მაია ცერცვაძე
ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილების მხატვრული ენა – კონტამინაციები და აპლიკაციები
სამეცნიერო კრებული „ლიტერატურული ძიებანი“ ("Literary Researches"),
XL, 2019-2020
ნიკოლოზ ბარათაშვილის მრავალმნიშვნელოვანი პირადი წერილების ერთ-ერთ საყურადღებო თავისებურებას მისი მხატვრული ენა წარმოადგენს. იგი ტროპებთან, ხატოვან თქმებსა და პოეტური მეტყველების სხვა კომპონენტებთან ერთად გულისხმობს ციტირების მხატვრული სახეების - კონტამინაციების და აპლიკაციების გამოყენებასაც, რომელთაც ავტორი გარკვეული ფუნქციური მიზადასახულებით მიმართავს.
როგორც ცნობილია, კონტამინაცია (ლათ. contaminatio – შეჯვარება, დამახინჯება) გულისხმობს ნაწარმოების
ტექსტში სხვა ნაწარმოების ტექსტის შეტანას არა ციტატის, არამედ ორგანულ ნაწილად, ზოგჯერ
სახეცვლილებითაც, ხოლო აპლიკაცია ჩართულია მხატვრულ ტექსტში უცვლელი სახით (ჭილაია
2003: 79). ცხადია, კონტამინაციებად და აპლიკაციებად ვერ ჩაითვლება წერილებში ჩართული
ავტორისეული ლექსები, რომლებსაც ის შესაფასებლად უგზავნის იმ ადრესატებს, რომელთა ლიტერატურულ
გემოვნებასაც ენდობა და ანგარიშგასაწევად მიიჩნევს (გრიგოლ ორბელიანი, მაიკო ორბელიანი)
და რომელთაც ადრესანტის შეაბამისი განმარტებაც ახლავს.
წარმოდგენილი გამოკვლევა ნიკოლოზ ბარათაშვილის პირად
წერილებში კონტამინაციებისა და აპლიკაციების გამოყენებისა და მათი ფუნქციური მიზანდასახულების
ანალიზს ეძღვნება. განვიხილოთ მათი მაგალითები. წერილების ტექსტი დამოწმებული გვაქვს
პოეტის პირადი წერილების უკანასკნელი კომენტირებული გამოცემის მიხედვით („არტანუჯი”, 2015).
1. 1837 წლის თებერვალს გრიგოლ ორბელიანთან
გაგზავნილი წერილის ბოლოს ვკითხულობთ: „ძიავ, ეს ლექსები დიდი ხანია დაწერილი მქონდა.
მაგრამ ფოჩტას ვერ ვანდე კიდევ, რა ვიცი, როგორ მომხდარიყო, იქნება, დაკარგულიყო, და
მერმე: პ...… „არ ვინ იცის, რა გამოვა რისაგან“ (ბარათაშვილი 2015: 18) (ხაზგასმა აქ და ყველგან
ჩვენია – მ. ც.).
პოეტი გულისხმობს წერილში ჩართულ თავის ლექსებს „ძია გ...სთან” და
„ღამე ყაბახზედ”, რომელთაც ის ბიძას უძღვნის და მასვე უგზავნის შესაფასებლად.
ი.
გრიშაშვილის (1889-1965) ბიბლიოთეკა-მუზეუმშია დაცულია ნ. ბარათაშვილის თხზულებების
1922 წლის გამოცემის ეგზემპლარი, რომელზეც გაკეთებულია საყურადღებო მინაწერებისა და
მარგინალიების გათვალისწინება საჭიროდ მიგვაჩნია ნ. ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის
კვლევისას. ამ ეგზემპლარზე მოხაზულია სტრიქონი: „არ ვინ იცის. რა გამოვა რისაგან” და
მიწერილია: „ეს საიათნოვას ლექსიდანაა“. სამწუხაროდ, მკვლევარი არ აკონკრეტებს, საიათნოვას
რომელი ლექსიდანაა აღნიშნული სიტყვები. ა. გაწერელიასა და გ. ლეონიძის აზრით, ის წარმოადგენს
თავისებურად შეცვლილ რეფრენს საიათნოვას ლექსისა
„შე საწყალო ჩემო
თავო, რა იქენ“ (ბარათაშვილი 2005: 191). რეფრენი ასე იკითხება: „რომელს დავაბრალო, რისაგან არის,/ეს საქმენი
ჩვენი ჭკვისაგან არის“ (გრიშაშვილი
1918: 107). ნ. ბარათაშვილის სიტყვების მსგავსება ზემოთმოყვანილი ლექსის რეფრენთან,
ვფიქრობთ, არც ისე თვალსაჩინოა. „არვინ იცის, რა გამოვა რისაგან“ უფრო მოარულ ფრაზას ჰგავს, რომლის პირველწყარო
შეიძლება საიათნოვას სხვა რომელიმე ლექსის ტაეპი იყოს. ნათქვამის დასტურად შეიძლება
ითქვას, რომ მას ვხვდებით ქართველ კლასიკოსთა (მაგ. ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის) ტექსტებშიც.
შდრ. 1). „ჩვენ
აქ არც ერთის დამტკიცება გვინდა, არც მეორისა, ხოლო გვიკვირს ასე გადაწყვეტილად ლაპარაკი
იქ, საცა არავინ იცის, ჯერ რა გამოვა რისაგან, და ბ-ნმა მარმა რად ინება ასეთი ლაპარაკი?“ (ჭავჭავაძე 1987: 44); 2). „ნუ დაივიწყებთ,
რომ ერთგან სადღაც გამბეტას წამოსცდა, რომ ელზას-ლოტარინგია შეიძლება უსისხლოდაც დაგვიბრუნდესო.
არვინ იცის, რა გამოვა რისაგან“ (ჭავჭავაძე 2019ა: 3); 3). „რასაკვირველია, „არ ვინ იცის, რა გამოვა რისაგან“, მაგრამ ეს აზრი ძირეული აზრია სამივე პაწია
სახელმწიფოსი, მით უფრო, რომ გაწევ-გამოწევა დღესაც შესაძლებელია, რადგანაც პირველი
ამისი მაგალითი ასეთის გამარჯვებით ბოლგარიამ აჩვენა ყველას“ (ჭავჭავაძე 2019ბ: 2); 4). „მაგრამ ცისარტყელაც
რომ არსად სჩანს? ამ მწუხარე ფიქრებს ჰფანტავს შემდეგი სიმღერით: „არვინ იცის, რა გამოვა რისაგან!... თუ რომ
ხმები გაიყოფა მტრისაგან და სხვ“ (კვარკვალიტა 2019: 1).
2. სახარებისეული
ფრაზის წერილის ტექსტთან კონტამინაციურად შერევის საინტერესო მაგალითი გვხვდება მაიკო
ორბელიანთან გაგზავნილ პოეტის 1842 წლის 31 ოქტომბერის წერილში: „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი?“ (ბარათაშვილი 2015: 104). ესაა ფრაზა მათეს და ლუკას სახარებებიდან. შდრ.
„ჰრქუა მას იესუ:
მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა
თავი მიიდრიკო“
(მათე 8, 20) (ლუკა 9, 58) (ქართული ოთხთავის... 1979: 282, 477). ის რიტორიკული შეკითხვის
სახით მხატვრული მიზანდასახულობითაა ჩართული წერილის ცნობილ პათეტიკურ პასაჟში, რომელშიც
ადრესანტი თავის სულიერ ობლობაზე ჩივის და ესადაგება მის გუნება-განწყობას.
აპლიკაციების გამოყენების თვალსაჩინო ნიმუშები გვხვდება
გრიგოლ ორბელიანთან 1843 წლის 21 აგვისტოს გაგზავნილ წერილში:
3.
„მამა ეგნატიმ თავი
დაგიკრა იმიერ-სოფლითგან, ერთი თვეა, რაც გარდაიცვალა. საწყალი! Вотъ человекъ,
который, по своему положению въ свете, более всехъ страдал. Минувшее проходило
перед нимъ и вольновалось, как море-океанъ“ (ბარათაშვილი 2015: 117).
მოყვანილი რუსული ტექსტი, რომლის ქართული თარგმანია: „აი, ადამიანი, რომელიც თავისი მდგომარეობით საზოგადოებაში ყველაზე მეტად იტანჯებოდა. წარსული მიდიოდა მის წინაშე და ღელავდა, როგორც ზღვა-ოკეანე“ (თარგმანი ეკუთვნის პ. უმიკაშვილს) წარმოადგენს პერიფრაზს ალექსანდრ პუშკინის ტრაგედიის „ბორის გოდუნოვის“ პერსონაჟის, ჩუდის მონასტრის ჟამთააღმწერი ბერის, მამა პიმენის სიტყვებისა:
«На старости я сызнова живу,
Минувшее проходит предо мною —
Давно ль оно неслось, событий полно,
Волнуяся, как море-окиян?»
(Пушкин 1976: 211)
მამა პიმენის სახე გამორჩეულია ნაწარმოებში. ის არის დიდი გამოცდილების მქონე, მრავლისმნახველი და მრავალჭირგამოვლილი, ამავდროულად მართალი და მართლისმთქმელი, შემოქმედებითი ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი. პიმენი პირუთვნელ ჟამთაღმწერელთა თვისებების მატარებელია, დღენიადაგ ხალხსა და სახელმწიფოს ბედზე მოფიქრალი. ისტორიასა და გარდასულ ამბებს ის შეულამაზებლად აღწერს და უტოვებს მომავალ თაობებს, რათა მათ აღარ გაიმეორონ წარსულის შეცდომები. პოემის ეს გამოგონილი პერსონაჟი თავისი თვისებებით _ თვინიერებით, მიამიტობით, ღვთისმოსავობით, ასევე განსწავლულობით, სიბრძნითა და გულმოდგინებით ნ. ბარათაშვილს ეგნატე იოსელიანის პიროვნებას და მის ხასიათს აგონებს. მათი მსგავსება თვალსაჩინო გახდება, თუ გავიხსენებთ, ვინ იყო ეგნატე იოსელიანი და რა ადგილი ეკავა მას თანადროულ ქართულ საზოგადოებაში. ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი (1766-1843) გახლდათ სასულიერო პირი, სამეფო კარის მოძღვრის ონისიმეს შვილი, თავადაც მღვდელი, მეფე ერეკლე II-ის (1720-1798) კარის მწერალი და მოძღვარი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, ისტორიკოსის და არქეოლოგის პლატონ იოსელიანის (1809-1875) მამა. შეთქმულების საგამოძიებო კომისიამ იგი მიაკუთვნა დამნაშავეთა IX კატეგორიას, ანუ ისეთ პირთ, რომელთაც ბრალად ედებოდათ არა უშუალო მონაწილეობა, არამედ არაკეთილგანზრახული საუბრების მოსმენა. ეგნატე იოსელიანი ნ. ბარათაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი ყოფილა. კონსტანტინე მამაცაშვილის (1814-1900) გადმოცემით, „თითქმის ყოველდღე მელიტონთან დაიარებოდა ეგნატე იოსელიანი (მამა პლატონ იოსელიანისა). ეგნატე იოსელიანმა ჩინებულად იცოდა ქართული და სომხური ლიტერატურა, იყო ღრმად მოხუცებული, გაზდილი მეფის სასახლეში და მნახველი ჩვენის საქართველოს ცხოვრებისა წარსულს საუკუნეში, მეფის ირაკლიდგან მეფის გიორგის გარდაცვალებამდისინ“ (მამაცაშვილი 2005: 213). ეგნატე იოსელიანის პატრიოტობის დასახასიათებლად მრავლისმეტყველია მისი კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთისა და რუსი მმართველობისადმი საქართველოში: „არვინ ველოდით რუსთაგან ამას..., ახლა ვჰხედავთ რაოდენ ძნელი ნათესავი ყოფილა. ძლიერნი ძალთა სიმრავლითა, თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა, უცნობნი კაცთა, არა დამფასებელნი ღირსებათა, ცივად მხედველნი, ცივად მგრძნობელნი; მეფენი მათნი თვისთა ერთაგან დაშორებულან, და ვითარცა ტყვენი ვეზირთა ხელთა შინა. მიხედეთ ამათ მართლმსაჯულებასა? განა კაცი დააწყობს ესრეთსა სამსაჯულოსა? აზიურთა და ძველთა ჩვენთა სჯულის-დებათა ეცინიან რუსნი. განიხილონ რომელია უკეთესი, უმოკლესი და უმეტეს მართლ-მსაჯულებითი?... ესრეთ კეთილად დაწესებული სამეფო, ვითარცა საქართველოჲსა, სარწმუნოებითა, ეკკლესიებითა, მონასტრებითა, მდივან-ბეგობითა, სწავლითა და ხელოვნებითა, გუთნითა და ხვნითა, თესვითა და მკითა, პატიოსნებითა და ზრდილობითა აღსავსე, ესრეთ ბრწყინვალე სამეფოჲსა ტახტითა და თავად-აზნაურობითა, სამღვდელოთა წესითა და საეროჲსა სიმდიდრითა: თოფითა, ზარბაზნითა და ხალხისა სიმხნითა და ვაჟკაცობითა ჩაბარდა სადამდე დიდსა რუსეთისა იმპერიასა?!“ (იოსელიანი. 1995: 238).
4. „სხვა რაღა მოგწერო, მეც სამსახურში მივეშურები и вообще здесь «И
грустно, и скучно и некому руку подать в минуту душевной невзгоды!» (ბარათაშვილი 2015: 117).
ციტატა ოდნავ შეცვლილი - სიტყვებგადაადგილებული სახით მოხმობილია მიხაილ ლერმონტოვის (1814-1841) გვიანდელი (1840) ელეგიური ხასიათის ლექსიდან «И скучно и грустно»:
«И скучно и грустно, и некому руку подать
В минуту душевной невзгоды...
Желанья!.. что пользы напрасно и вечно
желать?..
А годы проходят - все лучшие годы!»
(Лермонтов 1985:
100)
ბ. ბელინსკი ამ ლექსს პოეტის საუკეთესო ლექსად მიიჩნევდა და უწოდებდა მას „ყველა ოცნების, ყველა ადამიანური გრძნობის, ცხოვრების ყველა მომხიბლაობის სულშემზარავ რექვიემს“ («Потрясающий душу реквием всех надежд, всех чувств человеческих, всех обаяний жизни!»). მისი პათოსი კარგად ესადაგებოდა ოცნებებდამსხვრეული ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერ დრამასა და იმდროინდელ მსოფლშეგრძნებას და ამის გამო, ჩანს, მას ჰყვარებია ამ ციტატის მოხმობა - იგივე სიტყვებით გამოხატავს თავის გუნება-განწყობილებას ის თავის მამიდაშვილთან ალექსანდრე საგინაშვილთან (1808-1887) 1845 წლის 23 აგვისტოს მურუთიდან გამოგზავნილ წერილში: „მაგრამ ტყუილად ვხუმრობ: скучно, грустно” (ბარათაშვილი 2015: 235).
5. მაიკო ორბელიანთან გაგზავნილ 1842 წლის 31 ოქტომბრის წერილის სევდა-ნაღველით აღსავსე, მეტად ცნობილ და პოპულარულ პასაჟში („მაგრამ სულ ამაოა ჩემთჲს...“), რომელსაც ხშირად მიმართავენ და ციტირებენ ნ. ბარათაშვილის მკვლევარნი და ლიტერატურული მემკვიდრეობის მოყვარულნი პოეტის სულიერი ობლობის გამოხატულების დასტურად, აპლიკაციის სახით ჩართულია სტროფი ამ წერილამდე სამი წლით ადრე, 1839 წელს შექმნილი საკუთარი ლექსისა „სული ობოლი“:
„ძნელი არის მარტოობა სულისა,
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა ჰსწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“
(ბარათაშვილი 2015: 104).
შესაბამის ტექსტზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ წერილის ეს პასაჟი წარმოადგენს გადაძახილს დასახელებულ ლექსთან - ლირიკულ ლექსში წამოჭრილი მოტივი წერილში გრძელდება და უფრო კონკრეტულ სახეს იღებს.
განვიხილოთ ციტაციის სხვა მაგალითები:
5. მაიკო ორბელიანთან ნახჭევანიდან გაგზავნილ პოეტის 1845 წლის 9 თებერვლის წერილში ვკითხულობთ: „კრიანოსნები გეთხოვნათ. მე, დიდი ხანია, თავრიზიდგან ხუთი კრიანოსანი დავიბარე. აქამდისინ კიდეც უნდა იყოს მოსული კარანტინში (ოც და ათი ვერსი აქედგან). მაგრამ ჯერ კი არ გამოგიგზავნით, სანამ ტასოს ნება არ გექნებათ. ამიტომ, რომ მაგისთანა კრიანოსანი ერთი უნდა იყოს და, რაკი გამრავლდება, ლაზათი წაერთმევა, ხომ გაგიგონიათ:
„რაკი ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს აღარც ჩირად!“
(ბარათაშვილი 2015: 192).
მეგობარი ქალისადმი თავისი მსჯელობის გასამყარებლად ბარათაშვილი მიმართავს და ოდნავ სახეცვლილი სახით მოხდენილად და შესაფერისად იმოწმებს ტაეპს „ვეფხისტყაოსნიდან“ - უნდა იყოს: „ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს აღარც ჩირად“ (რუსთაველი 1957: 887).
ანდაზები:
6. გრიგოლ ორბელიანთან პოეტის 1841 წლის 28 მაისს გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
„შევიტყეთ, რომ თურმე фრანციცულს ჰსწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: „სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო!“ (ბარათაშვილი 2015: 51).
აღმოსავლური წარმომავლობის ქართული ანდაზა: „ბერიკაცი რომ ჭიანურზე დაკვრას ისწავლის, საიქიოს გამოადგება“ ითქმის იმ შემთხვევებზე, როცა ხანდაზმულობისას ცოდნისა და უნარების შეძენას კაცისთვის აზრი აღარ აქვს, რადგან სიცოცხლეს ის მალე დაამთავრებს და მათ ამქვეყნად დიდხანს ვეღარ გამოიყენებს. მისი ვარიანტებია: „კაცი რომ სიბერეში ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო“, „ორმოცი წლის კაცი რომ ჩონგურის სწავლას დაიწყებს, საიქიოს დაუკრავსო“ (ანდაზები... 1965:) გვხვდება ქართველ კლასიკოსთა ტექსტებშიც. აღსანიშნავია, რომ ი. გრიშაშვილს ნ. ბარათაშვილის თხზულებათა 1822 წლის გამოცემის საკუთარ ეგზემპლარზე მიწერილი აქვს: „აკაკიმ აქედან გალექსა: „მოხუცი აქ რომ ჩონგურს ისწავლის, ის საიქიოს გამოადგება”. იგულისხმება მასხარას სიტყვები აკ. წერეთლის დრამატული პოემიდან „თამარ ცბიერი“ (წერეთელი 2014: 43). შდრ. აგრეთვე სტროფი გალაკტიონის ლექსისა „*** მთებს გახედავ: სიზმარია“ ციკლიდან „პაციფიზმი“:
„- სწავლობს, მაგრამ გვიან არის,
ბედს დაღად ზედ დაუკრავს –
ვინც სიბერის ხანში სწავლობს,
საიქიოს დაუკრავს“
(ტაბიძე 2017: 185).
იგივე სტროფი ჩაწერილი აქვს გ. ტაბიძეს 1929 წლის დღიურში 44 საერთო სათაურით: „[აღმოსავლეთის] ხალხური მოტივებიდან“ (ტაბიძე 2019: 1).
მართალია, ამ სიტყვებს ადრესანტი სხვას („ერთმა ქალმა“-ო) მიაწერს, მაგრამ, ვფიქრობთ, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ თვითონაც იყოს მისი ავტორი – ამის თქმის საფუძველს წერილებში გაცხადებული ბიძასთან შეხუმრებული ტონი გვაძლევს. წერილის დაწერის დროისათვის გრიგოლ ორბელიანი მართლაც ოცდაათ წელს გადაცილებული – 37 წლის იყო.
7. გრიგოლ ორბელიანთან პოეტის 1844 წლის 23 მაისს გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
„ვიცი, გიამება, კ[ატო] დავნიშნეთ რ[ევაზ] ე[რისთავ]ზედ. რუსულად არის ნათქვამი (იქნება ქართულადაც იყოს და მე კი არ ვიცი): суженнаго
конем не объедишь“ (ბარათაშვილი 2015: 163).
«Суженого и
конем не объедишь» – რუსული ანდაზა: „საბედოს ცხენითაც კი ვერ აუვლი გვერდს“. მის
ქართულ შესატყვისად შეიძლება მივიჩნიოთ: „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი
შენი“. ითქმის იმის აღსანიშნავად, რომ საცოლე და საქმრო მეტად უხდებიან და შეეფერებიან
ერთმანეთს, რომ თავის ბედს ვერავინ ასცდება.
ცნობილია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს ძალიან მოსწონდა და თავისი უფროსი დის ეკატერინესთვის
მეტად საფერ საქმროდ მიაჩნდა რევაზ ერისთავი: „ბიჭიც კარგია და ოჯახიც კარგი აქვს“
-ო, სწერდა ის ბიძას ზაქარია ორბელიანს 1844 წლის 15 აპრილის წერილში (ბარათაშვილი
2015: 148).
როგორც
ზემოთ განხილული მაგალითები გვიჩვენებს, ნიკოლოზ ბარათაშვილი პირადი წერილებში თხრობას
ამდიდრებს კონტამინაციებითა და აპლიკაციებით. ამ მიზნით ის იყენებს როგორც ქართველი,
ასევე რუსი კლასიკოსების (რუსთაველი, პუშკინი,
ლერმონტოვი) ტექსტებს, ბიბლიურ ფრაზებს, ქართულ და რუსულ ანდაზებს, ასევე ქალაქური
ფოლკლორის გავრცელებულ ნიმუშებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ პოეტის წერილების
მხოლოდ მცირე ნაწილმა (სულ 18 წერილმა) მოაღწია ჩვენამდე და მათი რიცხვი გაცილებით
დიდი იყო, რაც კარგად ჩანს თვით ამ გადარჩენილი წერილების ტექსტებიდან და სხვა მასალებიდან,
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა მრავალფეროვანი იქნებოდა მისი წერილები ციტაციების მხრივ.
ეს ფაქტი და ისიც, რომ მოხმობილი ციტატები ორგანულად და მეტად ბუნებრივად, გარკვეული
ფუნქციური და მხატვრული მიზანდასახულებით ერწყმის ძირითად ტექსტს, მეტყველებს წერილების
ადრესანტის როგორც ნაკითხობისა და წიგნიერების მაღალ დონეზე, ასევე მის დახვეწილ ლიტერატურულ
გემოვნებასა და მწერლურ ნიჭზე. თუ მწერლური ოსტატობის ერთ-ერთ სახასიათო ნიშანს საჭირო
ადგილას საჭირო სიტყვისა და ფრაზის ჩასმა წარმოადგენს, როგორც ამას მართებულად მიუთითებენ
ლიტერატურათმცოდნენი, მით უფრო ითქმის ეს ციტაციის სახეების – კონტამინაციებისა და
აპლიკაციების გამოყენების შემთხვევებზე.
ამის
გათვალისწიებით, ნიკოლოზ ბარათაშვილის წარმოგვიდგება დიდად ნიჭიერ პროზაიკოსადაც, რასაც
მისი წერილების მხატვრული ენის სხვა კომპონენტებთან ერთად გამოკვლევაში განხილული კომპონენტებიც
ცხადყოფს. ამ მხრივ რომანტიკოსი პოეტის პირადი
წერილები ქრესტომათიულად სანიმუშოდ გვესახება.
ნიკოლოზ ბარათაშვილი. პირადი წერილები. მოამზადა, შესავალი, კომენტარები, შენიშვნები, საძიებლები და გენეალოგიური ტაბულები დაურთო მაია ცერცვაძემ. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2015 |
დამოწმებანი:
- ანდაზები... 1965: ანდაზები, მახვილსიტყვაობა,
გამოცანები. ხალხური სიბრძნე 5 ტომად. ტ. 5. ტომის შემდგ.: ალ. ლეჟავა, ა. ცანავა,
მიხ. ჩიქოვანი და ჯ. ბარდაველიძე. თბილისი:
გამომცემლობა „ნაკადული“. 1965 წ.
- ბარათაშვილი 2005: ნ. ბარათაშვილის თხზულებათა სრული კრებული ლევან თაქთაქიშვილის
საერთო რედაქციით. თბილისი: გამომცემლობა „პეგ“, 2005.
- ბარათაშვილი 2015: ბარათაშვილი ნ. პირადი
წერილები. მოამზადა, შესავალი, კომენტარები, საძიებლები და გენეალოგიური ტაბულები
დაურთო მ. ცერცვაძემ. თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015.
- გრიშაშვილი 1918: გრიშაშვილი ი. საიათნოვა და ძველი ტფილისი.
1918.
- იოსელიანი 1995: იოსელიანი პლ. ცხოვრება
მეფისა გიორგი მეათცამეტისა. „ქართული მწერლობა“. ტ. 10. თბილისი:
გამომცემლობა „ნაკადული“, 1995.
- კვარკვალიტა 2019: კვარკვალიტა. 30 ოქტომბერი,
2019. ინტერნეტი. http://www.ambioni.ge/kvarkvalita.
- მამაცაშვილი 2005: მამაცაშვილი კ. მოგონება
ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ნ. ბარათაშვილის
თხზულებათა სრული კრებული ლევან თაქთაქიშვილის საერთო რედაქციით. თბილისი:
გამომცემლობა „პეგ“, 2005.
- რუსთაველი 1957: რუსთაველი შ. თბილისი:
გამომცემლობა „სახელგამი“, 1957.
- ტაბიძე 2017: ტაბიძე გ. თხზულებანი თხუთმეტ
ტომად თეიმურაზ დოიაშვილის საერთო რედაქციით. ტ. IV. ტომის რედაქტორი ლევან ბრეგაძე,
გამოსაცემად მოამზადეს, ვარიანტები, შენიშვნები და კომენტარები დაურთეს ნანა კობალაძემ
და ნათია სიხარულიძემ. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი,
2017.
- ტაბიძე 2019: ტაბიძე გ. დღიური - 44 -
1929 წელი. 30 ოქტომბერი, 2019. ინტერნეტი.
http://galaktion.ge/?page=Diaries&year=1929&p=1&id=3357.
- ქართული ოთხთავის... 1979: ქართული ოთხთავის
ორი ბოლო რედაქცია. ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ივანე იმნაიშვილმა. თბილისი:
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1979.
- ჭავჭავაძე 1987: ჭავჭავაძე ი. ქვათა ღაღადი.
რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. 5. ტომი შეადგინეს და შენიშვნები დაურთეს სარგის
ცაიშვილმა და გურამ გვერდწითელმა. თბილისი:
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“,
1987.
- ჭავჭავაძე 2019ა: ჭავჭავაძე ი. საპოლიტიკო
მიმოხილვა, 1882 წელი, იანვარი. ინტერნეტი. 30 ოქტომბერი. 2019. https://gdi.ge/uploads/other/0/399.pdf
- ჭავჭავაძე 2019ბ: ჭავჭავაძე ი. ბალკანეთის
საქმეები, ტფილისი, მარტის 17, 1886 წელი. ინტერნეტი. 30 ოქტომბერი. 2019. https://www.gdi.ge/uploads/other/0/449.pdf
- ჭილაია 2003: ჭილაია რ. ლიტერატურათმცოდნეობა
- ენციკლოპედიური ცნობარი. თბილისი: გამომცემლობა „თობალისი“, 2003.
- წერეთელი 2014: წერეთელი ა. თხზულებათა
სრული კრებული ოც ტომად ირმა რატიანის საერთო რედაქციით. ტ. 5. ტომის რედაქტორი
ნანა ფრუიძე. გამოსაცემად მოამზადეს, ვარიანტები, რედაქციები, შენიშვნები კომენტარები
და საძიებლები დაურთეს მაია არველაძემ და ნორა კოტინოვმა. თბილისი: გამომცემლობა
„საქართველოს
მაცნე“,
2014.
- Лермонтов 1985: Лермонтов М. Ю. Стихотворения. Поэмы.
Маскарад. Герой Нашего Времены. Москва:
«Художественная литература», 1985.
- Пушкин 1976: Пушкин А.С. Избранное. Москва: «Детская литература», 1976.
(Georgia, Tbilisi)
Keywords: Nikoloz Baratashvili, personal letters
by Nikoloz Baratashvili, poetic language in Nikoloz Baratashvili's letters, contamination, application
Abstract
To study the artistic language employed by Nikoloz
Baratashvili, along with his poetry the
epistolary legacy of the poet must be discussed. In-depth research shows that
one of the prominent areas of his letters, characterized by complex
meaningfulness, is the rich poetics and expressive means he utilizes. We have
already addressed some of them (elements of poetic lexis, tropes) in previous
studies.
One of the characteristics of the expressive
language employed in the poet’s letters is the use of artistic quotes -
contaminations and applications which enrich the narrative and make it more
beautiful. For this reason, the poet refers to classical texts, Biblical
phrases, Georgian and Russian proverbs as well as widely known phrases from
urban folklore. Taking into consideration both, the above and the fact that
only a small part of the poet's letters (18 letters in total) has reached us,
although their original numbers must have been much larger, which can be seen from the texts of the surviving
letters and other materials, we can only imagine how diverse the whole body of
letters would be in terms of quotations.
This, together with the fact that the quotations
melt into the main text organically and naturally, based on a certain artistic
and functional purpose, demonstrates the high level of learning and erudition
of the author as well as his exquisite literary taste and talent. If one of the
expressions of literary mastery is inserting the necessary word and phrase into
a necessary place, as literary critics rightly point out, this is more likely
to be the case with the use of quotation types - contaminations and
applications. In this regard, the letters by Nikoloz Baratashvili present
chrestomathic samples of the above-mentioned.