1805-1836), აგრეთვე მისი აქტიური წევრნი: ვახტანგ
ორბელიანი (1812-1890), დიმიტრი ერისთავი
(1811-1854) და დავით ჯორჯაძე (1810-1866).
საიდუმლო ანბანი სცოდნიათ შეთქმულების სხვა მონაწილეებსაც - იმ დროს თბილისის გიმნაზიის მასწავლებელს დიმიტრი ყიფიანს (1814-1887) და თელავის მაზრის
მემამულეს, პრაპორშჩიკ დავით ერისთავს (1795-?),
რომლის საიდუმლო ანბანით მიწერილი წერილი ფილადელფოსისადმი ასევე დაცულია საგამოძიებო მასალებში [6].
ისევე, როგორც შეთქმულთა უმეტესობამ, სასჯელის თავიდან აცილების მიზნით
ფილადელფოს კიკნაძემაც საქმის გამოძიებისას უარყო თავისი რაიმეგვარი მონაწილეობა შეთქმულებაში. ანბანთან დაკავშირებით საგამოძიებო
კომისიას მან განუცხადა, რომ ანბანი მან შეთქმულებამდე ბევრად ადრე, 1820 წელს
შექმნა და მისი გამოყენება რაიმე საიდუმლო მიმოწერისთვის ფიქრად არ ჰქონია. მას არ მოსწონდა ქართული ანბანი და ახლის
შექმნით მხოლოდ მისი გაუმჯობესება სურდა [6] .
შეთქმულების საგამოძიებო მასალებში დაცულია აგრეთვე ამ საიდუმლო ანბანის
ასოთა მოხაზულობის და მისი ქართულ მხედრულ
ასოებთან შესატყვისობის ცხრილი (ნახ. 2). ახალი
ანბანის შესახებ თავის ერთ-ერთ ჩვენებაში ფილადელფოს
კიკნაძე ამბობს: „გავსინჯე ბერძნული, ლათინური და რუსული (ანბანი - მ. ც.), რომ ყოველს
ასოს მხედრულს და ეკლესიურს აქვსთ ერთმანეთის მსგავსება და არის ერთი მეორიდამ გადაღებული
მიმსგავსებისამებრ მათისა. მეცა შევადგინე ეკლესიურის და მხედრულის ასოსაგან, რომელიც
იწერების ადვილად და აქვს ნაკვთნი მსგავსი რუსულისა და ლათინურისა“ [6].
მაშასადამე, ბერძნული, ლათინური და რუსული ანბანების შედარებისას ფილადელფოსს
შეუმჩნევია, რომ ასოებს (მხედრულს და ეკლესიურს)
აქვთ მსგავსება ერთმანეთთან და არიან ერთმანეთისაგან მიღებული. შედეგად მასაც განუზრახავს
შეექმნა ახალი ანბანი ერთი მხრივ მხედრული და როგორც თვითონ უწოდებს, ეკლესიური (ხუცური
- ასომთავრულისა და ნუსხურის ერთობლიობა - მ. ც.), მეორე მხრივ - ლათინური ასოებისაგან.
ახლა შევეცადოთ დავახასიათოთ შეთქმულთა საიდუმლო მიმოწერის ეს პროცესი, როგორც კრიპტოგრაფიული სისტემა.
იგი მოიცავს ორ მხარეს (მონაწილეს), - წერილის ადრესანტს („გამგზავნს“) და ადრესატს („მიმღებს“). მხარეებს სურთ ერთმანეთს გადასცენ საიდუმლო ინფორმაცია ისე, რომ ამ სისტემის გარეშე პირმა ვერ შეძლოს მისი მოპოვება.
საიდუმლო ანბანით (ნახ.2) დაწერილი,
მაგალითად, გიორგი ერისთავის ზემოთ მოყვანილი წერილის ტექსტი (ნახ. 1.) არის გადასაცემი ინფორმაცია,
ანუ ე. წ. ღია ტექსტი,
ადრესანტის მიერ ამ
ღია ტექსტის შესადგენად განხორცილებულ მოქმედებათა ერთობლიობა, ანუ მის
დასაწერად საიდუმლო ანბანის გამოყენება, არის შიფრაცია.
ადრესატის მიერ გზავნილის მიღების შემდეგ განხორციელებული მოქმედებები
ანუ მიღებული წერილის წაკითხვა ანბანთა შესატყვისობის
იგივე ცხრილის (ნახ. 2) გამოყენებით, არის შიფრაციის უკუ
პროცესი ანუ დეშიფრაცია.
დეშიფრაციის შედეგად ამოკითხული საიდუმლო ინფორმაცია, კერძოდ,
წერილის მხედრული
ასოებით დაწერილი ტექსტი, რომლის ფრაგმენტიც ზემოთ დავიმოწმეთ, არის შიფროტექსტი ანუ კრიპტოგრამა.
შიფრაცია/დეშიფრაციის აღწერილი ალგორითმის ერთობლიობა შეადგენს შიფრს [9,10,11] .
ნახ. 2.
რაც შეეხება გამოყენებულ ანბანთა შესატყვისობის ცხრილს (ნახ. 2), კრიპტოგრაფიული
ტერმინოლოგიით, იგი არის ე. წ. გასაღები ანუ ის საიდუმლო პარამეტრი, რომელიც ცნობილია და შეთანხმებულია მხოლოდ ურთიერთმოკავშირე მხარეებისათვის და რომელიც ცალსახად განსაზღვრავს კრიპტოგრაფიული ალგორითმისა და
შიფრის გამომავალ შედეგს. შიფრაციისა და დეშიფრაციის დროს
მთლიანად ამ ცხრილზე ანუ გასაღებზეა დამოკიდებული ინფორმაციის ღია ტექსტიდან შიფროტექსტად და პირიქით, შიფროტექსტიდან ღია
ტექსტად გარდაქმნის პროცესი.
ვინაიდან ადრესანტი და ადრესატი იყენებენ ერთსა და იმავე გასაღებს,
შეთქმულთა საიდუმლო მიმოწერის აღწერილი პროცესისა
და მაგალითის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით საქმე გვაქვს ე. წ. სიმეტრიული
კრიპტოგრაფიის შემთხვევასთან, რომელიც ხორციელდება საიდუმლო (სიმეტრიული) გასაღების ანუ ისეთი გასაღების საშუალებით, რომელიც
ერთია შიფრაცია/დეშიფრაციის პროცედურებისათვის და რომელიც 1976 წლამდე ერთადერთი გავრცელებული მეთოდი იყო [12].
მაშასადამე, ზემოთთქმულის საფუძველზე დგინდება, რომ 1832 წლის
შეთქმულთა მიერ
გამოყენებული საიდუმლო ანბანით მიმოწერის მეთოდი შეიძლება დახასიათდეს თანამედროვე კრიპტოგრაფიული ტერმინოლოგიისა და პარამეტრების
საშუალებით და რომ მისი სახით ჩვენ კვლავ საქმე გვაქვს სიმეტრიულ კრიპტოსისტემასთან, რომელსაც გააჩნია თავისი შიფრი, ღია ტექსტი, შიფროტექსტი და გასაღები, ხოლო მისი მონაწილენი თანამიმდევრობით და უპირობოდ ასრულებენ წესების ერთობლიობას, ე. წ. კრიპტოგრაფიულ
პროტოკოლებს.
ნახ. 1.-ზე მოყვანილი ანბანთა შესატყვისობის ცხრილიდან ჩანს, რომ შიფრი,
რომელსაც საიდუმლო ტექსტისთვის იყენებდნენ შეთქმულნი, მიეკუთვნება მარტივი ჩანაცვლების, იგივე მონოალფავიტურ შიფრს.
იგი წარმოადგენს ჩანაცვლებადი შიფრის, ანუ ისეთი შიფრის კერძო შემთხვევას, რომელშიც ხდება ღია ტექსტში ინფორმაციის ერთეულების ჩანაცვლება შესაბამისი შიფროტექსტით. ეს ერთეულები
(მეტწილად) შესაძლოა წარმოადგენდეს ერთ სიმბოლოს, ან ორ და მეტ სიმბოლოთა ჯგუფს განსხვავებით გადანაცვლებადი შიფრისგან, სადაც იცვლება სიმბოლოთა პოზიციები და არა თავად სიმბოლოები.
მარტივი ჩანაცვლების შიფრი მიეკუთვნება შიფრირების იმ მეთოდების კლასს, რომლებიც დაიყვანება განსაზღვრული
ალგორითმის მიხედვით შიფრირების ცხრილის შექმნაზე და რომელშიც ღია ტექსტის თითოეული სიმბოლოსათვის არსებობს
შიფროტექსტის სიმბოლოს ერთადერთი შემცვლელი სიმბოლო. შიფრირება მდგომარეობს სიმბოლოების
შეცვლაში ცხრილის მიხედვით, ხოლო დეშიფრაციისათვის სავსებით საკმარისია იგივე ცხრილის
ქონა ან იმ ალგორითმის ცოდნა, რომლის მიხედვითაც ის გენერირდება. აღვნიშნოთ ისიც, რომ მარტივი ჩანაცვლების
შიფრი ყოველთვის არ გულისხმობს სიმბოლოს ჩანაცვლებას
მხოლოდ ერთი სიმბოლოთი, შესაძლებელია მისი
შეცვლა ასევე რიცხვით.
მარტივი ჩანაცვლების შიფრებს მიეკუთვნება უძველეს ხანასა და შუა საუკუნეებში
გაჩენილი შიფრაციის მრავალი ხერხი, როგორებიცაა მაგალითად, ატბაში (ეტბაში) და ცეზარის შიფრი.
ასეთი შიფრების გასატეხად გამოიყენება სიხშირული კრიპტოანალიზი [13].
ჩვენს შემთხვევაში შიფრაციისას
ხდებოდა ქართული მხედრული ასოების შეცვლა ფილადელფოს კიკნაძის მიერ შექმნილი ახალი
ანბანის შესაბამისი ასოთი, ხოლო დეშიფრაციისას
- პირიქით.
სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი ქართული კრიპტოგრაფიული სისტემების კლასიფიკაციის
მიხედვით ფილადელფოს კიკნაძის მიერ შექმნილი ანბანი ყველაზე ახლოსაა ე. წ. სხვა დაწერილობის სისტემასთან, ანუ ისეთ სისტემასთან, როცა ქართული
ტექსტი იწერება რომელიმე
უცხო ენის (ძირითადად
ბერძნული, ლათინური, სომხური
და სლავური) ანბანით, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ქართული ტექსტი იცვლება არა რომელიმე უცხო ენით, არამედ ახალშექმნილი ანბანით.
სტატიაში
წარმოდგენილი კვლევა მეტად მნიშვნელოვანად გვესახება როგორც ზოგადად კრიპტოგრაფიისათვის, ასევე ისტორიული მეცნიერებისათვის - საიდუმლო ანბანის
გამოყენება ქართველ შეთქმულთა მიერ ქართული
კრიპტოგრაფიისა და 1832 წლის შეთქმულების ისტორიის ერთი თვალსაჩინო და საგულისხმო ფურცელია.
Cryptographic
Issues of the 1832 Conspiracy - secret
alphabet
Maia
Tsertsvadze
Abstract
The article discusses one
issue of the cryptography of a very important event in the history of Georgia -
the conspiracy of 1832. It is the means of secret correspondence introduced by
the conspirators for the conspiracy of their activities - the secret alphabet,
which was created by one of the ideological leaders of the conspiracy, monk
Filadelfos Kiknadze. It was mainly used to exchange secret information between
conspirators in Georgia.
The paper discusses the
process of using this alphabet for secret correspondence by conspirators,
presents it as a cryptosystem and characterizes it by means of modern
cryptographic terminology and parameters. It is established that it belongs to
the symmetric cryptosystem, in which simple substitution, the same
monoalphabetic cipher, is used for encryption.
The conducted research is
important both for cryptography in general and for historical science - the use
of the secret alphabet by Georgian conspirators is one visible and significant
page in the history of Georgian cryptography and the conspiracy of 1832.
ლიტერატურა – References
- ჯავახიშვილი ივ. ისტორიის
მიზანი, წყაროები და მეთოდები, წარსული და აწმყო. წიგნი III, ნაკვეთი I. ქართული
პალეოგრაფია. 1949, გვ. 150–151.
- ათანელიშვილი ლ. ძველი
ქართული საიდუმლო დამწერლობა. „მეცნიერება“. თბილისი. 1982.
- ჯოლოგუა თ. 1832 წლის
შეთქმულებისთვის. ჟურნალი „ლიტერატურული ძიებანი“. 2017, №38, თბილისი. გვ.
55–72.
- ცერცვაძე მ. 1832 წლის
შეთქმულების კრიპტოგრაფიის მეთოდი. საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომები # 27. თბილისი. 2023, გვ.
136–143;
- ცერცვაძე მ. 1832 წლის
შეთქმულთა საიდუმლო მიმოწერა. სემიოტიკის კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ჟურნალი
„სემიოტიკა“,,
ტ. XXIII, 2023, გვ. 189-196.
- ხომერიკი მ. 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ბერი ფილადელფოს კიკნაძე. „მემატიანე“, თბილისი. 1999.
- გოზალიშვილი გ. 1832
წლის შეთქმულება. ტ. 1. სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ტფილისი.
1935. გვ. 111–116, 102–103, 35, 264.
- გოზალიშვილი გ. 1832
წლის შეთქმულება. ტ. 2. „მერანი“. თბილისი. 1970. გვ. 122, 264, 294–295.
- გოზალიშვილი გ. 1832
წლის შეთქმულება. ტ. 3. „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1976. გვ. 53, 229,
231, 215.
- Fred Piper and Sean
Murphy Cryptography: A Very Short Introduction. Oxford University Press
Inc.. New York. 2002.
- Moldovyan A. А.,
Moldovyan Н. A., Sovetov B. Я. Cryptography. "Lan". SPb. 2000.
- ასათიანი თ., ლომინაძე
თ., ლომინაძე ნ., ფაფიაშვილი რ. კრიპტოგრაფიის საფუძვლები. „ტექნიკური უნივერსიტეტი“.
თბილისი. 2021.
- კეკელია ვ., კოტრიკაძე
გ. კრიპტოგრაფიის სიმეტრიული სისტემების მეთოდები და მოდელები. „ტექნიკური უნივერსიტეტი“.
თბილისი. 2016.
- Shnayer B. Substitution ciphers. Applied Cryptography. Protocols, Algorithms and Source Code in C. “Triumph”. Мoscow. 2002.
ზვიად გამსახურდიას ლექსის ევფონია –
პოეტური კრებულის „მთვარის ნიშნობა“ მიხედვით
მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2019 წლის 10 აპრილს.
დაიბეჭდა კონფერენციის მასალების კრებულში:
„ზვიად გამსახურდია - პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა“,
„არტანუჯი“, „უახლესი ისტორიის ცენტრი“, 2020

1989 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა ზვიად გამსახურდიას პოეტური კრებული „მთვარის ნიშნობა“. იგი მოიცავს 36 ლექსსა და ორ პოეტურ ციკლს: „კოსმიური წირვა“ და „ტერენტი გრანელი“.
წიგნის წინასიტყვაობაში პოეტი აღნიშნავს:
რეზიუმე
მაია ცერცვაძე
დაიბეჭდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, ##9-10, 2015
![]() |
| გიორგი ერისთავი |
ამ მხრივ მნიშვნელოვნად გვესახება კომენტირება დრამატურგ გიორგი ერისთავის (1813-1864) გრიგოლ ორბელიანთან (1804-1883) გაგზავნილი ერთი წერილისა. იგი დაწერილია იმ დროს, როდესაც წერილის ადრესანტიცა და ადრესატიც რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგო 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ქვეყნის ერთსა და იმავე განაპირა ვილნოს (დღევანდელი ვილნიუსი) გუბერნიაში გადასახლებაში იმყოფებოდნენ.
![]() |
| გრიგოლ ორბელიანი |
![]() |
| ეკატერინე ჭავჭავაძე |
![]() |
| ივანე მუხრან-ბატონი |
![]() |
| გენეალოგიური ტაბულა |
[9] ოტპუსკი – (რუს. Отпуск) შვებულება. გიორგი ერისთავს სცოდნია, რომ იმ ხანებში გრიგოლ ორბელიანი შვებულებით სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა. „არზა ოტპუსკისა მივეც. დღეს დეჟურნოს შტაბ აფიცარსაც უთხარ, მაგრამ იმან მიპასუხა, რომ არ ვიციო, გაგიშვებენ თუ არაო; მეც ვჰსთქვი რომ ვჰსცდი მეთქი, თუ გამიშვეს კარგია და თუ არა თავს არ გამიტეხენ მეთქი“; „მე ოტპუსკში მივეც არზა ერთის წლობით და მგონია რომ დეკემბერში გამომივიდეს“ - გრიგოლ ორბელიანის 1836 წლის 16 სექტემბრის და 28 ნოემბრის წერილებიდან ძმის ილია ორბელიანისადმი (იხ. XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტომი II - გრიგოლ ორბელიანი (ნაწილი I). ტომის რედაქტორები: პროფესორი ქეთევან გიგაშვილი და პროფესორი მარიამ ნინიძე. გამომცემლობა „საარი“. თბილისი. 2012 წ. გვ. 90, 91). 1837 წლის 14 იანვრის წერილით, რომელსაც ის თავის ძმას ზაქარიას უგზავნის, ვიგებთ, რომ გრ. ორბელიანის საქართველოში შვებულებით ჩამოსვლა გაჭიანურებულა: „ჩემო საყვარელო ძმაო ზაქარია! ყოველივე ჩემი საქმე ჯანჯალია. არზა ოტპუსკისა დამიბრუნეს ამის მიზეზით, რომ რადგანაც არზაში ვჰსწერივარ პორუჩიკობით და ეხლა მე ვარ შტაბსკაპიტანი, ამისთვის უნდა არზა გამოიცვალოსო, მამაძაღლებმა ოთხი თვე გავიდა და ეხლა დამიბრუნეს. ჯავრით აღარა ვარ. როტაც მივაბარე, ვიყავ ჩემთვის თავისუფლად, под предлогом болезни და ყოველს ფოჩტაში მოველოდი ოტპუსკსა. ეხლა, რა უყო, ოთხი და ხუთი თვე კიდევ მომიგვიანდება, მანამ გამოვა разрешение. უნდა ხელმეორედ მივიბარო როტა და მისთანა ჯანჯალი საქმეები. - ახ!... ხვალ მივდივარ ბირჟაში, ესე იგი პოლკის შტაბში, არზის მისართმევად ხელმეორედ. (იგივე წყარო გვ. 97). „მივიღე არზა ოტპუსკისა ერთისწლობით“ - 1837 წლის 1 ოქტომბრის წერილი მარიამ დედოფლისადმი (იგივე წყარო, გვ. 100).










No comments:
Post a Comment