ლევან მელიქიშვილი
ლევან მელიქიშვილი ფიგურირებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ოთხ პირად წერილში. ესენია: 1. 1843 წლის 21 აგვისტოს წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი („ჩვენი ლევან“); 2. 1844 წლის 10 მაისის წერილი ზაქარია ორბელიანისადმი („ლევან“); 3. 1845 წლის 9 თებერვლის წერილი მაიკო ორბელიანისადმი („უფალმა ნაჩალნიკმა“); 4. [1845 წლის 20 თებერვლიდან 20 მარტამდე] წერილი მაიკო ორბელიანისადმი („ლევანიც“).
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით „მელიქიშვილის გვარი ორი იყო საქართველოში. ერთი საქართველოს სომხითის ხელისუფალის მელიქისაგან იყო წარმომდგარი. ამ გვარის წევრები თავადები იყვნენ. მეორე სამცხიდან იყო, ქართველი კათოლიკების გვარი იყო“ (თაყაიშვილი 1991: 7).
იოანე ბატონიშვილი ასე გადმოგვცემს პირველი გვარის მელიქიშვილთა
წინაპრების ისტორიას: „ესენი პირველ იყვნენ სომეხნი ლორის მელიქთა ნათესავთაგანი აზნაურნი
და ოდეს მოვიდა შააბაზ ყაენი ერევანს მხედრობითა დიდითა და მუნ იხილა მეფე გიორგი ქართველთა და ალექსანდრე მეფე კახთა და ბრძვეს ოსმალთა ერევანს
და აღიღეს ციხე ერევნისა და განდევნეს ოსმალნი. შემდგომად შააბაზმან გამოართო მეფეთა
ლორე თვისთა ხეობითა და დაადგინნა ხედრობანი თვისნი, მაშინ მუნებური მელიქი მივიდა
წინაშე შააბაზისა და მიიღო მამადიანობა, რომლისთვის ჯილდოდ შააბაზმა გაათავადა და მისცა
გვარად მელიქობაი და მამული ლორის ხეობასა შინა სახასოთაგან მეფისა წელსა ქრისტეს ასეთ
1601. და მუნიდგან იწოდებიან თავადად მელიქის შვილებად” (ბატონიშვილი 1997:
34)
მათი სამშობლო – სომხითი, ქვემო ქართლის უკიდურეს სამხრეთ
ნაწილში მდებარეობს. „სომხითი“ ქართულ ენაში თავდაპირველად ნიშნავდა ადგილს, სადაც
სომხები ცხოვრობენ, თუმცა ეს ტერმინი ხშირად იხმარება ქართლის სამეფოს ერთ-ერთ რეგიონთან
მიმართებაში, რომელიც XV-XIX საუკუნეებში ქვემო ქართლის ერთ-ერთ მხარეს შეადგენდა.
სომხითის მმართველი ოჯახის წევრები, რომლებიც მელიქის წოდებას ატარებდნენ, XVII საუკუნეში
მირიმანიძეებად იწოდებოდნენ. ისინი, მართალია, ეთნიკურად სომხები იყვნენ, მაგრამ ქართლის
სამეფო კარზე წარმოადგენდნენ ერთ-ერთ დიდებულ ოჯახს. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნში
XVIII საუკუნის დასაწყისში მირიმანიძეები დიდებულ თავადთა შორის არიან. რუსეთის
იმპერიამ სცნო ამ საგვარეულოს თავადური წარმომავლობა. ისინი მელიქიშვილებად იხსენიებიან.
რუსეთის არმიის
კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი ლევან
ივანეს ძე მელიქიშვილი (1817-1892) მელიქიშვილთა
ამ სომხური წარმომავლობის ქართული სათავადო სახლის წარმომადგენელია. იგი პრაპორშჩიკ
ივანე (ნინია) მელიქიშვილის (?-1830) და მართა (მაია) ამილბარის ასულ მაღალაშვილის
(1796-?) ვაჟია (Думин C... 1998: 174). ნ.
ბარათაშვილთან ერთად სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში და იყო მისი ახლო მეგობარი. მან
სამხედრო სამსახური დაიწყო პრაპორშჩიკის ჩინით 1835 წელს.
1837-1869 წლებში მონაწილეობდა ექსპედიციებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. 1844 წელს
მსახურობდა ნახჭევანის მაზრის უფროსად და მოადგილედ თან ჰყავდა წაყვანილი ნ. ბარათაშვილი.
1844 წელს მეთაურობდა
ცალკე ცხენოსან მილიციას. 1945 წელს დაინიშნა
იმერული მილიციის თბილისის ქვეითთა დრუჟინის მეთაურად. 1849 წელს სათავეში ჩაუდგა 1-ლ ქართულ ქვეითთა პოლკს. იმავე წელს
მიიღო გენერლის წოდება. 1854 წელს მისი
სარდლობით აიღეს ღუნიბის ციხე, რისთვისაც გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიეკუთვნა.
1863 წელს მიენიჭა
კავალერიის გენერლის წოდება. 1877 წელს დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსად და ოლქის ჯარების
სარდლად, 1880 წელს –
კავკასიის არმიის ჯარების მთავარსარდლის მოადგილედ და დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის
ძის არყოფნის დროს ასრულებდა მის მოვალეობებს. ამ თანამდებობაზე დაჰყო სიცოცხლის ბოლომდე.
1882 წლის 1 იანვარს დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. მიღებული ჰქონდა მრავალი სამთავრობო
ჯილდო. ლევან მელიქიშვილი გარდაიცვალა 1892 წლის 23 თებერვალს თბილისში. დაკრძალულია
მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაში.
რუსეთისათვის ლევან მელიქიშვილი კავკასიური ომების თვალსაჩინო
ფიგურა და „კავკასიის სკოლის ერთი უწარჩინებულესი გენერალია“, როგორც მას სამხედრო
ენციკლოპედიაში უწოდეს. მას მიიჩნევდნენ დახელოვნებულ დიპლომატადაც, რომელმაც ბევრი
გააკეთა მშვიდობიანი გზით ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რუსეთისადმი დამორჩილებისათვის.
„თავადმა ბარიატინსკიმ გენერალ მელიქიშვილში დაინახა ისეთი პიროვნება, რომელიც პირველ
რიგში შეეცდება მშვიდობიანი გზით წესრიგის დამყარებას და გენერალი მელიქიშვილი მთავარსარდლის
იდეით თავს არიდებდა სისხლის ღვრას, სადაც იყო ამისი საშუალება, ზოგავდა ჯარისკაცის
სისხლს“ (журнал «Кавказский
сборник» 1880: 289).
გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 28 თებერვლის #44-ში დაბეჭდილია
ლევან მელიქიშვილის დაკრძალვის ცერემონიალის ამსახველი ვრცელი რეპორტაჟი. იგი თვალსაჩინოდ
წარმოაჩენს იმ უდიდეს პატივს, რასაც მას რუსეთის იმპერია მიაგებდა:
„გუშინ, 27 თებერვალს, დაასაფლავეს განსვენებული სახელმწიფოს საბჭოს წევრი, გენერალ-ადიუტანტი თავ. ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი. ჯერ გუშინ-წინვე, 26 თებერვალს, საღამოზედ განსვენებულის სადგომში თავი მოიყარეს დეპუტაციებმა და დაფნის გვირგვინით შეამკეს კუბო: ტფილისის თავად-აზნაურობისამ, ქ. ტფილისისამ, ქ. ქუთაისისამ, ქ. ბაქოსამ, დაღისტნისამ, გორისამ, თემირ-ხან-შურისამ და სხ. განსვენებულის მეუღლეს მიუსამძიმრეს თ. არსენ ბებუთაშვილმა თემირ-ხან-შურის თანამოსამსახურეთაგან, ტფილისის გუბერნიის თავად აზნაურის წინამძღოლმა, ტფილისის ქალაქის თავმა, ბაქოსა, ქუთაისისა, გორისა და სხ. ქალაქის წარმომადგენელთ. ჭირისუფალი, განსვენებულის ქვრივი, კნ. ალექსანდრა მაკარის ასული, სულ ყველას პასუხს აძლევდა. მეორე დღეს დილის რვა საათზედვე დაიწყეს თავის მოყრა ნათესავებმა და ნაცნობებმა. 9 საათზედ მობრძანდა დიდი მთავარი ნიკოლოოზ მიხეილის ძე, სამღვდელოება, მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობა საქართველოს ექსარხოსი პალლადი, ეპისკოპოსები ალექსანდრე და ბესარიონი. იქვე გადაიხადეს პანაშვიდი და შემდეგ პროცესია დაიძრა. კუბო სახლითგან ხელით მიჰქონდათ. ერთს მხარეს კუბო თვით დიდს მთავარს ეჭირა. პროცესია სწორედ იმ წესით მოდიოდა, როგორც ჩვენა გვქონდა გუშინწინვე გაზეთში გაცხადებული. დიდ-ძალი ხალხი დაესწრო დასაფლავებას, ასე რომ პროცესია თითქმის ვერს ნახევარზედ იყო გაჭიმული. წინ მიდიოდნენ ჟანდარმები, მერე ამქარი ოც-და-ექვის დროშით და სამღვდელოება და მათ უკან განსვენებულის პატივსაცემლად მოსულნი სომეხთა სამღვდლოებანი არქიმანდრიტი ამზასპი და სამი წევრი კონსისტორიისა. მას გარდა ქვაშუეთის ეკკლესიაშივე დახვდნენ შიიტისა და სუნიტის მოძღვრების სამღვდელოება. სამღვდელოების შემდეგ ცხედარი მოსდევდა და უკან მოჰყვებოდნენ განსვენებულის ქალიშვილნი, ვაჟიშვილნი, რძალი და ნათესავები. შემდეგ ამფოანი მოდიოდა, გვირგვინებით შემკული. ამფოანს განსვენებულის ცხენი მოსდევდა, სამგლოვიარო ყაჯარ-გადაფარებული. სულ გვირგვინი ოც-და-ხუთამდე იყო, მათ შორის ორი ვერცხლისა, ქ. ტფილისისა და ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთაგან, და ორიც მძივისა, იმერეთის თავად-აზნაურთაგან და ბაქოს ქალაქისაგან. მოვიხსენიებთ ზოგიერთს, უფრო შესანიშნავს გვირგვინებს: „ღირსეულს უფროსს დაღესტნელ ხელქვეითთაგან“. „სახელი თქვენი არ მოკვდება, ვიდრე ცოცხალია კუმუხის ერი“. „წერა-კითხვის საზოგადოებისაგან“. „ებრაელთა საზოგადოებისაგან კაცთ-მოყვარე თ. ლ. ი. მელიქიშვილს“. „დაუვიწყარს უფროსსა და მასწავლებელს ი.ს. ჭავჭავაძისაგან“. „დაუვიწყარს თ. მელიქიშვილს. დიმიტრი სიმონის ძეს სტაროსელსკის ქვრივისა და შვილებისაგან“. „კავკასიის საიმპერატორო საგეოგრაფიო საზოგადოებისაგან. უხუცეს წევრს 1860 წლიდგან და თავჯდომარეს 1880-83 წწ. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი“. ეკლესიაში წირვა გადაუხადეს და ანდერძი აუგეს ექსარხოსმა და ეპისკოპოსებმა. სამღვდელოებისაგან სულ დაესწრო. ამათ გარდა, კიდევ ოთხი არხიმანდრიტი და ოც-და-ხუთამდე მღვდელი. ჰგალობდა ორი ხორო - ხორო ექსარხოსისა და სასახლისა. ორი ხორო სამხედრო მუსიკა უკრავდა. დასაფლავებას დაესწრნენ დიდი მთავარი, მთავარ-მართებლის თანაშემწე გენ. ტატიშჩევი, გუბერნატორი და მთელი გენერალიტეტი. თვით მთავარ-მმართებელი გენერალ ადიუტანტი ს.ა. შერემეტოვი ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო.
საათის ორის ნახევარზედ პროცესია გაემგზავრა მამა-დავითის ეკკლესიისაკენ, სადაც უნდა მიებარებინათ მიწისათვის განსვენებულის გვამი. სასახლის წინ გამწკრივებულნი იდგნენ კლასიკურ გიმნაზიის მოწაფენი თოფებითა და მუსიკის ხოროთი. გიმნაზიის მუსიკის ხორომ სამგლოვიარო მარში დაუკრა. ასევე იდგნენ გამწკრივებულნი ლაბორატორიის ქუჩაზედ სათავადაზნაურო სასწავლებლის მოწაფენი თოფებით. განსვენებულს სასახლის ქუჩაზედ „შეგვიწყალენი“ უთხრეს და ექსარხოსი საქართვლოსი აღარ გაჰყოლია. დანარჩენნი ყველანი ჯარითურთ უკან გაჰყვნენ. ასე იარეს მამა-დავითის ეკკლესიამდე. მთელი ქუჩები, ბალკონები, ფანჯრები და მთაწმინდის გორა ხალხით სავსე იყო. პროცესიამ მიაღწია მამა-დავითის ეკკლესიას. სამარე ეკკლესიაშივე იყო გათხრილი. ეპისკოპოსმა გორისამ ალექსანდრემ აქ მცირე სიტყვა უთხრა განსვენებულს, მოიხსენია მისნი მამაცობანი და დასასრულ თქვა: „საქებურ-სადიდებელი და პატივ-საცემი კაცი იყავ, მაგრამ უფრო მეტად სადიდებელი იქნებოდი, ეკკლესიისა და მონასტრებისათვისაც რომ მიგეხედნა და ამათთვისაც გეწყალობებინა რამე, ისე, როგორც სომეხთა შეძლებულნი კაცნი სჩადიანო“. ჩაუშვეს განსვენებულის გვამი საფლავში და ჯარმა სამჯერ ზედიზედ დასცალა თოფები და ამავე დროს არსენალის მთაზედ ზარბაზნები გაისროლეს. სამ საათზედ ხალხი დაიშალა. ფიზიკოსმა კრუზემ ათამდე სურათი გადაიღო პროცესიისა და განზრახვა აქვს თავის 2 მარტის წარმოდგენაზედ აჩვენოს საზოგადოებას.
გუშინ დილით იმერეთის თავადაზნაურობის დეპუტაციამ მიუსამძიმრა განსვენებულის გენერალ-ადიუტანტის ქვრივს და განსვენებულის კუბო მშვენიერის მძივის გვირგვინით შეამკო“.
ლევან მელიქიშვილის სახელი გვხვდება ა. წერეთლის პოემაშიც „ვარანცოვი“: „ვნახე: გრიგოლ, პლატონი, / გლუხარიჩი, ლევანი / და სხვანი. გავამჟღავნეთ/ ჩვენ ჩვენი გულისთქმანი“ (წერეთელი 2014: 303).
საკმაოდ მკაცრია ლევან მელიქიშვილის შეფასებაში იაკობ
მანსვეტაშვილი. მისი გიმნაზიელი მეგობრის ლუკა ისარლიშვილის (1817-1893) ცენზორად დანიშვნასთან
დაკავშირებით მწერალი წერდა: „რომელ არხივში გამონახეს და გამოამზევეს ეს არაკაცი,
არ ვიცი. ის კი ყველამ ვიცოდით, რომ ეს წყალობა მოიღო და ამით ქართული მწერლობა გააბედნიერა
ლევან მელიქიშვილმა, იმ დროს მთავარმართებლის თანაშემწემ და წინად დაღესტნის ბატონ-პატრონმა,
ე. ი. გენერალ-გუბერნტორმა: ამბობდნენ, ვითომ ლუკა ისარლოვიც იქ, დაღესტანში, პოლიციის
რაღაც დაბალ მოხელედ ყოფილიყოს, და აი, ჩვენმა წარჩინებულმა თავადმა, ღენერალმა ლ.
მელიქოვმა ამაზე უკეთესი არა გამოიმეტა რა ქართველებისათვის. მაგრამ ან კი რა მოეთხოვება
გადაგვარებულ დიდ მოხელეს: კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“ (მანსვეტაშვილი
1936: 88–89). „გარდაიცვალა დიდი თავადი ლევან მელიქიშვილი, კავკასიაში ხელმწიფის მოადგილის
თანაშემწე ... დასაფლავების წესი, რასაკვირველია დიდის ზარით და ზეიმით იყო გადახდილი.
ქება-დიდებას უხვად უძღვნიდნენ, საკმეველს უკმევდნენ მის დიდსულოვნებას, მის დიდ ჭკუას.
გამოვიდა ბოლოს ეპისკოპოსი ალექსანდრე. კაცი მართალი, პირში მთქმელი, მოურიდებელი და
ასეთი სიტყვით მიჰმართა მიცვალებულს, რასაკვირველია, ცოცხლების გასაგონად: დიდი გვარის
კაცი იყავ, სამსახურშიაც დიდ წარჩინებას მიაღწიე, მდიდრულად ფუფუნებაში სცხოვრობდი,
შენს ოჯახს არას აკლებდი, მხოლოდ რა მიგაქვს თან? რა სიკეთე დასთესე ამ ქვეყნად, რა
შესძინე შენს სამშობლოს, საქართველოს? დიდი სიმდიდრე გქონდა შეძენილი და ფიქრადაც არ
მოგივიდა, რომ ამ სიმდიდრისაგან ცოტაოდენი წვლილი მაინც გამოგეღო შენს გაჭირვებულ,
ღატაკ სამშობლოსათვის, ქველმოქმედობის სახელი გამოგეჩინა და კიდევ ამისთანა მართალი
და მწარე სიტყვები უძღვნა მიცვალებულს“ (მანსვეტაშვილი 1936: 112).
ლევან მელიქიშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან,
გრიგოლ ორბელიანთან, კონსტანტინე მამაცაშვილთან, დიმიტრი ყიფიანთან, მიხეილ თუმანიშვილთან
და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან.
კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონებებში ლევან მელიქიშვილი
წარმოდგენილია საქართველოს წარსულსა და აწმყოზე მოფიქრალ, მოაზროვნე პატრიოტ ახალგაზრდათა
წრის წევრად (მამაცაშვილი 2005: 214). იგი იხსენიება ქართველი ინტელიგენციის მცირე
ჯგუფში, რომელმაც დიმიტრი ყიფიანის მეთაურობით მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში კერძო
ბიბლიოთეკა დააარსა. ბიბლიოთეკისთვის თითოეულ დამაარსებელს 30 მანეთი ვერცხლით უნდა
შეეწირა. თბილისის გიმნაზიის რუსული ლიტერატურული ჟურნალის «Цветок Тифлисской
Гимназии» მეოთხე ნომერში დაბეჭდილია ლევან მელიქიშვილის „წერილები საქართველოდან“. იგი იყო ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
ლევან მელიქიშვილს დიდი სიყვარული აკავშირებდა გრ. ორბელიანთან,
რომელიც პირად წერილებში მისთვის არ იშურებს ალერსსა და საქებარ ეპითეტებს. „ლევან
კარგად და კარგად ჩამიპროშტე“ (ორბელიანი 1936: 63-64); „ლევან უცხოდ დაშვენდებოდა
სულაღის პირებზე“ (ორბელიანი 1936: 95); „ჩემო საყვარელო ლევან! დღეს ძლივს მოვაღწიე
სოფელს ოღლის. გაციებულ-დათოვლილი, მოკანკალ-მობუზვილი. შენ მანდა გწუავს ზაქათალის
მზე, მე აქა სიცივით ვიყინები. მახლაზ, აზია! რა დროს თოვლია, 27 აგვისტოსა?–.... შენი და და პატარა ცოლი სიყუარულით მომიკითხე“ (ორბელიანი
1937: 137).
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლევან მელიქიშვილის
მეგობრობა ნ. ბარათაშვილთან. „ჩვენი ლევან“
- ასე თბილად
მოიხსენიებს ძმასავით თანშეზრდილ გიმნაზიელ მეგობარსა და თავისი დობილის მაიკო ორბელიანის
სატრფოს პოეტი.
1845
წლის ნოემბერში მოქმედი ჯარიდან თბილისს დაბრუნებული ლევან მელიქიშვილი და მიხეილ თუმანიშვილი
განჯას გაემგზავრნენ, რათა ადგილობრივ გაეგოთ მეგობრის სიკვდილის დაწვრილებითი ამბავი
და ენახათ მისი საფლავი. მან ცხარე ცრემლით დაიტირა ის გრიგოლ ორბელიანთან მიწერილ
1846 წლის 19 იანვრის წერილში:
«Любезный Григорiй, какъ описатъ тебе то ужасное чувство, которымъ исполнено сердце мое смертიю беднаго Баратова. В немъ потерялъ я не одного школьнаго товарища, но друга,
которому съ самого детства открывалъ я все изгибы сердца своего и дружественною
взаимностью котораго я пользовался. Тяжело, мой
Григорiй, тяжело потерятъ человека, который теплымъ сердцемъ и теплою душею мирилъ насъ
съ людьми, съ этими созданиями ничтожными, слабыми, черными и злобными. Тяжело
осиротеть душою! И не одинъ я понесъ эту ужасную потерю, Грузия потеряла въ
немъ человека любящаго ее всею поетическую душою и ставившаго эту любовъ выше
всехъ обязанностей своихь; молодаго человека съ прекрасными и блестящими способностями,
отъ котораго ожидала более, чем от кого либо изъ нынешныхъ своихъ молодихъ
сыновъ. Родители лишились въ немъ единственной подмоги своей старости и всего
ихъ семейства, родственники его, добраго родственника; грузины однаго изъ
своихъ лучшихъ соотечественниковъ.
Может
быть я грешу, но не могу не сказать, где эта справидливость свыше, о которой
ежедневно толкуютъ, - зачемъ было отнимать преждевременно у людей друга, _ у
родины вернаго и любящаго ее сына и съ блестящими способностями, у родителей _
сына въ цветущихъ летахъ и последную подпору, - скажи же
мне, где тутъ видна справедливость?» (მეუნარგია 2010: 343-344).
ლევან მელიქიშვილი ეცადა თავი მოეყარა ნ. ბარათაშვილის ლექსებისათვის. „ილიკო, აქაც გთხოვე და კიდევაც გთხოვ, საწყალი ტატოს ლექსები რომ გაქვს მანანას ქალისაგან წაღებული, გამომიგზავნე, რჩება დაუბეჭდველი და ბედი ქართლისაც შენ გაქვს. ფულებს კი აღარ ვგონებ, ეგენი მაინც გამომიგზავნე“ - სწერდა ის ილია ორბელიანს 1846 წლის 27 ივლისს განჯაში. გრ. ორბელიანსაც ასევე სთხოვდა გაეგზავნა მისთვის, რაც კი ლექსები ჰქონდა ბარათაშვილისა და დაეწერა არა მარტო წინასიტყვაობა თხზულებათა კრებულისათვის, არამედ ეპიტაფიაც ძეგლისათვის (ხელთუბნელი 1940:
378).
ლევან მელიქიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოეტის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებში ფულის შეგროვებაში, რომლითაც ვარაუდობდა ნ. ბარათაშვილის ლექსების გამოცემას და მის საფლავზე ეპიტაფიის გაკეთებას.
ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია იონა მეუნარგიას ჩანაწერი ლევან მელიქიშვილის ნაამბობისა, რომელიც ბარათაშვილისა და მისი ბიძის – ილია ორბელიანის დუელის აღწერას შეიცავს.
როგორც ვხედავთ, „მამათა“ თაობის წარმომადგენლები და ახლო მეგობრები ერთხმად მიუთითებენ ლევან მელიქიშვილის გულისხმიერებაზე, პიროვნულ მომხიბვლელობასა და სხვა საუკეთესო თვისებებზე. ასევე ახასიათებს მას ელისაბედ ელიზბარის ასული ერისთავიც (1864-1949) თავის ხელნაწერ მოგონებაში, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ვუძღვენით პუბლიკაცია
(ცერცვაძე 2011:23-49).
ფრაგმენტი წიგნიდან:
მაია ცერცვაძე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით (ახალი ასპექტები, კვლევა, ანალიზი). გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019


No comments:
Post a Comment