Friday, September 3, 2021

 მ ი ტ უ შ ა ს ლ ე კ უ რ ი

    მიტუშა აბაშიძეს პირველად ელისაბედ (ლიზა) ერისთავის მოგონებებში გადავაწყდი. მწირ ცნობებს გვაწვდის მასზე მემუარისტი - მშვენიერი მეთარე, მომღერალი და განთქმული მოლეკურე იყოო. მაშინ გავარკვიე, რომ ქაქუცას „ამბებთან“ ყოფილიყო ის როგორღაც დაკავშირებული და იმ დღეებს შესწირვოდა, როცა იელვა.
    „მიტუშა აბაშიძე - ტიპი“ - ამოვიკითხე მოგვიანებით მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერებში. ცნობისწადილმა მომკლა. ვინ ვინ და დიდი მწერალი უსაფუძვლოდ არავის და არაფერს ჩაინიშნავდა „ტემებით“ აჭრელებულ თავის უბის წიგნაკში.
    ჩემი ცოდნა მიტუშას შესახებ ბოლოს ივანე ციციშვილის ახლახან გამოცემულმა მოგონებებმა შეავსო.
    გორის მაზრის მემამულეს დიმიტრი (მიტუშა) აბაშიძეს ხაშურის მახლობლად, სოფელ ზემო ჭალაში უცხოვრია. შეძლებული მშობლების ლევან აბაშიძისა და ანა ყიფიანის შვილი ყოფილა, შეძლებულივე ბიძის ერთადერთი მემკვიდრე. ცოლადაც მდიდარი ქალი, აბესალომ მაჩაბლის ასული უთხოვია.
    ახალგაზრდა, ლამაზ, მარდ და კარგ მოცეკვავედ, მაგრამ უსწავლელ, ქარაფშუტა და მოქეიფე კაცად იხსენიებენ მას.
    „მიტუშამ მალე შეჭამა თავისი ქონება და სავსებით გალოთებული სურამ-ხაშურის კინტოებსა და ძმა-ბიჭებში აღამებდა თავის დროს, სანამ 1924 წელს, სხვებთან ერთად ისიც არ შეიქნა ბედის მსხვერპლი“ -ო, გადმოგვცემს მემუარისტი.
    აი, როგორ მომხდარა ეს ამბავი:
    ხაშურის რაიონში რომ ადგილობრივი თავად-აზნაურნი, მღვდლები და ჩარჩ-ვაჭრები დაუპატიმრებიათ, ნაწილისთვის სიკვდილის განაჩენი გამოუცხადებიათ და მის აღსასრულებლად ქალაქგარეთ გაუყვანიათ. მათ შორის ყოფილა მიტუშაც. სადამსჯელო რაზმში მისი ის მეგობრებიც ერივნენ, ვისთან ერთდაც მას დრო ეტარებინა. მიტუშას ასე მიუმართავს მათთვის: „ბიჭებო, თქვენ რომ ბრძანების შეუსრულებლობა არ შეგიძლიანთ, ეგ მეც ვიციო, მარა ამ თქვენს მეზობელს და თქვენთან შეზრდილს ეს სურვილი ამისრულეთო: სიკვდილის წინ ერთიც მაცეკვეთო“.
    ერთ ბიჭს ჯიბეში სტვირი სდებია და დაუკრავს, მეორეს თოფის კონდახზე დაირის ხმა აუყოლებია. ხელებშეკრული მიტუშა გამოვარდნილა და გაუსვამს თავისებურად. ამ დროს უგრიალია თოფს. „გულაღმა დაცემულ მომაკვდავ მიტუშას კვლავ ღიმი უკრთოდაო“, - ასრულებს ავტორი ტრაგიკულ ამბავს.
    გაივლის კიდევ ცამეტი წელი და ბედი მდევარი მიხეილ ჯავახიშვილსაც ეწევა, სიცოცხლეს გამოასალმებს და სხვა ოცნებებთან ერთად მიტუშას პერსონაჟად ქცევის ოცნებასაც თან გააყოლებს.
    განგების ძალით მისმა ამბავმა მაინც მოაღწია ჩვენამდე და თუ ფიქშენმა დაკარგა, ნონფიქშენმა გაგვიცოცხლა მწერლის თვალდადგმული „ტიპი“ -
მკვდარი ხაშურთან,
არ ვიცით, სად გასვენებული:
მ ი ტ უ შ ა ა ბ ა შ ი ძ ე.
✍ მაია ცერცვაძე. „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“, გაზეთი „ლიტერატურულ საქართველო“, 2020 წლის 16 ოქტომბერი, #23(3993)

დიმიტრი (მიტუშა) აბაშიძე (1879 – 1924)ედასთან და ქალიშვილთან ერთად  - ფოტო ციფრული ფოტომატიანე „ივერიელის" კოლექციიდან