ფრაგმენტი 1832
წლის შეთქმულების მეთაურის ელიზბარ
ერისთავის ქალიშვილის ელისაბედ (ლიზა) ერისთავის (1864-1949) ხელნაწერიდან: „ჩემი მოგონება. დედიჩემის ნაამბობი ბარათაშვილზე. ეე ერისთავი“. იგი წარმოადგენს ელისაბედ ერისთავის დედის, ქეთევან ერისთავის (1826-1906) მოგონებას, ქალიშვილის მიერ ჩაწერილს. ეს სწორედ ის ქეთევანია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და ახლო მეგობარი, რომელსაც პოეტმა უძღვნა ლექსი „ქეთევან“.
ხელნაწერი დაცულია საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში საინვენტარო ნომრით: სსლმ. 13208-ხ.
სრულად პუბლიკაცია იხ.: მ. ცერცვაძე. „ელისაბედ ერისთავის ერთი ხელნაწერი - „ჩვენი მშვენიერი უკვდავი ბარათაშვილი“. ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“, 2009 წლის ოქტომბერი, #10 (46). ფრაგმენტი ამ ხელნაწერიდან შევიტანეთ აგრეთვე ახლახან „არტანუჯის“ მიერ გამოცემულ წიგნში „ნიკოლოზ ბარათაშვილი. 100 ამბავი“ სერიიდან „თან საკითხავი“ https://bit.ly/3latHNU
მემუარისტის სტილი და ორთოგრაფია დაცულია.
![]() |
მაიკო ორბელიანი. მხატვარი გრ. გაგარინი |
„...დიდი ამბავია მთელ
ორბელიანთ აულში[1]. ყაფლანთან[2] შალვას[3] სახლობა ჩამოსულაო. ყველა ნათესავებთან ჩვეულებრივ მოკითხვის კაცმა ჩამოურბინა. ბევრი სიამოვნების და ნახვის შემდეგ დაიწყეს ვიზიტები და მახლობლების პატიჟი.
ერთ საღამოს ყაფლანიანთსა დიდი ლოტოობა არის. სასადილო ოთახში გაჭიმულია სტოლი და მთელი აულის დარბაისელი ქალები სხედან და ლოტოობა გაჩაღებულია. ყმაწვილი ქალები დიდ გასტინაში ხალიჩამოფენილში თამაშობენ და მხიარულობენ. ფანჯარა ღია არის. მშვენიერი მთვარიანე ღამეა. ქალები ძირს ხალიჩაზე სხედან. უცფათ ვიღაცა გადმოაგდებს ჯერ ქუდს, მერე ფერჩატკებს და ცხვირისსახოცს და მერე, რაც მოხდება: ყველანი წამოცვივდებიან და მხიარულათ მიეგებებიან ფანჯრიდამ გადმამხტარს ყნაწვილს. `ტატო მოვიდა, ტატო მოვიდა~ - ეს არის ჩვენი მშვენიერი უკვდავი ბარათაშვილი[4]. მგოსანს შემოჰყვება ერთი ყმაწვილი აფიცარი ლამაზი სახისა, თეთრწითელი, ლურჯთვალებიანი. მაიკოს[5] სევდიანი თვალები გაუბრწყინდება იმის დანახვაზე, მარამ მალე ისევ მოიწყენს. ლევან[6] ყველას რომ მიესალმება, ბოლოს მივა მაიკოსთანა და ეუბნება: „გამხიარულდი, ჩემო მაიკო, რა გაქვს სამწუხარო?“ „ლევან, გენაცვალე, როდის, როდის?“ „მალე, მაიკო, აბა, თუ გზა არ გავიკვლიეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ? აი, ეხლაც მგზავნიან დაღისტანში და რო დავბრუნდები, მაშინ. ეს მალე იქნება“. მაიკო მწუხარეთ ამოისუნთქამს და არარას ეტყვის...“
[1] ორბელიანთ აული _ ადგილი თბილისში, გარეთუბანში, მტკვრის პირას, სადაც ცხოვრობდნენ ორბელიანები.
[2] ყაფლან ორბელიანი _ ყაფლან ასლანის ძე ორბელიანი (1813-1878), ცნობილი თავადი, პოდპორუჩიკი, გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილი და მეგობარი, ნ. ბარათაშვილის პირადი წერილების ფიგურანტი და ლექსის „ღამე ყაბახზედ“ პერსონაჟი.
[3] შალვა – შალვა ერისთავი (1798-1849), რევაზ გიორგის ძე ერისთავისა (?-1826) და ანასტასია (1763-1838) ბატონიშვილის უფროსი ვაჟი, კოლეგიის მდივანი, შემდეგ ტიტულარული მრჩეველი. დაქოწინებული იყო ეკატერინე ასლანის ასულ ორბელიანზე (1802-1877). შალვა ერისთავი ელისაბედ ერისთავის პაპაა დედის მხრიდან. დაკრძალულია იკორთაში.
[4] იგულისხმება პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845).
[5] მაიკო _ მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული ორბელიანი (1816-1849), სილამაზით გამორჩეული ქალი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი (დედის ბიძაშვილის შვილი) და მეგობარი, მისი წერილების ადრესატი. დანიშნული იყო Lლევან მელიქიშვილზე, რომელთანაც შეეძინა შვილი ივანე (1843-1877). გარდაიცვალა ჭლექით.
[6] ლევან _ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი (1818-1892), რუსეთის არმიის
კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ნიკოლოზ
ბარათაშვილის მეგობარი და თანაგიმნაზიელი.


No comments:
Post a Comment