ფრაგმენტი წიგნიდან: 👇
მაია ცერცვაძე.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით
გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019
![]() |
| მაიკო ორბელიანი. მხატვარი პლ. ჩელიშჩევი |
მაიკო ორბელიანთან
გაგზავნილი წერილები გამორჩეულია იმით, რომ მათში ტექსტებში პოეტისათვის სახასიათო
სიცოცხლის სიყვარულსა, ხალისსა და იუმორთან ერთად მთელი სიმძაფრით არის გადმოცემული
მისი სულიერი დრამაც, მსოფლგანცდა, ღრმა ფიქრები და რეფლექსიები. მაიკო ორბელიანს ბარათაშვილი
სულიერ მეგობრად და გულის მესაიდუმლედ მიიჩნევდა, დას უწოდებდა და თავის ყველაზე ინტიმურ გრძნობებს
ანდობდა. „საყვარელო დაო
მაიკო“ - ასე იწყება ოთხივე წერილი, წერილების
ბოლოს კი მოწერილია: „შენი მარად ერთგული ძმა
ნიკოლოოზ ბარათაშვილი“, „შენი მარადის ერთგული თ. ნ. ბარათაშვილი“, „შენი მარადის უცვალებელი
ძმა ტატო“, „შენი მარადის თ. ნ. ბარა[თაშვილი]“.
ნიკოლოზ ბარათაშვილს მაიკოსთვის უჩუქებია ხელნაწერი
ლექსების კრებული, რომელიც პოეტის ავტოგრაფულ გამოცემებს შორის მაიკო ორბელიანისეულ
ვარიანტად არის ცნობილი. მას გუნიასეულ ვარიანტსაც უწოდებენ - ვალერიან გუნიას ის თბილისის
ბაზარში შეუძენია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის
შეუწირავს. უყდო და გვერდნაკლული კრებულის თავფურცელს აწერია: „1841 წელი, ტფილისი“. მის მეორე გვერდზე კი წარწერა-მიძღვნაა:
„დაო მაიკო! ეს ლექსები იქონიე ჩემეულად. ვიცი, რომ წამკითხველი მათი მოიგონებ ბევრთა
საამოთა დღეთა ყმაწვილობისათა და შემიბრალებ შენსა ყარიბსა ძმასა. თ. – ნ. ბარათოვისაგან“ (ბარათაშვილი 2005: 131).
მაიკო ორბელიანთან ინახებოდა პოეტის სხვა ხუთი ლექსის
ავტოგრაფიც. ისინი ნ. ბარათაშვილის იმ წერილებთან ერთად, რომელთა ადრესატიც მაიკო ორბელიანია,
მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა ი. ჭავჭავაძის დასთან, ელისაბედ გრიგოლის ასულ
ჭავჭავაძესთან (1840-1925), რომელიც დაქვრივების შემდეგ ცოლად გაჰყვა ნ. ბარათაშვილის
მამიდაშვილს, პოეტის ერთი წერილის ადრესატს,
გენერალ-მაიორ ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილს (1808-1887) (ბარათაშვილი 2005: 133-134).
ნ. ბარათაშვილის ზემოხსენებული ოთხი წერილი მაიკო ორბელიანისადმი
ი. ჭავჭავაძემ 1872 წლის 9 დეკემბერს კირილე ლორთქიფანიძეს გაუგზავნა ჟურნალ „კრებულში“
დასაბეჭდად. 1873 წელს წერილები აღნიშნული
გამოცემის მესამე წიგნში პირველად გამოქვეყნდა ილიასეული შენიშვნით:
„ეს ოთხი წიგნი, ნიკ. ბარათაშვილისაგან ერთ და იგივე
პირთან მიწერილი, გადმოგვცა ჩვენ ერთმა პატივცემულმა პირმა, ქართული ენისა და მწერლობის
მოყვარემა. ვისაც ესმის, რაგვარი მნიშვნელობა აქვსთ ამგვართა წერილთა ლიტერატურის ისტორიისათვის
და თვით მწერლის მიმართულებისა და თვისების ახსნისათვის, ის ჩვენთან ერთად გულითად
მადლობას მოახსენებს მაგა წიგნების პატივცემულს გარდმომცემელსა“ (ბარათაშვილი 2005: 8).
ზემოხსენებული
წერილები 1893 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისამ.
(მარიამ) მაიკო ქაიხოსროს
ასული ორბელიანი
(1816-1849) (ტაბ. 2, 19), ნ. ბარათაშვილის ნათესავი (დედის ბიძაშვილის
შვილი) და მეგობარია, სილამაზითა და სულიერი სიფაქიზით გამორჩეული ქალი. მაიკოს მამა, პრაპორშჩიკი
ქაიხოსრო (1792-1852) და ნიკოლოზის დედა ეფემია (1801-1849) იყვნენ ღვიძლი ბიძაშვილები - ძმების გიორგი (?-1819) და
ზურაბ (დიმიტრი) (1766-1827) ორბელიანების შვილები. მაიკო დანიშნული იყო
ნ. ბარათაშვილის უახლოეს მეგობარსა
და თანაგიმნაზიელზე ლევან
მელიქიშვილზე (1818-1892).
ჩვენთვის უცნობია მაიკო ორბელიანის დედის ვინაობა. ელისაბედ
ელიზბარის ასულ ერისთავის (1864-1949) მოგონების მიხედვით მაიკო ობოლი ყოფილა: „ის
იყო გასაკვირველი[,] რომ ლევანმა (იგულისხმება ლევან მელიქიშვილი - მ. ც.) თავის დროზე
არ დაიწერა ჯვარი მაიკო ორბელიანზე. მა[გ]რამ მგონია[,] რომ ეს იყო დიდი თავის მოყვარეება[,]
ობოლი (ხაზგასმა ჩვენია - მ.ც.) და ღარიბი ქალი შეერთო[.] თ[ვ]ითონაც არა
ჰქონდა რა და როცა შეიძლო[,] უყიდა ყველასფერი[,] ესე იგი[,] მზითევი და ჯვარიც უნდა
დაეწერა[,] მა[გ]რამ თ[ვ]ითონ მაიკომ აღარ ინდომა[,] უკვე დაა[ვა]თმყოფებული იყო...“
(ცერცვაძე 2011: 37-38). მაიკოს მამა, პრაპორშჩიკი ქაიხოსრო გიორგის ძე ორბელიანი
(1792-1852) მაიკოს სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილა,
აქედან ცხადი ხდება, რომ მემუარისტი დედით ობლობაზე მიუთითებს. საარქივო საბუთებში
ჩანს ქაიხოსრო ორბელიანის მეუღლე, ანასტასია (1807-1867), თავად ბარამ გურგენიძის ასული,
მაგრამ ის, სავარაუდოდ, მაიკოს დედინაცვალია (ჩიქოვანი 2012: 6-8).
როგორც ირკვევა, მაიკო ორბელიანი თბილისში მუდმივად არ ცხოვრობდა. ის სახლობდა, სავარაუდოდ, ქვემო ქართლში, ორბელიანების საგვარეულო რომელსამე სოფელში და თბილისში დროდადრო ჩამოდიოდა ხოლმე. „მაიკო, ეს რისაგან არის, რაკი შენ მაგ ქალაქში ჩამოხვალ ქართლითგან, მაშინვე ჭორაობა უნდა გაჩნდეს?“ – ეკითხება ნ. ბარათაშვილი მას ნახჭევანიდან გამოგზავნილ 1845 წლის 9 თებერვლით დათარიღებულ წერილში. თბილისში ჩამოსვლის პერიოდებში მაიკო მტკვრის პირას, ორბელიანთა საცხოვრებელ უბანში, ე. წ. „ორბელიანთ აულში“ ჩერდებოდა ხოლმე. „მაიკო ორბელიანი, ქაიხოსროს ქალი, რომელთანაც პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილს მიწერ-მოწერა ჰქონდა და რომელიც ადრე გარდაიცვალა, იდგა ამავე ორბელიანების ქუჩაზე. მხოლოდ უფრო მოშორებით, ეხლანდელი ბაზრის პირდაპირ, სომხის ღვდლის სახლში“ (მოზდოკელი 1993: 4).
მაიკო ორბელიანის სილამაზე, გამორჩეული სულიერება და ტრაგიკული ბედი მრავალ შემოქმედს აღელვებდა და
აღელვებს. იგი მისი თანამედროვე პოეტების და
მხატვრების მუზა იყო. მას ორი ლექსი: „მ...კო ო-ს“ და
„რეცეპტი
მ. ო.“
უძღვნა პოეტმა
და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა („გლუხარიჩმა“). მას იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ იმ დროს კავკასიაში მყოფი რუსი მოხელენი და კულტურის
მოღვაწენი: ნ.
ჟერვე (1808-1841) , ა. ვასილჩიკოვი (1818-1881), ფ. ტორნაუ (1810-1890), მ. ლერმონტოვი (1814-1841), ი. პოლონსკი
(19819-1898), ა. დოლგორუკოვი (1793-1868), ა.
სტოლიპინი (1816-1858), გრ. გაგარინი (1810-1893),
პლ. ჩელიშჩევი (1804-1859). „მაიკო და კატო
ორბელიანები ტფილისური მანიაკის ორი უნაზესი მარგალიტია“ - სწერდა ალექსი (მონგო) სტოლიპინი
თბილისიდან თავის დას. მაიკოს პოეტური სტრიქონები
უძღვნეს რუსმა პოეტებმა იაკობ პოლონსკიმ და
ალექსანდრე დოლგორუკოვმა. მხატვარ გრიგორი
გაგარინს ეკუთვნის მაიკო ორბელიანის ორი პორტრეტი, რომელთაგან
ერთი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო რუსულ მუზეუმში, მეორე კი - კერძო კოლექციაშია დაცული.
მაიკოს ფერწერული პორტრეტი შესრულებული აქვს აგრეთვე გენერალ-მაიორსა და ცნობილ კარიკატურისტს
პლატონ ჩელიშჩევს (ბალახაშვილი 1867,
243-252), (ანდრონიკაშვილი 1953, 83-91). იგი
ინახება გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის
სახელმწიფო მუზეუმში.
მოგვყავს
ჩვენს მიერ ახალმოძიებული ბიოგრაფიული ცნობები ივანე მელიქიშვილზე
(1840-1877) - მაიკო ორბელიანისა და ლევან მელიქიშვილის შვილზე უკანონო
ქორწინებიდან.
ცნობილია 1871 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი ბრძანებულება,
რომლითაც შტაბს-კაპიტან ივან მელიქოვს ნება დაერთო მიეღო თავისი აღმზრდელის, კავალერიის
გენერალ თავად ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის გვარი და ტიტული, წოდებულიყო თავად მელიქოვად
და შთამომავლობით ესარგებლა შესაბამისი უფლებებით
(Думин C... 1998: 176). ლევან მელიქიშვილს, როგორც ვხედავთ, უშვილებია
ივანე და გვარიც მიუცია. 1874-1876 წლებში ივანე მელიქიშვილი მაიორის ჩინით მოიხსენიება
კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცრის თანამდებობაზე ქვეით ჯარში.
მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. „მამაცობითა და ვაჟკაცური შემართებით
იგი დიდ იმედებს იძლეოდა, როგორც მომავალი მხედართმთავარი. 1877 წელს ივანე უკვე პოდპოლკოვნიკის
ჩინით ათასეულს მეთაურობდა. ივ. მელიქიშვილმა განსაკუთრებით ისახელა თავი ყარსის იერიშის
დროს, როცა მან თავისი ათასეულით აიღო სუვარის სიმაგრე. აღნიშნული სიმაგრე ყველაზე
მთავარი იყო ყარსის საერთო დაცვით ნაგებობათა კომპლექტში და მისი იერიშით აღების გამო
იმპერატორის ბრძანებით სუვარის სიმაგრეს მას შემდეგ „თავად მელიქიშვილის ფორტი“ ეწოდა“
(ავალიანი 1967: 125).
ივანე მელიქიშვილი დაჭრილა 1877 წლის 11 ივნისს, რასაც
ვგებულობთ გაზეთ „ივერიის“ 1877 წლის 16 ივნისის #16-ში დაბეჭდილი კორესპონდენციიდან „ომის ამბები“ (გვ.
20): „11 თიბათვეს, როდესაც ჩვენი ჯარი ციხის-ძირისკენ მიდიოდა, უეცრად ოსმალები დახვედრიათ
და შეტაკება მოსვლიათ. ამ ბრძოლაში ჩვენის მხრით დაუჭრიათ ფლიგელ-ადიუტანტი პოდპოლკოვნიკი
ტერიევი, სტრელკოვოი ბატალიონის მაიორი თ. მელიქოვი და პორუჩიკი პოპოვი...“
ივანე მელიქიშვილი გმირულად დაიღუპა ყარსის ძლევამოსილი
იერიშის დროს 1877 წელს. ტალინში, ყაზანის
ტაძარში დღემდე შემონახულია რამდენიმე მემორიალური დაფა, რომლებზეც ჩაწერილია ნაპოლეონთან
და რუსეთ-თურქეთის ომებში დაღუპულ მებრძოლთა სახელები. თეთრი ქვის დაფაზე ვკითხულობთ:
„თავადი ივანე მელიქოვი, დაიჭრა 1877 წლის 5–6 ნოემბრის ღამეს ყარსის ციხესიმაგრის
იერიშის დროს და გარდაიცვალა ჭრილობებისაგან 1877 წლის 6 ნოემბერს“ (Сурков 1998). ივანე მელიქიშვილი დაკრძალულია მაშინდელი ერევნის გუბერნიის
ქალაქ ალექსანდრეპოლის (ამჟამად ქალაქი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი, სომხეთის რესპუბლიკა)
ციხესიმაგრის წმინდა მოწამე დედოფალ ალექსანდრას სახელობის ეკლესიაში. ამ ციხესიმაგრისა და ეკლესიის მშენებლობას სათავე დაუდო რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა 1837 წელს
კავკასიაში სტუმრობის დროს. ეკლესიას, რომლის კურთხევა მოხდა 1842 წელს, იმპერატორმა
სახელი თავისი უავგუსტოესი მეუღლის იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულის ზეციური
მფარველის პატივსაცემად უწოდა.
და ბოლოს გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის
უცნობია რაიმე წერილობითი დოკუმენტი (დღიური, პირადი წერილი, მემუარები...), რომლითაც
დასტურდება დღეს ასე გავრცელებული ამბავი მაიკო
ორბელიანისა და 1837 წელს საქართველოში ჩამოსული რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის
ინტიმური ურთიერთობის შესახებ. იმპერატორისა
და მაიკო ორბელიანის ბალზე შეხვედრის ცნობას ვხვდებით მხოლოდ ერთი უცნობი პირი მინაწერში, რომელიც ერთვის სამხედრო პირის, შემდგომში გენერალ-მაიორის
სემიონ გრიგორის ძე სტიშინსკის (1803-1883) ბორის გაბრიელის ძე ჭილაშვილთან (1798-1850) 1837 წლის 9 ნოემბერს გაგზავნილ წერილს. წერილში იგი ადრესატს იმპერატორის თბილისში სტუმრობის
ამბებს აღუწერს.
«Стишинскiй
описалъ вамъ все что было интереснаго во время пребыванiя Царя в
Тифлисъ. Какъ не политикъ, не буду касаться происшествiй политическихъ, а коснусь происшедствiй эстетическихъ. На четвертый день пребыванiя его
величества в Тифлисъ былъ балъ: Государь былъ въ особенности внимателенъ къ
графинъ Симоничъ, Грибоедовой и къ Майко Орбелiановой;
последняя была очень интересна и аппетитна, стократъ лучше самаго сочнаго,
сладкаго апельсина» (Русский Архив 1904: 131).
როგორც მინაწერის მოყვანილი ტექსტიდან ჩანს, იგი მხოლოდ
კერძო პირის პირად შთაბეჭდილებას ასახავს და სხვა მნიშვნელობა მას არ შეიძლება მიენიჭოს.
ცნობილია აგრეთვე, რომ ლევან მელიქიშვილი სიკვდილამდე
უდიდეს პატივს სცემდა თავის დანიშნულს და ბოლომდე საცოლედ იხსენიებდა მას (იხ. ზემოთმოყვანილი მისი წერილი ბორის ჭილაშვილისადმი).
შესაბამისად ამ ისტორიას ჩვენ ეჭვით ვუცქერით და მის
სინამდვილეს ვერ დავადასტურებთ.




