მაია ცერცვაძე
ელისაბედ ერისთავის მოგონება
ლევან მელიქიშვილზე
დაბეჭდილია გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, 2011, # 11-12
![]() |
ელისაბედ ერისთავი |
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაურის ელიზბარ ერისთავის ნაბოლარა ქალიშვილის ელისაბედ (ლიზა) ერისთავის (1864-1949) მემუარები. მემუარისტის მოგონებანი, რომელთა ნაწილი უკვე გამოქვეყნდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოების ისტორიის მეტად საყურადღებო წყაროა. ის გვაცნობს საინტერესო ისტორიულ და ლიტერატურულ ფაქტებს, გვაწვდის მრავალ საგულისხმო ცნობას იმდროინდელი ქართული არისტოკრატიისა და ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე. მათ გალერეას ამშვენებს პორტრეტები ეპოქის გამორჩეული სახეებისა, რომელთაც გვერდს ვერ აუვლის საქართველოს, ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი. ერთ-ერთი მათგანია ლევან მელიქიშვილი. გთავაზობთ ელისაბედ ერისთავის მოგონებას ლევან მელიქიშვილზე (საინვენტარო ნომერი სსლმ. 13481-ხ.). მემუარისტის სტილი და ორთოგრაფია დაცულია. დავამატეთ მხოლოდ ზოგიერთი ასო-ნიშანი და პუნქტუაციის ნიშნები, რათა ტექსტი გასაგები გამხდარიყო.
ელიზაბედ ელიზბარის ასულის ერისთავის მოგონება ლევან მელიქიშვილზე
ლევან მელიქიშვილი |
ლევანი[1] ძალიან ღარიბი თავადიშვილებთაგანი იყო. მელიქიშვილებს არა ჰქონდათ დიდი მამული, თუმცა დიდ თავადიშვილებთაგან ითვლებოდნენ. ლევანის ოცნება ის იყო, რომ მიეღწია დიდი ხარისხის სამსახურს. მართლათაც ლამაზი, მშვიდი, ჭკვიანი იყო. მალე მიაღწია დიდ ალაგს, რაზედაც ოცნებობდა. ცუდი მასზედ არა თქმულა რა და არც არა გამიგონია, მხოლოთ ის იყო გასაკვირველი, რომ ლევანმა თავის დროზე არ დაიწერა ჯვარი მაიკო ორბელიანზე[2]. მაგრამ მგონია, რომ ეს იყო დიდი თავის მოყვარეება, ობოლი და ღარიბი ქალი შეერთო. თვითონაც არა ჰქონდა რა და როცა შეიძლო, უყიდა ყველასფერი, ესე იგი, მზითევი და ჯვარიც უნდა დაეწერა, მაგრამ თვითონ მაიკომ აღარ ინდომა, უკვე დაავათმყოფებული იყო[3] .
ლევანის და ნინო[4] იყო ძალუა ჩემი, მამის ჩემის უფროს ძმას იასეს[5] ჰყვანდა ცოლათ. მერეც კიდევ უფრო დავმოყვრდით, როცა ცოლი შეირთო ალექსანდრა[6] მაკარის ასული ჯაბაკურორბელიანი, ჩემი მესამე ნათესავი, გიორგი კნიაზის[7]. ქალიშვილი. ალექსანდრა მაკაროვნამ პატარა ვანო[8] იშვილა და თავის შვილებში არ არჩევდა. თავის საკუთარ შვილსაც ვანო[9] დაარქვა. თუმცა ბევრი განსხვავება იყო პირველ და მეორე ვანოში, პირველი მშვენიერი ყმაწვილიკაცი იყო და მეორე უსახური, უხასიათო და მსმელი. ვანო, მაიკოს შვილი, დანიშნული იყო რუსის დიდი კაცის ქალზე, აღარ მახსოვს, დემიდოვა თუ ტალსტაია იყო. საწყალი ერთხელ დასჭრეს[10], გადურჩა სიკვდილს და მეორეთ რომ წავიდა, მაშინ კი აღარ გადურჩა[11]. იმის სიკვდილის ხმა რომ მოვიდა, მე მაშინ პატარა ვიყავი. ჩემი ძმა ვანო[12] მისი მეგობარი იყო და დიდად სწუხდა მის სიკვდილზე. ლევანს ორი ვანოს შემდეგნი ყვანდა შვილები- სამი ქალი და ოთხი ვაჟი. ლევანს მიაგავდნენ სანდრო[13], გიორგი[14], მიშა[15] და კოლა[16], პეტო[17] და ვანოს გარდა, რომლებიც ძალიან ულამაზონი იყვნენ. დანარჩენი შვილები ძალიან ნიჭიერები იყვნენ. მოშაირე, მომღერალნი, მხიარულნი. თავიანთ მამიდას
![]() |
მაიკო ორბელიანი |
აუტყდებოდნენ ხოლმე, ეხუმრებოდნენ. ერთხელ, როცა ლევანი შურაში[18] მსახურობდა და როდესაც ძალუა ჩემი ნინო თბილისში იმყოფებოდა რამდონიმე თავის ძმისწულებით, რომლებიც გემნაზიაში სწავლობდნენ და უმცროსი ვაჟი პეტო, რომელიც იყო თავის დედმამასთან შურაში და გაიგო, რომ პეტო ავათ იყო წითელით, უკარნახა თავის ძმისწულებს ტელეგრამმა დაეწერათ. Какъ здоровье Пето? держите тепло, кармите малого. Тота Нина. აბა, წარმოიდგინეთ ბავშვების ხარხარი! მეორეთ კოლამ დაუწერა ლექსი თავის დეიდაშვილ გაიანე[19] ტარხან მოურავის ქალს. კოლა რა ესვე ეტყოდა ხოლმე და უცნაური სასაცილო ლაპარაკი ჰქონდა. О! Гая, гая, моя до-гая когда буду я в Шур-е, буду думать о тебе и о Кур-е. გაიანე დიდი აღელვებული ეუბნებოდა, რას ამბობ, ყმაწვილო, რას ამბობ! ბევრი ამისთანა ხუმრობეები იყო ხოლმე.
ივანე მელიქიშვილი |
ალექსანდრა ორბელიანი |
[1] ლევან მელიქიშვილი - ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი (1818-1892), რუსეთის
არმიის კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ნიკოლოზ
ბარათაშვილის მეგობარი და თანაგიმნაზიელი.
[2]
მაიკო - მარიამ (მაიკო)
ქაიხოსროს ასული ორბელიანი (1816-1849), სილამაზით გამორჩეული ქალი, ნიკოლოზ ბარათაშვილის
ნათესავი (დედის ბიძაშვილის შვილი) და მეგობარი, მისი წერილების ადრესატი. დანიშნული
იყო ლევან მელიქიშვილზე, რომელთანაც შეეძინა შვილი ივანე (იხ. ი. ბალახაშვილი. „ნიკოლოზ
ბარათაშვილი“. „ლიტერატურა და ხელოვნება“. თბილისი. გვ. 243-252).
[3] მაიკო ორბელიანი გარდაიცვალა ჭლექით 1849 წლის 12 თებერვალს. „ჩემის საცოლის მაიკო ორბელიანის გართულებული ავადმყოფობა
არის მიზეზი, რომ აქამდე ვერ მოვახერხე აქედან წამოსვლა. ჩემდა საუბედუროდ მისი ჯანმრთელობა
ისეთია, რომ რომ სიზუსტით არ ძალმიძს მოვახსენო თქვენს აღმატებულებას თუ როდის შევძლებ
გამოცხადებას ჩემს ადგილზე. უმორჩილესად ვთხოვ თქვენს აღმატებულებას ფორმალურ შვებულების
გარეშე დამრთოთ ნება დავრჩე აქ ჩემი საცოლის ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე. უკეთუ თქვენს
აღმატებულებას ეს შეუძლებლად მიაჩნია, მაშინ უბრძანეთ მაცნობონ და მე იმ საათშივე შევიტან
თხოვნას შვებულებაში გაშვების შესახებ“
- წერდა ლევან მელიქიშვილი წერილი ბორის ჭილაშვილს 1849 წლის 22 იანვარს. (ი.
ბალახაშვილი. „ბარათაშვილის ცხოვრება“ ,გვ. 251).
[4] ნინო - ნინო (ანა) ივანეს ასული მელიქიშვილი (1822-?), ლევან მელიქიშვილის
და, იასე შანშეს ძე ქსნის ერისთავის მეუღლე.
[5] იასე - იასე (ევსევი) შანშეს ძე ქსნის ერისთავი (1807-1845),
1932 წლის შეთქმულების მეთაურის ელიზბარ ერისთავის ძმა, პოდპორუჩიკი. დაკრძალულია იკორთაში.
[6] ალექსანდრა
- ალექსანდრა მაკარის ასული ორბელიანი
(1835-1914), გენერალ-მაიორ მამუკა (მაკარ) თამაზის ძე ორბელიანის (1800-1871) და თავად
გიორგი ერისთავის – „სენატორის“ ასულის ქეთევან ერისთავის (1808-1897) ქალიშვილი. მაიკო
ორბელიანის გარდაცვალებიდან ხუთი წლის მერე, 1854 წელს მისთხოვდა ლევან მელიქიშვილს.
მონაწილეობას იღებდა მწერლობაში - მხატვრულ
თარგმანებს აქვეყნებდა ჟურნალ „ივერიასა“ და აკაკის „კრებულში“. ცნობილია მისი თარგმანები
-ოლღა ილიას ასულ გრუზინსკაიას ქართული ლეგენდები, რომელიც ფსევდონიმით „გულბათ“ დაიბეჭდა
„მოსკოვსკი ვედომოსტში“, შემდეგ კი ცალკე წიგნად გამოვიდა, აგრეთვე ა. დრუჟინინის მოთხრობა
„პოლინკა საკსი“, რომელიც ჟურნალ „ივერიის“ 1881 წლის #6–ში დაიბეჭდა. ალექსანდრა ორბელიანის
შესახებ აკაკი წერეთელი წერდა: „ბევრს ოჯახს
შეხვდებით მისთანასა, სადაც დედაც ქართველია და მამაც (ენის ცოდნით) და შვილებმა კი
ერთი სიტყვაც აღარ იციან ქართული. თავისი ერცხვინებათ და სხვისი კი ექებათ. ასს ქალში
ოცს ვერ ნახავთ, რომ ქართულის წაკითხვა შეეძლოს და რაც შეეხება წერას, უბრალო ჰაზრის
გამოთქმაც არ შეუძლიანთ მოახერხონ... აი ამისთანა დროს შევხდით ჩვენ „ივერიის“ უკანასკნელს
წიგნში ერთს რუსულ მოთხრობას „პოლინკა საკსი“ ქალისაგან გადმოთარგმნილს. მთარგმნელი
არის: კნეინა ა.მ. მელიქიშვილისა. გვიკვირს და გვიკვირს... და რომ გვიკვირს, ეს საკვირველი
არ არის?“ (აკაკი წერეთელი. „მცირე რამ შენიშვნა (ძველათ საქართველოში)“ „დროება“
1881 წელი, 16 ივნისი, #123). ალექსანდრა ორბელიანი ქართულ კულტურასაც მეცენატობდა.
ჟურნალ „კრებულის“ ერთ-ერთ სარედაქციო წერილში აკაკი წერდა: „როცა ზეპირსიტყვაობის პროგრამა გამოვაცხადე, ბევრმა სიხარულით მიიღო და თითო-ოროლა
გროში კიდეც შემოსწირეს შეძლების-და გვარად თანამგრძნობლებმა და მასთანვე ყოველწლიური
დახმარებაც იკისრეს, მაგრამ როცა შეუდექით საქმეს, თვალი აგვარიდეს და მიგვანებეს თავი.
მხოლოდ ერთმა, კნეინა ალექსანდრა მაკარის ასულმა მელიქოვისამ, რომელიც კალმითაც გვეხმარებოდა,
აღმოუჩინა ფულითაც ჩვენ ნაკისრავ საქმეს. მის მეტს არც კი გახსენებია ვისმე“. (ჟურნალი
„კრებული“, 1899 წლის #9, გვ.3).
[7] გიორგ კნ. - გიორგი იესეს ძე
ერისთავი (1769-1863). ცნობილი გენერალი, „სენატორად“ წოდებული, რუსეთის ომების აქტიური
მონაწილე, გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით. თავრიზის აღების შემდეგ მისცეს სენატორობა
საქართველოში ცხოვრების უფლებით, ცოლად ჰყავდა გიორგი XII-ის ასული გაიანე. დასაფლავებულია
იკორთაში. ელისაბედ ერისთავისთვის ის პაპის შანშეს ძმაა. მემუარისტი შეცდომით ასახელებს
ალექსანდრას გიორგი ერისთავის შვილად. ალექსანდრა ორბელიანი მისი შვილიშვილია, ქალიშვილის - ქეთევანის შვილი
(იხ. შენიშვნ 6).
[8]
ვანო – ივანე მელიქიშვილი (1843-1877),
მაიკო ორბელიანის და ლევან მელიქიშვილის შვილი უკანონო ქორწინებიდან. ცნობილია
1871 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი ბრძანებულება, რომლითაც შტაბს-კაპიტან ივან მელიქოვს
ნება დაერთო მიეღო თავისი აღმზრდელის, კავალერიის გენერალ, თავად ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის
გვარი და ტიტული, წოდებულიყო თავად მელიქოვად და შთამომავლობით ესარგებლა შესაბამისი
უფლებებით (С. Думин, П.Гребельский
.«Дворянские Роды Российской Империи». т. IV. С. Думин, Ю. Чиковани. «Князья
Царства Грузинского». Москва.
«Ликоминвест». 1998. ст. 176). ლევან მელიქიშვილს, როგორც ვხედავთ, უშვილებია
ივანე და გვარიც მიუცია. 1874-1876 წლებში ივანე მელიქიშვილი მაიორის ჩინით მოიხსენიება კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ
დავალებათა ოფიცრის თანამდებობაზე ქვეით ჯარში. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის
ომში. „მამაცობითა და ვაჟკაცური
შემართებით იგი დიდ იმედებს იძლეოდა, როგორც მომავალი მხედართმთავარი. 1877 წელს ივანე
უკვე პოდპოლკოვნიკის ჩინით ათასეულს მეთაურობდა. ივ. მელიქიშვილმა განსაკუთრებით ისახელა
თავი ყარსის იერიშის დროს, როცა მან თავისი ათასეულით აიღო სუვარის სიმაგრე. აღნიშნული
სიმაგრე ყველაზე მთავარი იყო ყარსის საერთო დაცვით ნაგებობათა კომპლექტში და მისი იერიშით
აღების გამო იმპერატორის ბრძანებით სუვარის სიმაგრეს ამიერიდან „თავად მელიქიშვილის
ფორტი“ ეწოდა“ (გ. ავალიანი. „რუსი
და ქართველი ხალხების საბრძოლო მეგობრობის ისტორიიდან“. „საბჭოთა საქართველო“. თბილისი.
გვ.125).
[9] ვანო – ივანე მელიქიშვილი (1855-?), ლევან მელიქიშვილისა და ალექსანდრა
ორბელიანის უფროსი ვაჟი. სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა და პაჟთა კორპუსის
უფროს კლასებში. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. მსახურობდა ერევნის
პოლკში შტაბს-კაპიტნად, კავკასიის პირველ ადგილობრივ მსროლელთა ბრიგადაში, კავკასიის სამხედრო ოლქის ქვეით ჯარში.
[10]
ივანე მელიქიშვილი დაჭრილა 1877 წლის 11 ივნისს, რასაც ვგებულობთ
გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი კორესპონდენციიდან:
„11 თიბათვეს, როდესაც ჩვენი ჯარი ციხის-ძირისკენ მიდიოდა, უეცრად ოსმალები დახვედრიათ
და შეტაკება მოსვლიათ. ამ ბრძოლაში ჩვენის მხრით დაუჭრიათ ფლიგელ-ადიუტანტი პოდპოლკოვნიკი
ტერიევი, სტრელკოვოი ბატალიონის მაიორი თ. მელიქოვი და პორუჩიკი პოპოვი...“
(გაზეთ „ივერიის“ 1877 წლის 16 ივნისის #16 „ომის ამბები“. გვ. 2).
[11] ივანე მელიქიშვილი გმირულად დაიღუპა ყარსის ძლევამოსილი იერიშის დროს
1877 წელს. ტალინში, ყაზანის ტაძარში დღემდე
შემონახულია რამდენიმე მემორიალური დაფა, რომლებზეც ჩაწერილია ნაპოლეონთან და რუსეთ-ოსმალეთის
ომებში დაღუპულთა სახელები. თეთრი ქვის დაფაზე ვკითხულობთ: „თავადი ივანე მელიქოვი, დაიჭრა 1877 წლის 5–6 ნოემბრის ღამეს ყარსის ციხესიმაგრის
იერიშის დროს და გარდაიცვალა ჭრილობებისაგან 1877 წლის 6 ნოემბერს“ (Леонид
Сурков. «Церковные колокола». ესტონური გაზეთი «Молодежь Эстонии», 1998 წლის 21 აპრილი,
http://www.moles.ee/98/Apr/21/5-3.html).
ივანე მელიქიშვილი დაკრძალულია მაშინდელი ერევნის გუბერნიის ქალაქ ალექსანდრეპოლის
(ამჟამად ქალაქი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი, სომხეთის რესპუბლიკა) ციხესიმაგრის წმინდა
მოწამე დედოფალ ალექსანდრას სახელობის ეკლესიაში.
ციხესიმაგრისა და ეკლესიის მშენებლობას სათავე დაუდო რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა 1837 წელს
კავკასიაში სტუმრობის დროს. ეკლესიას, რომლის კურთხევა მოხდა 1842 წელს, იმპერატორმა
სახელი თავისი უავგუსტოესი მეუღლის იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულის ზეციური
მფარველის პატივსაცემად უწოდა.
[12] ვანო - ივანე ელიზბარის ძე ერისთავი (1847-1918), ელისაბედ
ერისთავის ბიძა, „პოსრედნიკად“ წოდებული, პიესა „სამშობლოს“ ავტორის დავით ერისთავის
მეგობარი, დაქორწინებული იყო ოლღა ბუსლავსკაიაზე.
[13] სანდრო - ალექსანდრე ლევანის ძე მელიქიშვილი (1861-1882 წლის შემდეგ).
[14] გიორგი - გიორგი ლევანის ძე მელიქიშვილი (1858-1902). პოლკოვნიკი, დაამთავრა
თბილისის გიმნაზია და პაჟთა კორპუსი, მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის
ომში. ცოლად ჰყავდა მარიამ ერასტის ასული ჩოლოყაშვილი (1863-?)
[15] მიშა - მიხეილ ლევანის ძე მელიქიშვილი
(1856-1894). დაქორწინებული იყო ოლგა ალექსანდრეს ასულ ფრიდეზე (?-1908)
[16] კოლა - ნიკოლოზ ლევანის ძე მელიქიშვილი (1867-1924), გენერალ-მაიორი.
მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, იბრძოდა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი
რესპუბლიკის გადასარჩენად. 1921 წლიდან ემიგრაციაშია. დაქორწინებული იყო ნატალია ნიკოლოზის
ასულ არაპოვაზე (1875-1971), ნატალია გონჩაროვა-პუშკინა-ლანსკაიას შვილიშვილზე. მასთან
ჰყავდა ქალ-ვაჟი. 1910 წელს განქორწინდა და დაქორწინდა სოფიო ივანეს ასულ ამილახვარზე
(1885-1968), რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი.
[17] პეტო - პეტრე ლევანის ძე მელიქიშვილი (1862-1934), გენერალ-მაიორი,
გენერალი დავალებებისათვის ვარშავის გენერალ გუბერნატორთან, მრავალი ორდენის კავალერი,
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაქორწინებული იყო
ბარონესა ანა მაქსიმილიანის ასულ ფონ დერ ოსტენ-საკენზე (1970-1931), ბარონ მაქსიმილიან
ალექსანდრეს ძე ფონ დერ ოსტენ-საკენისა და სალომე დავითის ასულ ჭავჭავაძის ქალიშვილზე.
[18]
იგულისხმება თემირ-ხან-შურა -
ქალაქი დაღესტანში, მახაჩკალიდან 41 კილომეტრზე, დღევანდელი ბუინაკსკი.
გადმოცემის თანახმად მისი დაარსება და სახელწოდება (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს თემურ ლენგის ტბას) უკავშირდება თემურ-ლენგს,
რომლის ბანაკი განლაგებული იყო ამ ადგილთან. თემირ-ხან-შურა იყო კასპიის მხარეთა ჯარების
სარდლის სამყოფელი მთელი 60 წლის მანძილზე. 1834 წელს რუსებმა აქ ააგეს ციხესიმაგრე.
ლევან მელიქიშვილი 1858 წელს დაინიშნა დაღესტნის ხაზის უფროსად. 1859 წელს ღუნიბის
ბლოკადის და შამილის დატყვევების დროს იყო თავად ა.ი. ბარიატინსკის რაზმში, რის შემდეგაც 8 სექტემბერს გახდა გენერალ-ლეიტენანტი
და დაინიშნა კასპიის მხარის და დაღესტნის ჯარების დროებით მეთაურად.
[19] გაიანე –
ალექსანდრა მაკარის ასულ ორბელიანის დის ბარბალეს (ბაბოს) (1842-1913) და გენერალ-მაიორ,
1850 წლიდან ყაზიყუმუხის სახანოს მმართველის იოსებ დავითის ძე თარხან-მოურავის
(1819-1878) ასული, ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის (1854-1932) მეუღლე.
[20] იგულისხმება ქეთევან ერისთავი (1826-1906), შალვა ერისთავისა(1798-1849) და ეკატერინე ორბელიანის (1802-1877) ასული, ელიზბარ შანშეს ძე ერისთავის (1810-1872) მეუღლე და ელისაბედ ერისთავის დედა. ქეთევან ერისთავი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და ახლო მეგობარი, რომელსაც პოეტმა უძღვნა ლექსი „ქეთევან“.
[21] ლევან მელიქიშვილი 1880 წ. დაინიშნა მთავარმართებლის მოადგილედ და დიდი
მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის არყოფნის დროს ასრულებდა მის მოვალეობებს.
[22]
იგულისხმება სერგო ნიკოლოზის ძე მელიქიშვილი (1897-1979).
[23]
იგულისხმება ელენე ნიკოლოზის ასული მელიქიშვილი (1909-1978).
ნიკოლოზ მელიქიშვილს ჰყავდა მეორე ქალიშვილიც, ირინე (1896-1908), რომელიც ადრე გარდაიცვალა.
[24]
პეტრე მელიქიშვილს ჰყავდა ორი ვაჟი -
ლევანი (1893-1928) და მაქსიმილიანი (1894-1950).
[25] ლევან მელიქიშვილის ჰყავდა
ქალიშვილები - სოფიო (1859-1882 წლის შემდეგ),
ზაქარია გიორგის ძე ქსნის ერისთავის (1844-1912) მეუღლე, მარიამი (1869-1942), ივან
ფილიპოვიჩ-გუსტავოვიჩ ფონ კრუზენშტერნის (1861-1911) მეუღლე, ნინო (1871-1951), ფრეილინა,
კავალერიის გენერალ გიორგი ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის მეუღლე.
კომენტარებში გამოყენებულია გამოჩენილი ქართველი გენეალოგის,
აკადემიკოს იური ჩიქოვანის გენეალოგიური კვლევები.



No comments:
Post a Comment