Tuesday, August 19, 2025

 როგორ ვიმუშავე

(ავტორის წინათქმა)


https://artanuji.ge/book_ge.php?id=735 

რას ვეძებდი და რა ვპოვე - ასე ჰქვია ბარბარე ჯორჯაძის ერთ კომედის, რომელიც, მართალია, არ წამიკითხავს, მაგრამ მისი სათაური ხშირად გამხსენებია მუშაობისას - მიდიხარ, მიყვები კვლევის მაგისტრალს შენი საგზლით, წინ იცქირები დაუცებ ფეხს წამოკრავ რაღაცას, დახედავ და ისეთი რამე დაგხვდება, შენი ძიების საგანს სულ რომ არ ეხება, მაგრამ თავისთავად ფრიად საგულისხმო რამაა. ხანაც  დაღლილი გადასახვევებთან შეისვენებ და ჩაიმუხლებ, თვალი მათკენაც გაგექცევა და იქაც სასურველ რამეს დალანდავ.

ჰოდა, ჩემი მთავარი მაგისტრალიდან, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი საუკუნის, ქართველი არისტოკრატიისა და საზოგადოებრივ-კულტურულ გარემოს კვლევებს რომ წარმოადგენს, რამდენიმე  ასეთ ბილიკზე გადახვევისას ვიპოვე ის, რაც ამ წიგნით მინდა მკითხველს ვაუწყო. ეს იყო ამბები, რომლებიც უნდა დასდებოდა საფუძვლად მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ფაბულასა თუ სიუჟეტს  და პირნი, რომლებიც რომანის პროტაგონისტების პროტოტიპები უნდა გამხდარიყვნენ. მათ გადავაწყდი ძველ თუ იმ ახალგამოცემულ ტექსტებში, რომელთა ავტორები ეპოქის, ძირძველი ქართული საგვარეულოებისა და ოჯახების ქრონიკებსა და თანამედროვეებზე  მოგვითხრობენ.

მეორედ  კი იყო ის პატარა-პატარა სარკმლები, რომლებიც ტრაგიკული ბედის დიდ მწერალს ჩვენთვის დაუტოვებია თავის შემოქმედებით ლაბორატორიაში შესაჭვრეტად -  ძვირფასი საარქივო მასალა,  წერილები და   და უბის წიგნაკების ჩანაწერები.

 „მეცხრამეტე საუკუნისათვის თვითშემეცნება იქამდე განვითარდა, რომ მწერალი მამაკაცებისათვის ჩვეულებად იქცა აღეწერათ საკუთარი შემოქმედებითი განცდები აღსარებებსა და ავტობიოგრაფიებში“-ო, წერდა ვირჯინია ვულფი და ამ სიტყვების  ერთი უტყუარი დადასტურება სწორედ  ის ნაფიქრალ-ნააზრევი და რეფლექსიებიცაა, მიხეილ ჯავახიშვილმა უმნიშვნელოვანეს  ესსეიში „როგორ ვმუშაობ“ რომ გადმოგვცა თავისი შთაგონების წყაროების, შემოქმედებითი იმპულსებისა და პროცესის ირგვლივ.

რაც შეეხება ქართული ნონფიქშენის საუნჯეს - მწერლის უბის წიგნაკებს, რომელთაც, ერთი ხანია ჩემი ყურადღებაც მიიქციეს და  რამდენიმე კვლევაც მივუძღვენი, მათზე, შეიძლება ითქვას, ზედგამოჭრილია ვლადიმირ მაიაკოვსკის სიტყვები:  

„უბის წიგნაკი“ - ეს არის მთავარი პირობა იმისათვის, რომ ნამდვილი რაღაც გააკეთო. ეს წიგნაკი, როგორც წესი, მწერლის სიკვდილი შემდეგ ახსენდებათ. მანამდე, წლების განმავლობაში, ნაგავში გდია. მას  „დასრულებული ნაწარმოებების“ შემდეგ ბეჭდავენ ხოლმე, მაგრამ მწერლისთვის ის ყველაფერია. დამწყებ პოეტებს, ბუნებრივია, „უბის წიგნაკი“ არ გააჩნიათ“-ო.

მართლაცდა, ჩვენიმწერლისთვის ის ყველაფერია“ და „ყველაფერია“ ის მისი ბიოგრაფოსებისა და  მკვლევრებისთვისაც.

„თემა ისე ყრია ყველგან, როგორც ქვა რიყეზე. ჰყრია და ოსტატს ელოდება. უმთავრესი კი მაინც ის არის, რანაირი თვალით დაინახავს მას მწერალი“-ო, წერდა მიხეილ ჯავახიშვილი ერთ წერილში თავისი ცხოვრების მიწურულს, აღსასრულამდე ერთი წლით ადრე.

თუ ციტირებულ ტექსტში „თემას“ „ტიპით“ ჩავანაცვლებთ,  ვფიქრობ, კიდევ ერთ ჭეშმარიტებას მივიღებთ.

სწორედ რომ „ტემებითა“ და „ტიპებითაა“ გადაჭრელებული მისი უბის წიგნაკები, რომელთა  გაანალიზება და შესწავლა  გადავწყვიტე დასახული  მიზნის მისაღწევად.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარ და სხვათა კვლევებისა და  მწერლის ნაწერების  სავალ ბილიკებზე ნელი სვლი შევეცადე ნათელი მომეფინა სამყაროს ერთი სასწაულთაგანისთვის, რასაც შემოქმედება და მხატვრული სახეების შექმნა ჰქვია და რაც ამ შემთხვევაში რომანის მთავარი პერსონაჟების  - ჯაყოს, თეიმურაზისა და მარგოს სახე-სიმბოლოების პროტოტიპების გამოვლენისა და გენეზისის საკითხ წარმოადგენს.

„თავადაზნაურობა მოკვდა, იქნება სულის არისტოკრატია მაინც გადარჩეს“ -ო, გოდებდა მიხეილ ჯავახიშვილი. სულის არისტოკრატიაში ის, ცხადია,  გულისხმობდა ინტელიგენციას, სამწუხაროდ, მასთან ერთად  ლამის  მთლიანად რომ შეიწირა იმ ავბედითმა დრომ, რომლის გამოძახილიც, ვფიქრობ,  ამ მონოგრაფიიდანაც გამოისმის.

წიგნის გამოსვლა ემთხვევა  1924 წლის აგვისტოს აჯანყების ასი წლის თავს, აჯანყებისა, რომლის კვალდაკვალ  და შთაგონებითაც დაიწერა „ჯაყოს ხიზნები“ - იგი მის  გმირებს ეძღვნება.   

მაია ცერცვაძე

18.03.2024


მხატვარი - ცირა კალანდაძე


No comments:

Post a Comment