თამარს ცოცხალსა ვხედაო
მქონდა პატივი ერთ არაჩვეულებრივ ადამიანთან, ცნობილი ოჯახის აწ განსვენებულ ქალბატონთან მემეგობრა. ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე მას და უამრავი საგულისხმო ამბავი თუ ისტორია მომისმენია მისგან, ამ მთისა და იმ მთისა.
ერთხელაც სიტყვა ერთი ქართველი მწერლის უდროოდ გარდაცვლილ ქალიშვილზე, თამარზე ჩამოვარდა. სინანულითა და სიყვარულით მოიგონა იგი. ყოველმხრივ შეამკო. ბოლოს მის გარეგნობასაც შეეხო და მითხრა, ისეთი ლამაზი იყო, თამარ მეფეს ჰგავდაო.
გავოცდი, ენა ჩამივარდა.
განა ვინმემ იცის, როგორი იყო თამარ მეფე?! ულამაზესიო, კი ბატონო, მაგრამ სილამაზეც ხომ მრავალგვარია, ცივი, თბილი...… ყველას თავისი აღქმა აქვს სილამაზისა. შემორჩენილი მისი ოთხივე ფრესკა განსხვავებულად წარმოგვიდგენს ჩვენს ლამაზ დედას. საქართველოში თამარის კულტია, ყოველ მეორე ქალს თამარი ჰქვია, რამდენი ციხისა თუ ხიდის სახელი, რამდენი ტოპონიმი უკავშირდება მას, მაგრამ თუ მისი სილამაზის ასე ცოცხლად წარმოდგენა შეეძლო ჩვენს თანამედროვეს, ამას ვეღარ ვიფიქრებდი.
მაია ცერცვაძე. ჩანაწერების ციკლიდან: „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, #17 (3987), 4 სექტემბერი, 2020 წ.


No comments:
Post a Comment