Tuesday, August 19, 2025

 როგორ ვიმუშავე

(ავტორის წინათქმა)


https://artanuji.ge/book_ge.php?id=735 

რას ვეძებდი და რა ვპოვე - ასე ჰქვია ბარბარე ჯორჯაძის ერთ კომედის, რომელიც, მართალია, არ წამიკითხავს, მაგრამ მისი სათაური ხშირად გამხსენებია მუშაობისას - მიდიხარ, მიყვები კვლევის მაგისტრალს შენი საგზლით, წინ იცქირები დაუცებ ფეხს წამოკრავ რაღაცას, დახედავ და ისეთი რამე დაგხვდება, შენი ძიების საგანს სულ რომ არ ეხება, მაგრამ თავისთავად ფრიად საგულისხმო რამაა. ხანაც  დაღლილი გადასახვევებთან შეისვენებ და ჩაიმუხლებ, თვალი მათკენაც გაგექცევა და იქაც სასურველ რამეს დალანდავ.

ჰოდა, ჩემი მთავარი მაგისტრალიდან, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი საუკუნის, ქართველი არისტოკრატიისა და საზოგადოებრივ-კულტურულ გარემოს კვლევებს რომ წარმოადგენს, რამდენიმე  ასეთ ბილიკზე გადახვევისას ვიპოვე ის, რაც ამ წიგნით მინდა მკითხველს ვაუწყო. ეს იყო ამბები, რომლებიც უნდა დასდებოდა საფუძვლად მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ფაბულასა თუ სიუჟეტს  და პირნი, რომლებიც რომანის პროტაგონისტების პროტოტიპები უნდა გამხდარიყვნენ. მათ გადავაწყდი ძველ თუ იმ ახალგამოცემულ ტექსტებში, რომელთა ავტორები ეპოქის, ძირძველი ქართული საგვარეულოებისა და ოჯახების ქრონიკებსა და თანამედროვეებზე  მოგვითხრობენ.

მეორედ  კი იყო ის პატარა-პატარა სარკმლები, რომლებიც ტრაგიკული ბედის დიდ მწერალს ჩვენთვის დაუტოვებია თავის შემოქმედებით ლაბორატორიაში შესაჭვრეტად -  ძვირფასი საარქივო მასალა,  წერილები და   და უბის წიგნაკების ჩანაწერები.

 „მეცხრამეტე საუკუნისათვის თვითშემეცნება იქამდე განვითარდა, რომ მწერალი მამაკაცებისათვის ჩვეულებად იქცა აღეწერათ საკუთარი შემოქმედებითი განცდები აღსარებებსა და ავტობიოგრაფიებში“-ო, წერდა ვირჯინია ვულფი და ამ სიტყვების  ერთი უტყუარი დადასტურება სწორედ  ის ნაფიქრალ-ნააზრევი და რეფლექსიებიცაა, მიხეილ ჯავახიშვილმა უმნიშვნელოვანეს  ესსეიში „როგორ ვმუშაობ“ რომ გადმოგვცა თავისი შთაგონების წყაროების, შემოქმედებითი იმპულსებისა და პროცესის ირგვლივ.

რაც შეეხება ქართული ნონფიქშენის საუნჯეს - მწერლის უბის წიგნაკებს, რომელთაც, ერთი ხანია ჩემი ყურადღებაც მიიქციეს და  რამდენიმე კვლევაც მივუძღვენი, მათზე, შეიძლება ითქვას, ზედგამოჭრილია ვლადიმირ მაიაკოვსკის სიტყვები:  

„უბის წიგნაკი“ - ეს არის მთავარი პირობა იმისათვის, რომ ნამდვილი რაღაც გააკეთო. ეს წიგნაკი, როგორც წესი, მწერლის სიკვდილი შემდეგ ახსენდებათ. მანამდე, წლების განმავლობაში, ნაგავში გდია. მას  „დასრულებული ნაწარმოებების“ შემდეგ ბეჭდავენ ხოლმე, მაგრამ მწერლისთვის ის ყველაფერია. დამწყებ პოეტებს, ბუნებრივია, „უბის წიგნაკი“ არ გააჩნიათ“-ო.

მართლაცდა, ჩვენიმწერლისთვის ის ყველაფერია“ და „ყველაფერია“ ის მისი ბიოგრაფოსებისა და  მკვლევრებისთვისაც.

„თემა ისე ყრია ყველგან, როგორც ქვა რიყეზე. ჰყრია და ოსტატს ელოდება. უმთავრესი კი მაინც ის არის, რანაირი თვალით დაინახავს მას მწერალი“-ო, წერდა მიხეილ ჯავახიშვილი ერთ წერილში თავისი ცხოვრების მიწურულს, აღსასრულამდე ერთი წლით ადრე.

თუ ციტირებულ ტექსტში „თემას“ „ტიპით“ ჩავანაცვლებთ,  ვფიქრობ, კიდევ ერთ ჭეშმარიტებას მივიღებთ.

სწორედ რომ „ტემებითა“ და „ტიპებითაა“ გადაჭრელებული მისი უბის წიგნაკები, რომელთა  გაანალიზება და შესწავლა  გადავწყვიტე დასახული  მიზნის მისაღწევად.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარ და სხვათა კვლევებისა და  მწერლის ნაწერების  სავალ ბილიკებზე ნელი სვლი შევეცადე ნათელი მომეფინა სამყაროს ერთი სასწაულთაგანისთვის, რასაც შემოქმედება და მხატვრული სახეების შექმნა ჰქვია და რაც ამ შემთხვევაში რომანის მთავარი პერსონაჟების  - ჯაყოს, თეიმურაზისა და მარგოს სახე-სიმბოლოების პროტოტიპების გამოვლენისა და გენეზისის საკითხ წარმოადგენს.

„თავადაზნაურობა მოკვდა, იქნება სულის არისტოკრატია მაინც გადარჩეს“ -ო, გოდებდა მიხეილ ჯავახიშვილი. სულის არისტოკრატიაში ის, ცხადია,  გულისხმობდა ინტელიგენციას, სამწუხაროდ, მასთან ერთად  ლამის  მთლიანად რომ შეიწირა იმ ავბედითმა დრომ, რომლის გამოძახილიც, ვფიქრობ,  ამ მონოგრაფიიდანაც გამოისმის.

წიგნის გამოსვლა ემთხვევა  1924 წლის აგვისტოს აჯანყების ასი წლის თავს, აჯანყებისა, რომლის კვალდაკვალ  და შთაგონებითაც დაიწერა „ჯაყოს ხიზნები“ - იგი მის  გმირებს ეძღვნება.   

მაია ცერცვაძე

18.03.2024


მხატვარი - ცირა კალანდაძე


Thursday, July 4, 2024


იყო ასეთი პარტია

     ჩვენგან უსამართლოდ მივიწყებულ ქართველ მწერალს აკაკი ბელიაშვილს 1937 წელს დაუწერია სატირული ნოველა - „ერთი პოლიტიკური პარტიის ისტორია“. ნოველის მთავარი გმირია იაკინთე ლაშხი, რომელიც პარტიას დააარსებს და არჩევნების გზით დამფუძნებელ კრებაში მოხვედრას, შემდეგ კი მაღალი თანამდებობის („საქართველოს ისტორიის მინისტრის!“) დაკავებას, გამდიდრებას და სხვა მისთანათ ესწრაფვის. იაკინთეს არ გააჩნია პოლიტიკური საქმიანობისათვის აუცილებელი არანაირი მომზადება, ცოდნა თუ გამოცდილება, გაურკვეველია მისი პრიციპები და მსოფლმხედველობა, რომელსაც ოდენ ფსევდოპატრიოტული ელფერი დაჰკრავს. ის პოლიტიკურ ტერმინოლოგიასაც კი ვერ ფლობს და ძირითად ცნებებშიც ვერაა გარკვეული. მაგალითად, ყურმოკრული „მემარჯვენეობა“ და „მემარცხენეობა“ მას ბუკვალურად ესმის და პარლამენტში მარჯვნივ თუ მარცხნივ ადგილის დაკავებას უკავშირებს. თავისი მიზნების მისაღწევად იაკინთე არ ერიდება ამომრჩევლის, ძირითადად თავისი კუთხის მკვიდრთა და ნაცნობ-მეგობართა მოსყიდვას, მოტყუებას, დემაგოგიას... მის პარტიას, სრულად „ვახტანგ გორგასლანის ეროვნულ-პატრიოტულ-სახალხო-სარევოლუციო-სამრეწველო-სამეურნეო ლიგა-პარტია“ რომ ჰქვია, არ გააჩნია არანაირი მყარი და თანმიმდევრული, რაიმე პოლიტიკურ დოქტრინასა თუ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამა. „ჩვენი პარტიის პროგრამა ეს არის: ყველასთვის კარგი გვინდა“- ო,- აცხადებს ის.


მხატვარი შალვა თოფურია.
ჟ. „ჩვენი მწერლობა“, #26 (182) 28 დეკემბერი, 2012


    პარტიული აგიტაციისათვის დაარსებულ იაკინთე ლაშხის გაზეთს ლიტერატურული განყოფილებაც აქვს, რისთვისაც თავადვე წერს უნიჭო მოთხრობებს, აი, ლექსების თხზვას კი მეპურე ლუკას მიანდობს, ვისაც პოეტად მიიჩნევს და ვინც მას დროდადრო ასეთი სტრიქონებით ამარაგებს:

„ვისაც უნდა მუდამ სჭამდეს
კვერცხებს, ერბოს, შაშხს,
მათ ხმა მარტო უნდა მისცეს
იაკინთე ლაშხს...“

    იაკინთე ლაშხის სახით მწერალმა შექმნა საინტერესო მხატვრული პერსონაჟი - განზოგადოებული სახე ამბიციური პოლიტიკური ავანტიურისტისა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ დროს რომ შეიძლება დაიბადოს. თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც საქართველოს უახლეს ისტორიას, მის პოლიტიკურ რეალობასა და საარჩევნო პერიპეტიებს, იაკინთე და მისი პარტია ბევრ ოდიოზურ პოლიტიკურ ლიდერსა და პარტიას გაგვახსენებს.

    ვფიქრობთ, იაკინთესა და მის პარტიას კონკრეტული „პროტოტიპებიც“ ჰყავს. ცნობილია, რომ დამფუძნებელი კრების 1919 წლის საყოველთაო არჩევნებში ერთკაციანი პარტიული საარჩევნო სიით მონაწილეობდა „შ. რუსთაველის ეროვნულ-ხალხოსნური და საზოგადოებრივ-თემოსნური ჯგუფი-პარტიაც“, რომელმაც მთელ საქართველოში მხოლოდ 51 ხმა მიიღო.

    პარტიის დამფუძნებელი და მისი საარჩევნო სიის ერთადერთი წევრი ევგენი დვალი იყო მწერალი (ლიტ. ფსევდონიმი „ევ. ბაჯელი“, „რაჭველი“) და რედაქტორ-გამომცემელი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობდა.

    აი, როგორ ახასიათებს ევგენი დვალს და მის პარტიული საქმიანობას აკაკი ბელიაშვილის ემიგრანტი ცოლისძმა, პოეტი გიორგი გამყრელიძე თავის მემუარებში:

    „იმ ხანებში თბილისში... რაჭველი მგოსანი ცხოვრობდა... ეს იყო ბუმბერაზი ევგენ დვალი... ლექსების წერის გარდა პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და მან ე. წ. „რუსთაველის პარტია” დააარსა, რომელიც გამოუკლებლივ: მეთორნეების, მეხაშეების, მეკურტნეების, ოფიციანტებისა და რაჭველი სხვა პროფესიის ხალხისაგან შესდგებოდა. და ეს არა იმიტომ, რომ ე. დვალი მათ დაჰპირდა რაიმე მოგებას ან დახმარებას, არამედ მისი რაჭველი თანამოძმეები მას ემხრობოდნენ ყოველგვარი წინასწარ განსჯა-განმარტების გარეშე. რადგან რაჭველი იყო, მორჩა და გათავდა. მხარს უჭერდნენ თუგინდ სხვა ასჯერ უფრო ჭკვიანი ქართველი ყოფილიყო ამოსარჩევი... ეს ლოკალური პატრიოტიზმი, ანუ უკეთ კუთხური ძმა-ბიჭური ურთიერთობა და გამტანიანობა, არავინ იფიქროს, რომ რაჭველებს ახასიათებდეთ თავიანთ კუთხეში, რაჭაშიდაც გაგიგონიათ! იქ, ურთიერთ შორის არა ნაკლები ჩხუბი და დაკა-დაკა აქვთ, ვიდრე სხვა კუთხის ქართველებს, მაგრამ როცა კი რაჭის საზღვრებს გასცილდებიან, ალბათ ერთგვარი სამშობლოს კუთხის მონატრებით, მათ ასეთი გრძნობები უღვივდებათ ურთიერთისადმი. აი ეს გრძნობა იყო ევგენი დვალისადმი მისი თანამოძმე რაჭველების მიერ მხარდაჭერისა“.     

    გიორგი გამყრელიძე გვაცნობს ევგენი დვალის ერთი ლექსის სტრიქონებსაც:

„მე ვარ დიდი ევგენ დვალი,
მთელი ქვეყნის სარკე თვალი.
მთელ სამყაროს შუა გავკვეთ,
თუ ვიშიშვლე ერთი ხმალი“.

    როგორც ვხედავთ, ის ლუკა მეპურის პოეტურ ნიმუშებს დიდადაც არ აღემატება.

    მემუარისტის მიხედვით ევგენი „განდიდების მანიით შეპყრობილი“ კაცი ყოფილა, რომლის პარტიული საქმიანობა დაბალი პოლიტიკური კულტურით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის ჯგუფ-პარტიას ჰქონია ეროვნული ინიციატივებიც, - მისი კომიტეტი ითხოვდა, სასახლის ქუჩას და ერევანსკის მოედანს დარქმეოდა რუსთაველის სახელი, 1918 წელს თბილისში გამოდიოდა პარტიის ორგანო - ჟურნალი „რუსთაველი“, - მას და მის ლიდერს საქართველოს ისტორიაში რაიმე მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ. და მაინც, დიდად დასაფასებელია ის ინსპირაცია, რომელმაც, ჩვენი აზრით, აკაკი ბელიაშვილს ეს ნოველა დააწერინა და ქართული ლიტერატურა პოლიტიკური სატირის ამ მაღალმხატვრული ნიმუშით გაამდიდრებინა.

მაია ცერცვაძე.
ჩანაწერების ციკლიდან „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“
„ლიტერატურული საქართველო“ , 2024 (24 მაისი, # 8(4086))



აკაკი ბელიაშვილი
1903-1961


Sunday, July 9, 2023

 ვისი ხმა არის?

 ახლახან წიგნად გამოიცა ფრანც კაფკას დღიურები, ქართულად ჩინებულად თარგმნილი რუსუდან ღვინეფაძის მიერ.


       
         დღიურებში ჩართულია მცირე ფრაგმენტი სასიმამროსთან მიწერილი მწერლის ერთი ბარათისა:

ჩემთვის აუტანელია ჩემი სამსახური...

ჩემთვის აუტანელია ჩემი სამსახური, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩემს ერთადერთ მოთხოვნილებას და ჩემს ერთადერთ პროფესიასლიტერატურას. რადგან მე მხოლოდ ლიტერატურა ვარ  და არც შემიძლია და არც მსურს, სხვა რამ ვიყო. ამიტომ ჩემი სამსახური ვერასოდეს გამიტაცებს, მაგრამ სამაგიეროდ, შეუძლია სრულიად დამღუპოს... ალბათ მკითხავთ, რატომ არ ვანებებ თავს ასეთ სამსახურს და  - რადგან არავითარ ქონებას არ ვფლობრატომ არ შევეცდები, ლიტერატურული მუშაობით ვირჩინო თავიამაზე შემიძლია მხოლოდ უბადრუკი პასუხი გაგცეთ, რომ არ შემწევს ამის ძალა და ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, უმალ შევეწირები ჩემს სამსახურს, თან შევეწირები საკმაოდ მალე...“

წავიკითხე თუ არა ეს სტრიქონები, უმალ ძლიერი სუსხი ვიგრძენი, თითქოს სასტიკმა ქარმა დამქროლა. მერე შორიდან, ძლივს გასაგონად მომესმა ნაცნობი სიტყვებიც:

я чиновник экспедиции суда и расправы... განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა... круг чиновников не выгоден для образования нравственности...

 კითხვა განვაგრძე:

მე ვცხოვრობ ჩემს ოჯახში, შესანიშნავ და მოსიყვარულე ადამიანებს შორის, უფრო უცხო, ვიდრე რომელიმე უცხო ადამიანი. უკანასკნელი წლების განმავლობაში დედისთვის დღეში საშუალოდ ოციოდ სიტყვა თუ მითქვამს, მამისთვის  - მისალმების გარდა თითქმის არაფერი. ჩემს გათხოვილ დებსა და სიძეებს საერთოდ არ ველაპარაკები, თუმცა მათზე გაბრაზებული როდი ვარ. მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არაფერი მაქვს მათთან სალაპარაკო“.

ჩავიკითხე ესეც და უკვე გარკვევით გავიგონე:

არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მომძულებია ამდენი მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!“

ერთი ავსტრია-უნგრეთის, მეორე რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი იყო, პირველზე თითქმის მშვიდი ათეული წლით უფროსი. ერთი მოდერნისტი, აბსურდისტი მწერალი გახლდათ, მეორერომანტიკოსი, და მაინც როგორ ჰგავს ერთმანეთისას მათი სულის რხევები   მამებთან რთული ურთიერთობა, მოუწყობელი ცხოვრება, ტრაგიკული ბედი და ნაადრევი აღსასრული... ორი მარტოსული გენიოსი, ორი მონათესავე სული...



  მაია ცერცვაძე. „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“.

ლიტეატურული  საქართველო“, 2 ივნისი,# 9(4069)