იყო ასეთი პარტია
ჩვენგან უსამართლოდ მივიწყებულ ქართველ მწერალს აკაკი ბელიაშვილს 1937 წელს დაუწერია სატირული ნოველა - „ერთი პოლიტიკური პარტიის ისტორია“. ნოველის მთავარი გმირია იაკინთე ლაშხი, რომელიც პარტიას დააარსებს და არჩევნების გზით დამფუძნებელ კრებაში მოხვედრას, შემდეგ კი მაღალი თანამდებობის („საქართველოს ისტორიის მინისტრის!“) დაკავებას, გამდიდრებას და სხვა მისთანათ ესწრაფვის. იაკინთეს არ გააჩნია პოლიტიკური საქმიანობისათვის აუცილებელი არანაირი მომზადება, ცოდნა თუ გამოცდილება, გაურკვეველია მისი პრიციპები და მსოფლმხედველობა, რომელსაც ოდენ ფსევდოპატრიოტული ელფერი დაჰკრავს. ის პოლიტიკურ ტერმინოლოგიასაც კი ვერ ფლობს და ძირითად ცნებებშიც ვერაა გარკვეული. მაგალითად, ყურმოკრული „მემარჯვენეობა“ და „მემარცხენეობა“ მას ბუკვალურად ესმის და პარლამენტში მარჯვნივ თუ მარცხნივ ადგილის დაკავებას უკავშირებს. თავისი მიზნების მისაღწევად იაკინთე არ ერიდება ამომრჩევლის, ძირითადად თავისი კუთხის მკვიდრთა და ნაცნობ-მეგობართა მოსყიდვას, მოტყუებას, დემაგოგიას... მის პარტიას, სრულად „ვახტანგ გორგასლანის ეროვნულ-პატრიოტულ-სახალხო-სარევოლუციო-სამრეწველო-სამეურნეო ლიგა-პარტია“ რომ ჰქვია, არ გააჩნია არანაირი მყარი და თანმიმდევრული, რაიმე პოლიტიკურ დოქტრინასა თუ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამა. „ჩვენი პარტიის პროგრამა ეს არის: ყველასთვის კარგი გვინდა“- ო,- აცხადებს ის.
პარტიული აგიტაციისათვის დაარსებულ იაკინთე ლაშხის გაზეთს ლიტერატურული განყოფილებაც აქვს, რისთვისაც თავადვე წერს უნიჭო მოთხრობებს, აი, ლექსების თხზვას კი მეპურე ლუკას მიანდობს, ვისაც პოეტად მიიჩნევს და ვინც მას დროდადრო ასეთი სტრიქონებით ამარაგებს:
„ვისაც უნდა მუდამ სჭამდეს
კვერცხებს, ერბოს, შაშხს,
მათ ხმა მარტო უნდა მისცეს
იაკინთე ლაშხს...“
იაკინთე ლაშხის სახით მწერალმა შექმნა საინტერესო მხატვრული პერსონაჟი - განზოგადოებული სახე ამბიციური პოლიტიკური ავანტიურისტისა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ დროს რომ შეიძლება დაიბადოს. თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც საქართველოს უახლეს ისტორიას, მის პოლიტიკურ რეალობასა და საარჩევნო პერიპეტიებს, იაკინთე და მისი პარტია ბევრ ოდიოზურ პოლიტიკურ ლიდერსა და პარტიას გაგვახსენებს.
ვფიქრობთ, იაკინთესა და მის პარტიას კონკრეტული „პროტოტიპებიც“ ჰყავს. ცნობილია, რომ დამფუძნებელი კრების 1919 წლის საყოველთაო არჩევნებში ერთკაციანი პარტიული საარჩევნო სიით მონაწილეობდა „შ. რუსთაველის ეროვნულ-ხალხოსნური და საზოგადოებრივ-თემოსნური ჯგუფი-პარტიაც“, რომელმაც მთელ საქართველოში მხოლოდ 51 ხმა მიიღო.
პარტიის დამფუძნებელი და მისი საარჩევნო სიის ერთადერთი წევრი ევგენი დვალი იყო მწერალი (ლიტ. ფსევდონიმი „ევ. ბაჯელი“, „რაჭველი“) და რედაქტორ-გამომცემელი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
აი, როგორ ახასიათებს ევგენი დვალს და მის პარტიული საქმიანობას აკაკი ბელიაშვილის ემიგრანტი ცოლისძმა, პოეტი გიორგი გამყრელიძე თავის მემუარებში:
„იმ ხანებში თბილისში... რაჭველი მგოსანი ცხოვრობდა... ეს იყო ბუმბერაზი ევგენ დვალი... ლექსების წერის გარდა პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და მან ე. წ. „რუსთაველის პარტია” დააარსა, რომელიც გამოუკლებლივ: მეთორნეების, მეხაშეების, მეკურტნეების, ოფიციანტებისა და რაჭველი სხვა პროფესიის ხალხისაგან შესდგებოდა. და ეს არა იმიტომ, რომ ე. დვალი მათ დაჰპირდა რაიმე მოგებას ან დახმარებას, არამედ მისი რაჭველი თანამოძმეები მას ემხრობოდნენ ყოველგვარი წინასწარ განსჯა-განმარტების გარეშე. რადგან რაჭველი იყო, მორჩა და გათავდა. მხარს უჭერდნენ თუგინდ სხვა ასჯერ უფრო ჭკვიანი ქართველი ყოფილიყო ამოსარჩევი... ეს ლოკალური პატრიოტიზმი, ანუ უკეთ კუთხური ძმა-ბიჭური ურთიერთობა და გამტანიანობა, არავინ იფიქროს, რომ რაჭველებს ახასიათებდეთ თავიანთ კუთხეში, რაჭაშიდაც გაგიგონიათ! იქ, ურთიერთ შორის არა ნაკლები ჩხუბი და დაკა-დაკა აქვთ, ვიდრე სხვა კუთხის ქართველებს, მაგრამ როცა კი რაჭის საზღვრებს გასცილდებიან, ალბათ ერთგვარი სამშობლოს კუთხის მონატრებით, მათ ასეთი გრძნობები უღვივდებათ ურთიერთისადმი. აი ეს გრძნობა იყო ევგენი დვალისადმი მისი თანამოძმე რაჭველების მიერ მხარდაჭერისა“.
გიორგი გამყრელიძე გვაცნობს ევგენი დვალის ერთი ლექსის სტრიქონებსაც:
„მე ვარ დიდი ევგენ დვალი,
მთელი ქვეყნის სარკე თვალი.
მთელ სამყაროს შუა გავკვეთ,
თუ ვიშიშვლე ერთი ხმალი“.
როგორც ვხედავთ, ის ლუკა მეპურის პოეტურ ნიმუშებს დიდადაც არ აღემატება.
მემუარისტის მიხედვით ევგენი „განდიდების მანიით შეპყრობილი“ კაცი ყოფილა, რომლის პარტიული საქმიანობა დაბალი პოლიტიკური კულტურით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის ჯგუფ-პარტიას ჰქონია ეროვნული ინიციატივებიც, - მისი კომიტეტი ითხოვდა, სასახლის ქუჩას და ერევანსკის მოედანს დარქმეოდა რუსთაველის სახელი, 1918 წელს თბილისში გამოდიოდა პარტიის ორგანო - ჟურნალი „რუსთაველი“, - მას და მის ლიდერს საქართველოს ისტორიაში რაიმე მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ. და მაინც, დიდად დასაფასებელია ის ინსპირაცია, რომელმაც, ჩვენი აზრით, აკაკი ბელიაშვილს ეს ნოველა დააწერინა და ქართული ლიტერატურა პოლიტიკური სატირის ამ მაღალმხატვრული ნიმუშით გაამდიდრებინა.
მაია ცერცვაძე.
ჩანაწერების ციკლიდან „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“
„ლიტერატურული საქართველო“ , 2024 (24 მაისი, # 8(4086))
![]() |
აკაკი ბელიაშვილი 1903-1961 |

